ნაირა ბენიძე: _ დიდი ხანია თქვენთან მოსვლა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ახლა გამგეობასა და საკრებულოში გახორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა ისე აღმაშფოთა, გადავწყვიტე, ხმამაღლა მეთქვა ჩემი სათქმელი. დაიღალა ხალხი, ზოგმა ხელიც კი ჩაიქნია, არ ყოფილა ჩვენი საშველიო… იქიდან დავიწყებ, როცა საკრებულოს სხდომას დავესწარი, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. სწორედ ამ სხდომაზე აირჩიეს გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოყოფილი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, რაზეც მე პროტესტი გამოვთქვი, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით თოფურიამ დამამშვიდა და მითხრა, ყველაფერი კანონის დაცვით მოხდებაო. მან მითხრა, თუ კომისიის წევრობის სურვილი მქონდა, განცხადებით მიმემართა კომისიის თავმჯდომარისთვის. ასეც მოვიქეცი, მეორე დილითვე შევიტანე განცხადება, მაგრამ კაჭარავამ მითხრა, წევრები უკვე არჩეულია, კომისია დაკომპლექტებული და ვერ დავიტოვებ განცხადებას, თან თქვენ აბაშელი არ ხართ და არა მაქვს უფლება კომისიის წევრად მიგიღოთო. ეს ისე უხეშად და ყვირილით გააკეთა, რომ იძულებული გავხდი, ჟურნალისტებისთვის დამერეკა და იქ მიმეყვანა. მხოლოდ ამის მერე მიიღო ჩემი განცხადება, თუმცა, უკვე ცხადი იყო, რომ მაინც უარს მეტყოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა მდგომარეობის განმუხტვა და ისევ მამშვიდებდა – ჩვენ ისეთ გამგებელს ავირჩევთ, იქნება უაღრესად განათლებული, გამოცდილი საჯარო სამსახურში, ექნება მინიმუმ სამი დახასიათება და რეკომენდაციაო. მეც კიდევ ერთხელ დავუჯერე, რადგან დათო თოფურიას მიმართ დიდ პატივისცემას განვიცდიდი, როგორც ღვთისმოსავი ადამიანისადმი. მან ჩემი შვილის სახელი უკვდავყო, ჩვენს სოფელში, სუჯუნაში, ერთ-ერთ ქუჩას ჩემი შვილის სახელი უწოდა. ქალაქში ეკლესია მისი თაოსნობით აშენდა და ისე ვუყურებდი, როგორც საკუთარ შვილს. მაგრამ… საატესტაციო კომისია სულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან დაკომპლექტდა, რაც გავაპროტესტეთ, სარჩელიც შევიტანეთ, მაგრამ ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ხალხის აზრი აბაშაში კიდევ ერთხელ იქნა უარყოფილი, იმ ხალხის აზრი, რომელთა გადასახადებისგანაც ფინანსდებიან ესენი. კომისიამ მუშაობის შედეგად კანდიდატებს შორის ამოარჩია მეორე ტურში გადასაყვანი კანდიდატები. ერთ-ერთი იყო გოჩა ჭანტურია, სრულიად უცხო, უავტორიტეტო პიროვნება, რომელსაც აბაშის განვითარების გეგმაც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი, თან კომისიის ვერც ერთ შეკითხვას წესიერი პასუხი ვერ გასცა. მეორე კანდიდატი იყო ზურაბ ლომია, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩეოდა. კაცი, რომელმაც ვერ გასცა პასუხი კითხვას – რა არის კონსტიტუცია. ხალხმა შიმშილობა დაიწყო. 10 დღე იშიმშილეს. ათასი ბრალდება და ჭორი გავრცელდა ქალაქში მათ შიმშილობაზე, მაგრამ ჩვენ მაინც სიმართლის დასაცავად ვაგრძელებდით ბრძოლას. ერთ დილას კი, ექვსის ნახევარზე დააპირეს საკრებულოს სხდომის ჩუმად ჩატარება, სადაც გამგებელი უნდა აერჩიათ. აქციის მონაწილეებმა ხელი შევუშალეთ. ამ დროს მოვარდა ზურაბ ლომია და გვემუქრებოდა – ხომ არ დაგავიწყდათ, მე მეომარი ვარ, “მუხით” აგაფეთქებთ ყველასო. ეგ როგორი მეომარია, მე მკითხეთ, მაგრამ ახლა მის წარსულზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ აქ, მაგის დრო კიდევ იქნება და ვნახოთ, მერე როგორ იტყვის, მებრძოლი ვარო. ლომია ხელითაც კი შეეხო აქციის მონაწილეებს _ ეს ყველაფერი საკრებულოს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სარჩელიც შევიტანეთ სასამართლოში. სხდომა მაინც ჩატარდა. გამგებლად გოჩა ჭანტურია აირჩიეს, რომელმაც პირად საუბარში ასე გვითხრა, საერთოდ არ მინდა თქვენი მხარდაჭერა, მე ამერიკა მიჭერსო მხარს. მე ვუთხარი – მსოფლიო მნიშვნელობის სკანდალს რომ იწყებ, თუ ხედავ, საპროტესტო აქციის ფონზე არაკანონიერად ხარ არჩეული და ჯობია ახლავე გადადგე,-მეთქი. კაცს, რომელსაც ფიზკულტურის მასწავლებლობა არ ეღირსა, ასეთი ტრამპლინის მერე, რა გასაკვირია გამგებლობაზე უარი რომ არ ეთქვა. სინდისი რომ ჰქონოდა, ამდენი პროტესტის მერე თავისით უნდა გადამდგარიყო.
მან კი უფრო საოცარი რამ მიპასუხა – მანამ არ გადავდგები, სანამ “ობანა” არ მეტყვის, გადადექიო?! გავვოცდი, შემეცოდა აბაშა ასეთი კაცი რომ მოვიდა გამგებლად!
ასეა თუ ისე, დღეს ის მოქმედი გამგებელია, ხოლო ლომია, რომლის საქმეც ჯერ ისევ ძიებაშია და რომელიც აფეთქებით გვემუქრებოდა – მისი მოადგილე. საკადრო ცვლილებებს ხომ ნუ იკითხავთ. ლომიასთან ერთად გამგებლის ორი მოადგილე დაინიშნა. მაია ბესელია საკრებულოდან გადმოიყვანეს, ის საატესტაციო კომისიის წევრი იყო და საკმაოდ დიდი დამსახურების გამო მიიღო ეს თანამდებობა; ამიტომაც იყო, ყველა დარღვევაზე თვალი დახუჭა და თვითონაც კარგად გააყალბა ყველაფერი. ადგილის მოლოდინში ყოფილა და რა გასაკვირია. კიდევ ერთი მოადგილე გიორგი სიმონია გახდა. მასზე გვითხრეს, ის მაინც ხომ “ოცნებიდანაა” და ახლა რაღას იტყვითო. ოდესმე თვალით მაინც გვენახა. სადაური “ოცნების” წარმომადგენელი იყო, ერთხელაც არსად არ მინახავს. ისე, არ შემიძლია ჟურნალისტებს არ გითხრათ საყვედური _ თქვენ მაინც შეგიძლიათ ეს გიორგი სიმონია ხალხს გააცნოთ, სურათი მაინც დადეთ სადმე, რომ შეგვხვდეს, ვიცნოთ.
– ქალბატონო ნაირა, ჩვენ არა ერთხელ ვცადეთ გიორგი სიმონიასთან შეხვედრა, მაგრამ კაბინეტი სულ დაკეტილია, სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს, ვერც მისი კოლეგები გვეუბნებიან, სად შეიძლება მისი ნახვა. რაც შეეხება გამგებელს, პირველი და ერთადერთი ინტერვიუ მასთან სწორედ “გურია ნიუსმა” ჩაწერა. ახლა კი ინტერვიუებზე უარს ამბობს და საერთოდ არ შემოდის კონტაქტში მედიის წარმომადგენლებთან.
– ამ საკადრო ცვლილებებმა ბევრი უპასუხო კითხვა გააჩინა. როგორ შეიძლება, გამგებლის მოადგილედ დანიშნულიყო ლომია, როცა მისი საქმე ძიებაშია? ამას ჰქვია, “უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო”. რამდენი პატიოსანი, განათლებული და მშრომელი ადამიანი გვყავს აბაშაში და დაილია კადრები საკრებულო-გამგეობას შორის არ ეტარებინათ ეს ხალხი? მაგრამ როგორც ვხედავ პატიოსანთა და წესიერთათვის არასდროს არ არის ადგილი.
– თქვენ ამბობთ, რომ გამგებელი საპროტესტო აქციების ფონზე აირჩიეს, მაგრამ მისი მხარდასაჭერი აქციაც ხომ გაიმართა. მაშასადამე არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მისი კანდიდატურა და მხარს უჭერენ.
– შეიძლება პიროვნულად მოსაწონიც იყოს, მაგრამ რა გზით და რა გუნდით მოვიდა, ესაა მთავარი. იმ აქციაზე, ნაციონალების მეტი არავინ მინახავს. ახლა ყველა ამბობს, “ოცნების” მიმდევარი ვარო, მაგრამ წინასაარჩევნოდ მე მეცვა 5 ნომერი მაისურები თუ მათ? დაავიწყდათ ყველაფერი? ეს ის ხალხი იყო, ვინც საკრებულოს სხდომაზე დაუჭირა მხარი. თუმცა, ძალდატანებით. შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები და ნახავთ, პირველად 10 ხმა დავითვალე 23 დეპუტატიდან. მერე აპარატის უფროსმა, გოჩა ჭანტურიამ ფეხი დაჰკრა იატაკს და დაიყვირა – რას შვებით, მღუპავთო? ამის მერე წამოხტა საკრებულოს თავმჯდომარე, ხელი მაღლა ასწია და დაიყვირა – ვინ არის მომხრე, რომ გოჩა ჭანტურია იყოს გამგებელიო და მხოლოდ მერე აწიეს დანარჩენებმა ხელი. ესაა მხარდაჭერა? ან რომ ამტკიცებს “ქართული ოცნების” და ახალი მთავრობის კადრი ვარო, მაშინ მისი მხარდამჭერები “ოცნების” აქტივისტები უნდა ყოფილიყვნენ და არა ნაციონალები. როდემდე გაგრძელდება ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, არ ვიცი.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ არა ერთხელ ვცადეთ გიორგი სიმონიასთან შეხვედრა, მაგრამ კაბინეტი სულ დაკეტილია, სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს, ვერც მისი კოლეგები გვეუბნებიან, სად შეიძლება მისი ნახვა. რაც შეეხება გამგებელს, პირველი და ერთადერთი ინტერვიუ მასთან სწორედ “გურია ნიუსმა” ჩაწერა. ახლა კი ინტერვიუებზე უარს ამბობს და საერთოდ არ შემოდის კონტაქტში მედიის წარმომადგენლებთან.
“გურია ნიუსი” მზადაა ყველა იმ პირის მოსაზრება გამოაქვეყნოს, ვინც მოხსენიებულია ამ პუბლიკაციაში.