მოგვიანებით, კომპანიამ აქციათა 49 პროცენტიც შეისყიდა. სულ არაბებს პორტი 155 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება რის გამოც “რაკიას” პორტი გადაეცა, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობა იყო. “რაკიაში” აცხადებდნენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში კომპანიამ 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა, თუმცა თავისუფალი ზონის გახსნა შვიდჯერ გაიდაიდო. წარუმატებლობის მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ინვესტორები მუშაობის დაწყებას არ ჩქარობდნენ. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ პორტი არასტრატეგიული იყო.
ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც ფოთის პორტის ტენდერი პირადად გამოაცხადა პრემიერ-მინისტრობის დროს, „გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ფოთის პორტის არასტრატეგიულ ობიექტად გამოცხადების უკან, სულ სხვა საიდუმლო იმალებოდა:
_ ფოთის პორტის ტენდერი მე გამოვაცხადე პრემიერ-მინისტრობის დროს. ჩვენ გვქონდა მკაფიო გეგმა: გვინდოდა შედარებით ნაკლები ფული და მეტი საინვესტიციო ვალდებულება, ახალი პორტის აშენება ფოთის ჩრდილოეთით და ფოთის დიდ ქალაქად გადაქცევა. დასავლეთ საქართველოში აუცილებელია ქალაქების განვითარება-გაზრდა, მაგრამ არა რაღაც ხელოვნული ლაზიკების მაგვარის. თუ ქალაქში სამუშაო ადგილი არ იქნა, ისე აზრი არ აქვს არაფერს. საუბარი იყო მნიშვნელოვანი პორტის აშენებაზე, რომელიც გადაიტანდა ერთ მილიონ კონტეინერს და შედარებით ნაკლებ თანხას გადაიხდიდა, რაც გაწერილი იყო 2015 წლამდე. ამ შემთხვევაში, ფოთი 35 000 ქალაქიდან მინიმუმ 100 000-იანი გახდებოდა და შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ადგილები.
მერე მოხსნეს ეს პირობა, პირობად დარჩა მარტო ფული და საბოლოო ჯამში, მიყიდეს რასილ ჰაიმანს, საინვესტიციო სააგენტოს, რომელთანაც პირდაპირი შენიშვნები მე არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარიგება იყო, რაც შემდგომში, მშვენივრად გამოიყენეს ტელეკომპანია „იმედის“ სქემაში.
ისე გააკეთეს, ვითომ :იმედი“ იყიდა ამ ხალხმა, რომელიც მისცეს გიორგი არველაძეს. არველაძეს, საჯარო სამსახურის გარდა, არსად უმუშავია და საიდან ჰქონდა „იმედის“ შესყიდვის ფული? ამ ელემენტარული კითხვების დასმა ძალიან საინტერესოა. ფაქტია, ამ ხალხს საერთო ინტერესები ჰქონდა, რასაც შეეწირა ფოთის პორტის ძალიან საინტერესო გეგმა. ეს იდეა არ შესრულდა ერთადერთი ამოცანის გამო _ შენარჩუნებულიყო „იმედი“ და რაღაც მექანიზმი ჩამოყალიბებულიყო. სააკაშვილისთვის ფოთის პორტზეც და 70 000 სამუშაო ადგილზეც გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „იმედის“ შენარჩუნება იმ პერიოდისთვის.
_ ანუ, არველაძის გენდირექტორობას და დასაქმებას გადაააყოლა სააკაშვილმა ფოთის პორტის პროექტი?
_ არველაძის არა, თავის ინტერესებს. ასეთი იყო სააკაშვილის დავალება…
საბოლოო ჯამში, „რაკ ჯორჯიამ“ ფოთის პორტის აქციათა 80 პროცენტი გაყიდა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია APM Terminals-მა შეიძინა, რომელიც დანიური გიგანტის A.P. Moller-Maersk Group–ის შვილობილი კომპანიაა. APM Terminals მსოფლიოს პორტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერატორია.