“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გუშინ ქალაქ ოზურგეთში ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა. “მერსედესის” მარკის მანქანას ამავე ქუჩაზე მცხოვრები გ.ს. მართავდა.
გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში მორიგე ოპერატორმა გვითხრა, რომ მას ინფორმაციის გაცემის უფლება არ ჰქონდა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან გადაგვისამართა. თუ ადრე ამ სამსახურიდან პრობლემის გარეშე ვიღებდით ინფორმაციას, ახალი ხელმძღვანელის, შალვა ბოლქვაძის მისვლის შემდეგ, ინფორმაციის მისაღებად გუბერნიაში გვამისამართებენ(?!).
გურიის ვიცე-გუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ გვითხრა, რომ გუბერნიაში პრესსამსახურის შტატი არ არის და ყველა ინფორმაცია, მათ შორის, ავტო საგზაო შემთხვევების შესახებ, გუბერნიის ადმინისტრაციაში შედის. ადმინისტრაციის უფროსი ისაკ ლომთათიძე ინფორმაციას სრულად არ ფლობდა. მისი თქმით, “მერსედესის” მარკის მანქანით ავარია მოხდა “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურთან, წაქცეულია ორ ხე და სარეკლამო დაფა.
როგორც აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმა გვითხრეს, ავტომანქანის მფლობელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ქეთევან ღლონტი ამბობს, რომ გ.ს. მათთან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს: _ პაციენტს ჰქონდა ტრავმული შოკი. 12 მარტს, დილით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, _ გვითხრა ღლონტმა.