თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ლონდარიძე, რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილი და თადარიგის ორი ოფიცერი _ სერგო თეთრაძე და სერგეი ჩაპლიგინი. ოთხივე მათგანი სამხედრო პოლიციაში აწამეს. ორმა თავის მოკვლა სცადა, სერგო თეთრაძე წამების დროს შემოაკვდათ, დავით ლონდარიძეს კი ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა და დღეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
“გურია ნიუსმა” “ჯაშუშების საქმეს”, რომელსაც დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს, ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა, თუმცა, იმ დროისთვის ერთ-ერთ დაკავებულზე _ სერგეი ჩაპლიგინზე მწირი ინფორმაცია გვქონდა.
“გურია ნიუსი” ჩაპლიგინის ადვოკატს ლაშა გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც გვითხრა, რომ თადარიგში მყოფი ოფიცერი ცემით და მუქარით აიძულეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ეღიარებინა.
60 წლის სერგეი ჩაპლიგინი დაკავებამდე თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებაში ცხოვრობდა. 1990-იან წლებამდე ის თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო სასწავლებელში ეწ “ტაუ”-ში კურსანტებს ასწავლიდა, შემდეგ კი მუშაობა სამოქალაქო სექტორში განაგრძო. 2000 წლიდან, რუსეთის მთავრობამ სამხედრო მოსამსახურეებს 300 დოლარიანი პენსია დაუნიშნა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე სერგეი ჩაპლიგინს საპენსიო ასაკამდე რამდენიმე წელი აკლდებოდა. ასაკის გამო მას ქართულ ჯარში არავინ დააბრუნებდა, ამიტომაც მან სამუშაოდ რუსეთში წასვლა გადაწყვიტა.
ჩაპლიგინი ახალგაზრდობაში ჩეხეთის ჯარში მსახურობდა და სამხედრო წრეში ნაცნობები ჰყავდა. ის როსტოვში ოფიცერთა სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად მოეწყო და ახალგაზრდებს პლაკატებისა და სცენის დეკორაციების ხატვას ასწავლიდა. როდესაც საჭირო წლები დააგროვა, ჩაპლიგინი საქართველოში დაბრუნდა, სადაც ცოლი და ერთადერთი ქალიშვილი ელოდა.
საქართველოში ჩაპლიგინმა რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, ბოლოს ერთ-ერთ კოლეჯში მომმარაგებლად დაიწყო მუშაობა.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, სერგეი ჩაპლიგინს ბელორუსიიდან ძველმა კურსანტმა ვიქტორ ტომაშუკმა დაურეკა, რომელიც საქართველოში ცოლთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას და მისი ნახვაც სურდა. ტომაშუკის თქმით, საქართველოში მისთვის მის კურსელს დავით ლონდარიძეს უნდა ემასპინძლა.
2011 წლის 12 სექტემბერს ტომაშუკმა ჩაპლიგინს დაურეკა და უთხრა, რომ ლონდარიძეს ვერ შეხვდა და დახმარება სთხოვა. ტომაშუკები ჩაპლიგინის სახლში ტაქსით მივიდნენ, სადაც მათ მასპინძელმა სუფრა გაუშალა. საღამოს სერგეი ჩაპლიგინმა მეზობელ ტაქსისტს სტუმრების სახლამდე მიყვანა სთხოვა.
მეორე დღეს, ჩაპლიგინს დავით ლონდარიძემ დაურეკა, რომელსაც ჩაპლიგინის ნომერი, სავარაუდოდ, ტომაშუკებმა მისცეს. ლონდარიძე და ჩაპლიგინი ერთმანეთს საარტილერიო სასწავლებლიდან იცნობდნენ, რაც შეეხება თეთრაძეს და გორელაშვილს, მათი გვარები ჩაპლიგინმა დაკავების შემდეგ გაიგო.
ჩაპლიგინი 17 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს, გაჩხრიკეს მისი ბინაც და ამოიღეს რაღაც ჩიპი, რომელიც შემდეგში საქმეს ნივთმტკიცებად დაერთო.
”შესვლისთანავე ჩაპლიგინს კომპიუტერი მოსთხოვეს, სერგეიმ უთხრა რომ კომპიუტერი არ ჰქონდათ და სამართალდამცავებს შვილიშვილების კუთვნილი ”ფლეისთეიშენი” გაუტანა. ჩაპლიგინმა შეამჩნია, ერთ -ერთი პოლიციელი, რომელიც ხელში ატრიალებდა წითელი ფერის მეხსიერების ბარათს, როგორ ცდილობდა მის ჩაგდებას საყვავილეში. ეს მახსოვრობის ბარათი მართლაც ჩააგდეს საყვავილეში, შემდეგ უკან ამოიღეს და როგორც მტკიცებულება, თან წაიღეს. გაყოლა მოსთხოვეს ჩაპლიგინსაც,” _ აცხადებს ლაშა გოგიჩაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში.
დაკავებული ჩაპლიგინი თავდაცვის სამინისტროსთან მიიყვანეს და მოულოდნელად თავზე რბილი ღრუბლისაგან შეკერილი ქუდი ჩამოამხეს. ჩაპლიგინი ვერაფერს ხედავდა მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ძველი ყაზარმის შენობაში შეიყვანეს, რომელიც იმ დროისთვის სამინისტროს კორპუსად იყო გადაკეთებული.
”შემდეგ მოხსნეს ქუდი და აიყვანეს ზემოთ ერთ-ერთ ოთაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ხელით ჰყავდათ მიბმული. ამის შემდეგ მასთან გამომძიებელი მამუკა შედის და ის, სავარაუდოდ, მეორე სართულზე ჩაჰყავთ. ოთახში, სადაც ჩაპლიგინი შეიყვანეს, მაგიდასთან იჯდა თავდაცვის მინისტრი ახალაია და რამდენიმე პიროვნება. ბაჩო ახალაიამ მას ჯერ ვინაობა ჰკითხა.
_ რა ჩაიდინე? რა დააშავე? ჰკითხა მინისტრმა.
_ უდანაშაულო ვარ, _ უპასუხა ჩაპლიგინმა.
მინისტრს ამაზე გასცინებია. მერე კი უთქვამს, უდანაშაულო კი არა, მოღალატე და ჯაშუში ხარ _ საქართველოს ჯარის შესახებ რუსებს აწვდიდი ინფორმაციასო.
_ სად “დაგავერბოვკეს”? _ ჰკითხა ახალაიამ.
ჩაპლიგინმა “დავერბოვკებაც” უარყო და შეეცადა მინისტრისთვის აეხსნა, რომ, მართალია, რამდენიმე ქვეყნის ჯარში უმსახურია, მაგრამ სამხედროა და უშიშროებასთან არასოდეს უთანამშრომლია.
_ კარგად დაფიქრდი, რას ამბობ. ცოლი გყავს და შვილი, შვილიშვილები. სიძე პატიმარია და მის მდგომარეობაზეც დაფიქრდი, _ ურჩია ახალაიამ ჩაპლიგინს.
_ მზად ვარ თქვენს ყველა შეკითხვას ვუპასუხო და დავამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ, _ განაცხადა დაკავებულმა.
ამის მერე ოთახში მყოფებმა მას ლანძღვა დაუწყეს. ახალაიმ მათ ჩაპლიგინის გაყვანის მითითება მისცა.
სერგეი ჩაპლიგინს ორი გამომძიებელი და რამდენიმე ზონდერი ჰკითხავდა. ”გამომძიებელი მამუკა” ცემის დროს გარეთ გადიოდა, ხოლო მეორე გამომძიებელი, ”გიორგი გურამოვიჩი”, თვალებზე ხელებს იფარებდა, ვითომ მე არაფერი დამინახავსო.
ჩაპლიგინს უთხრეს, რომ 2001-2004 წლებში მას, ლონდარიძესთან ერთად, ჯაშუშობა უნდა ეღიარებინა _ თითქოს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ლონდარიძე მას ქართულ ჯარში არსებული დისციპლინის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, რომელიც ჩაპლიგინს ვაკეში, რუსეთის საელჩოსთან მიჰქონდა და ერთ კონკრეტულ ურნაში აგდებდა.
ჩაპლიგინმა გამომძიებლებს შეახსენა რომ 2001-2003 რუსეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მას ცემა დაუწყეს.
ჩაპლიგინმა მიამბო, რომ მას სპეციალური რბილი ხელთათმანით სცემდნენ, რომელიც სხეულზე ცემის კვალს არ ტოვებს. ისინი ურტყამდნენ თავში, სახეში, აუკრძალეს გამომძიებლისთვის თვალებში შეხედვა და თავის ზევით აწევა. ცოტა ხანში კი ჩაპლიგინმა ქალის და კაცის განწირული ყვირილი გაიგონა,” _ იხსენებს ადვოკატი ლაშა გოგიჩაიშვილი.
როგორც გაირკვა, გვერდით ოთახში ტომაშუკებს აწამებდნენ. ჩაპლიგინი იხსენებს, რომ მათი წამება კარგა ხანს გაგრძელდა. მას განსაკუთრებით დაამახსოვრდა ქალი კივილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ქმრის თვალწინ აუპატიურებდნენ. ბელორუსიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარ ტომაშუკების დაკავებას დავით ლონდარიძეც ადასტურებს.
ამ დროს ”გამომძიებელი მამუკა” ჩაპლიგინს, რომელიც აღიარებაზე კვლავ უარს ამბობდა, ცოლ-შვილის დაპატიმრებით დაემუქრა.
”ხომ გესმის, გვერდით ოთხში რაც ხდება? ზუსტად 15 წუთში აქ მოვიყვანთ შენს ცოლს და ერთადერთ ქალიშვილს და მათ კივილს მოგასმენინებთო. სერგეის უთქვამს, ცოლს აქამდე ვერ მოიყვანთ, გზაში მოგიკვდებათ, მაგრამ ჩემს გოგოსაც თუ დაიჭერთ, იმ საცოდავ ბავშვებს ვის იმედად ტოვებთო?
ბავშვებს ბავშვთა სახლში ჩავაბარებთ, ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემააო, უთხრეს ჩაპლიგინს და კიდევ ერთხელ ურჩიეს ჯაშუშობის აღიარება,” _ აცხადებს ჩაპლიგინის ადვოკატი.
ამის შემდეგ სერგეი ჩაპლიგინი აღიარებითი ჩვენების დაწერას დასთანხმდა. ის დავით ლონდარიძესან შეიყვანეს, რომელსაც ამ მომენტში არაადამიანური სახე ჰქონდა. ლონდარიძემ აღიარებითი ჩვენების წერა დაიწყო. 2001 წელი 2003 წლით შეაცვლევინეს. ჩვენების დაწერის შემდეგ ჩაპლიგინი ბაჩო ახალაიას კაბინეტში დააბრუნეს
_ ხომ გითხარი, რომ დამნაშავე ხარ, გითხარი, რომ კვალიფიციური გამომძიებლები გვყავს, მაგრამ არ დაგვიჯერე, _ უთქვამს მინისტრ ა ახალაიას ჩაპლიგინისთვის და სასჯელის შემსუბუქებას არა მარტო მას, არამედ მის სიძესაც დაპირებია.
სერგეი ჩაპლიგინის სიძე _ ნიკოლოზ ბაქარაშვილი, კუდ-მა კავკასიის აკადემიური ცენტრის კიდევ ერთ დამფუძნებელ დავით ცეცხლაძესთან ერთად, გასული წლის ივლისში დააკავა. მათ განათლების მინისტრ შაშკინის და მისი მოადგილის მოსყიდვის მცდელობაში დასდეს ბრალი. ერთი თვის წინ კი გაირკვა ბაქარაშვილს და ცეცხლაძეს ზემოხსენებული ჩინოვნიკები აქეთ სძალავდნენ 50 ათას დოლარს ინგლისური ენის წიგნზე გრიფის მიცემის სანაცვლოდ.
აღიარების შემდეგ დაკავებულ ”ჯაშუშებს” წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სერგო თეთრაძე და გორელაშვილი ჩაპლიგინმა პირველად სასამართლოში ნახა.
ჩაპლიგინებმა დახმარება ადვოკატ ლაშა გოგიჩაიშვილს სთხოვეს, რომელსაც ნიკოლოზ ბაქარაშვილის საქმიდან იცნობდნენ. ოჯახი 9 დღე სხვადასხვა ციხეებსა და იზოლატორებში ეძებდა დაკავებულს, თუმცა, უშედეგოდ. ადვოკატმა გოგიჩაიშვილმა ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში აღმოაჩინა, გასაუბრების შემდეგ კი მის უდანაშაულობაში დარწმუნდა.
მეორე დღეს ადვოკატი პატიმართან აღარ შეუშვეს. უთხრეს, რომ პატიმარმა მას აცილება მისცა და ახლა მის ინტერესებს სხვა ადვოკატი დაიცავს.
ადვოკატმა გოგიჩაიშვილმა საქმეში გარკვევა სცადა, რის შემდეგაც მათ კონტრდაზვერვის სამსახურიდან დაუკავშირდნენ და საქმიდან ჩამოშორება ურჩიეს, ქვეყანას ასე სჭირდებაო: _ ჩვენ დავიცავთ, რომ არ დაისაჯოს და არ დაიჩაგროსო. მითხრეს, რომ მას 6 წელს მივცემთ და 3 წელიწადში გამოვაო, _ იხსენებს ადვოკატი გოგიჩაიშვილი.
ბაჩო ახალაიამ პირობა ბოლომდე ვერ შეასრულა _ მართალია ჩაპლიგინს შედარებით მსუბუქი სასჯელი ერგო, მაგრამ მის სიძეს 200 ათასი დოლარი გადაახდევინეს, 1 წელი ციხეში ამყოფეს, ლიცენზია ჩამოართვეს და ციხიდან პირობითი სასჯელით გამოუშვეს.
რამდენიმე თვის შემდეგ, ჩაპლიგინების ოჯახში ტომაშუკებმა დარეკეს და ბოდიში მოიხადეს, უსიამოვნება მოგაყენეთ და გვაპატიეთო. ტომაშუკების გამასპინძლება ძვირად დაუჯდათ გორელაშვილებსაც _ რადიომოყვარული გორელაშვილი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაუკავშირეს “ჯაშუშთა საქმეს:.
ამ დროისთვის, ადვოკატმა გოგიჩაიშვილმა განცხადებით უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას და იმ ადამიანების დასჯა მოითხოვა, რომლებიც ჩაპლიგინის ცემასა და უკანონო დაკავებაში მონაწილეობდნენ. ეს საქმე ანტიკორუფციულ განყოფილებას დაეწერა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ძველი პროკურორი რეზო ზარანდია ჩაუდგა სათავეში.
”ამ განცხადების შემდეგ გამომძიებლები ჩაპლიგინს ციხეში შეხვდნენ და დაემუქრნენ, თუ ცრუ ჩვენებას მოგვცემ, 6 წელს კიდევ დაგიმატებთო. გაოგნებული დავრჩი _ ამ საქმეს ვინც გადახედავს ეს კითხვა არ გაუჩდება,” _ აცხადებს ადვოკატი გოგიჩაიშვილი.
ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის ამ საქმის გადახედვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს და საკანონმდებლო ცვლილებას დაელოდებიან.