სხდომა ხვალ, 18:00 საათზე განახლდება. როგორც ცსკოს თავმჯდომარემ, ზურა ხარატიშვილმა განაცხადა, ეს საკითხი საჭიროებს დამატებით დამუშავებას.
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, იმ პროექტის მიღება, რომელსაც ამ წუთებში აპირებს ცსკო, იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს არჩევნების გაშუქების უფლება ერთმევათ. „ცესკოს „რეგიონული მედიის ასოციაცასთან“ გაფორმებული აქვს მემორანდუმი, რომ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ გადაწყვეტდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვა არჩევნების დღეს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ამ საკითხს, სასწრაფო წესით იხილავენ. ამიტომ, გამოდის, რომ ეს მემორანდუმი ფიქციაა და მეტი არაფერი. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დარჩება ძალაში, აღმოჩნდება, რომ ცესკო არის მხარე, იმიტომ რომ ის მხოლოდ ერთი პარტიისთვის იმუშავებს“ _ აცხადებს ია მამალაძე.
პროექტის მიხედვით, საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, ასევე, ჟურნალისტებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ ფოტო და ვიდეო გადაღება. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია გასცეს ნება, რომ გადაღება მოხდეს დღის განმავლობაში ერთჯერადად, მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში.