კუბლაშვილის თქმით, დაშვებული შეცდომის მიუხედავად, მოსამართლის დაკითხვაზე დაბარება კონსტიტუციის დარღვევაა. მისივე განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა სწორედ მოსამართლეებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას მიეძღვნა: “დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინფორმაცია გადავეცით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მოხდა განვლილი დღეების განმავლობაში. პირველი ეს გახლავთ ის ფაქტი, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მიუვიდა უწყება მის მიერ განხილულ საქმეზე პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ იმ საქმეში შესაძლოა მოსამართლემ რაღაც შეცდომა დაუშვა, ეს მაინც კონსტიტუციის დარღვევაა.”
კოტე კუბლაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოწორების ერთადერთი გზა არსებობს _ მისი გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში: “აღნიშნული შეცდომა გამოსწორდა ნადარაიას შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ახალი განაჩენით ახალი გადაწყვეტილება დაადგინა. ვინ ეკითხება პროკურორს, მოსამართლემ საქმის განხილვისას ამნისტირებული მუხლი გამოიყენა თუ არა? პროკურორს აქვს ერთადერთი უფლება _ გაასაჩივროს განაჩენი და მიიღოს სხვა შედეგი”.
იუსტიციის უმაღლესი საბჭს მდივანი ვალერი ცერცვაძე მოსამართლე ნადარაიას შეცდომას “მოზღვავებული ამნისტიებით” ხსნის: “აქ საქმე გვაქვს ძალიან მარტივ შემთხვევასთან _ მოზღვავებული ამნისტიების გამო მოსამართლეს გამორჩა ერთი კონკრეტული პირის მიმართ ამნისტიის შეხება, რაც ზემდგომ ინსტანციაში გამოსწორდა. აბსოლუტურად არ დამდგარა მხარისთვის საზიანო შედეგი და ეს არის მოსამართლის ელემენტარული გადაცდომა, რასაც დისციპლინარულ გადაცდომასაც ვერ დავარქმევდი,” _ განაცხადა ცერცვაძემ.