შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში დემოკრატიზაციის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში. აღინიშნა, რომ ODIHღ-ის დამკვირვებლები წარმოდგენილნი იქნებიან როგორც 27 აპრილის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, ისე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილ კანცლერს, სახალხო პარტიის წარმომადგენელს, ვოლფგანგ შუსელს შეხვდა.
„საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას და ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მას მხარს უჭერენ ამ პროცესში“ – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ვოლფგანგ შუსელმა.
თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ შუსელი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ავსტრიის საგარეო პოლიტიკაზე და მისი პარტია დღესაც ინარჩუნებს ამ გავლენას.
„ჩვენ ძალიან ვრცელი საუბარი გვქონდა საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. იგი ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანას. ბატონი შუსელი ნამყოფია საქართველოში და მან კვლავ გამოთქვა ჩამოსვლის სურვილი და ჩემგანაც მიიღო შესაბამისი მოწვევა. ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის სფეროებზე. ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა ტურიზმის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ავსტრიამ გამოიყენა თავისი ქვეყნის სასიკეთოდ და რომლის მაგალითიც ჩვენც შეგვიძლია ავიღოთ. გარდა ამისა, ვილაპარაკეთ ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე” _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ხვალ მაია ფანჯიკიძე ვენაში დაგეგმილ გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.