იუსტიციის საბჭოს წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში ის ზემოხსენებული მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ყველა საჭირო აქტს და ბრძანებას გაეცნობა და საბოლოო დასკვნასაც ამის შემდეგ გააკეთებს.
“კოტე კუბლაშვილმა საბჭოს განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება და ნამსჯელი აქვს უზენაეს სასამართლოს. კუბლაშვილი გვარწმუნებდა, ყველაფერი რიგზეაო. მისი თქმით, მოსამართლეებს გააჩნიათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მოკლედ ყველაფერი რიგზეაო. ჩვენ მოვითხოვეთ ამ დოკუმენტაციის გადმოცემა გაცნობისა და შესწავლის მიზნით, ალბათ უახლოეს დღეებში გადმოგვეცემა პრეზიდენტის აქტი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პირების მოსამართლეთა რიგებში ჩარიცხვაზე. თუ დადასტურდა რომ ამ პირებს არ აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში, ამ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცხადდება კანონგარეშედ.” _ განაცხადა ქუცნაშვილმა.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მცდელობა ამაოა.
„სისხლის სასამრთლის წესით პროკურატურა შედეგს ვერ მიაღწევს და თუკი მოსამართლების დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება სურთ, მათ საამისოდ სასამართლოს უნდა მიმართონ. თუკი ამით პროკურატურას სურს თანამშრომლების დაბარება დაკითხვაზე, ასევე ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და არა თანამშრომლებმა. ეს საკითხი თავის დროზე შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ამ ორი მოსამართლის დიპლომი შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც საჭიროა მოსამართლედ დანიშვნისათვის, შემდეგ ეს საკითხი გასაჩივრდა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო. ასე რომ, ეს საკითხი ხელახლა ვერ დადგება. მინდა ვუთხრა ყველას, რომ სულ ტყუილია მათი მონდომება და ტყუილად დაკარგავენ დროს ამ საქმის ხელახლა გამოძებისათვის.”
კუბლაშვილის მტკიცებით, მოსამართლეები _ ალავიძე და გიგაური იურისტები არიან და მოსამართლის თანამდებობაზეც კვალიფიკაციისა და გამოცდილების გამო დაინიშნენ.
“რა მნიშვნელობა აქვს, მეორადი დაამთავრეს, პირველადი თუ მეათედი, მათ მიეცათ დიპლომი, რაც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას,” _ განაცხადა კუბლაშვილმა.