საქმე ეხება 2012 წელს, წინააარჩევნო პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ გაუფორმა მოქალაქეებს, დასაქმების მიზნით. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოებში მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვა მიმდინარეობს.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსს ვასილ ხომერიკს, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ პოლიციაში დაიბარეს.
_დღეს ვიყავი დაკითხვაზე. მკითხეს, როგორ მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება. მეც ვუპასუხე ის, რაც თქვენთან გავაკეთე კომენტარის სახით, მეტი არაფერი. აღვნიშნე, როგორ მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება, რომ არსებობს ბრძანება, რის შედეგადაც ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი და გაიგზავნა თბილისში. ვარ სააგენტოს თანამშრომელი და ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა ვითანამშრომლო სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენი სამსახურიდან სამივე რაიონული განყოფილების ხელმძღვანელები იყვნენ შსს რაიონულ სამმართველოებში დაკითხვაზე. მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო გამოძიებასთან, _აღნიშნა ვასილ ხომერიკმა.