კბილაშვილის თქმით, თბილისის პროკურატურა და სასამართლო 7 წლის მანძილზე შეთანხმებულად აჭიანურებდნენ ბუტა რობაქიძის საქმის დასრულებას.
“ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ აღძრული საქმე 7 წლის განმავლობაში არაერთ მოსამართლეს გადაეცა განსახილველად, მაგრამ განაჩენი არ დამდგარა. რაც შეეხება 2006 წის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში პოლიციელთა მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აღძრულ საქმეს, ის 6 წლის თავზეც ერთადერთი ფურცლისაგან, ფორმა N 1-გან შედგება. 2012 წლის 14 ნოემბრამდე ამ საქმეს არაფერი მიმატებია. ამის პარალელურად, სასამართლო არ იხილავდა ახალგაზრდების მიმართ აღძრულ საქმეს იარაღის უკანონო ტარებისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე.
ამ საქმეს არ იძებდნენ, ამ საქმეზე არავითარი მოქმედებები არ ხორციელდებოდა. როდესაც მოწმის სახით ვიბარებთ ბატონ ღვინიაშვილს, რომელიც მაშინ ქალაქის პროკურორი იყო და არ ცხადდება, თავი რომ დავანებოთ სამართლის ნორმის დარღვევას, თავი რომ დავანებოთ მისი როგორც ყოფილი პროკურორის მოვალეობას, დაემორჩილოს საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნას, უბრალოდ ჩნდება მისი მორალური სახეც. ეს კაცი იყო ის პროკურორი, ვის ხელშიც ეს საქმე ასე იდო თაროზე და არაფერი კეთდებოდა. მას და კიდევ სხვა ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას და პასუხი არ გასცენ გამოძიების შეკითხვებს,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავარი პროკურორი გუშინ ბუტა რობაქიძის საქმის ორი მოწმის, პატრულის ყოფილი თანამშრომლების დაკავებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს დღებში გასაჯაროვდება მოწმე მაიზერ ლიპარტელიანისა და ლევან ლობჟანიძის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები.