“ჩვენი ინფორმაციით ეს იყო შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ლეგალური გზით და მათ ამზადებდნენ წინა ხელისუფლების სპეცსამსახურები შემდგომში სირიაში გადასაყვანად.ისინი საქართველოდან გადავიდოდნენ თურქეთში, სადაც დახვდებოდათ სხვა ადამიანი და ჯგუფს წაიყვანდა სირიაში. 2012 წლის გაზაფხულზე, სირიის მუსლიმმა ლიდერებმა, რომლებსაც ასადის რეჟიმთან ბრძოლა გაუჭირდათ, მთელს მსოფლიოში მოჯაჰედებს მიმართეს დასახმარებლად. ამჟამად სირიაში იბრძვის 600 კავკასიელი მებრძოლი, აქედან 100 მათგანი სირიაში საქართველოს გავლით ჩავიდა.”-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
მისი თქმით, ახმედ ჩატაევი არ მონაწილეობდა ლაფანყურის ჯგუფის მომზადებასა და გადაყვანაში. შეიარაღებული ჯგუფის მოძრაობას მთლიანად აკონტროლებდნენ სპეცსამსახურები და ვანო მერაბიშვილის მოადგილე გია ლორთქიფანიძე.
კასრელიშვილი ამბობს, რომ ჯგუფ გადადგილებას ორგანიზებას უკეთებდა პაპსკირი და მისი ის ორი თანამზრახველი, რომლებიც ისეთ ცუდ დღეში ჩავარდნენ, რომ თურქეთის სამართლადამცავებს ჩაბარდნენ და სამი მკვლელობა აღიარეს, რადგან ციხეში ყოფნა მათთვის გაცილებით უსაფრთხოა.
“მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მებრძოლებს შესთავაზეს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, ოპოზიციურ ძალებზე ზეწოლა, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ამას მოჰყვა სპეცსამსახურების გაღიზიანება და მათ უარი უთხრეს სირიაში გადასვლაზე. მაშინ მებრძლებმა ითხოვეს ჩრდილო კავკასიაში გადასვლა, რაზეც უარი მიიღეს და ამ დაჯგუფებამ დამოუკიდებლად დაიწყო გადაადგილება რუსეთის საზღვრისაკენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ახმედ ჩატაევი, საკმაოდ ავტორიტეტული და პატიოსანი მებრძოლი, რომელსაც ხელისუფლებამ მებრძოლებთან შუამავლობა სთხოვა. ჩატაევი შეხვდა მებრძოლებს და გადასცა ხელისუფლების წინანადადება, დაეყარათ იარაღი. მათგან მიიღო პირობა რომ რუსეთში არ გადავიდოდნენ, ოღონდ იარაღს არ დაყრიდნენ, დარჩებოდნენ ტყეში და დაელოდებოდნენ ხელსაყრელ დროს, როცა საქართველოს ტერიტორიას დატოვებდნენ ოღონდ არა ჩრდილოეთის მიმართულებით.ისინი პირობას დებდნენ, რომ იარაღს დატოვებდნენ საქართველოს საზღვარზე გასვლის მომენტში.“-აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
ზაალ კასრელიშვილის თქმით, სირიაში წასული მეომრები და ევროპაში გაფანტული მოჯაჰედები, რომლებმაც უცხო ქვეყანასათან ინტეგრაცია ვერ მოახდინეს, სამშობლოში აპირებენ დაბრუნებას საქართველოს გავლით, რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის.