მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის ჯოზეფ ქეისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდის სქემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქმე არაერთი მოწმის ჩვენებითა და მტკიცებულებითაა გამყარებული.
რიყის ტერიტორია, რომელიც 2006 წელს თბილისის მერიამ 7 მილიონად გაყიდა, 2 წლის თავზე უკანვე გამოისყიდა 17 მილიონად. აქედან 10 მილიონი ჯოზეფ ქეისთვის იყო განკუთვნილი.
მთავარი პროკურორის თქმით, ქალაქის მერი გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი მომხდარის იურიდიულად დალაგებას შეეცადნენ. ჯოზეფ ქეის ოფშორში რეგისტრირებულ ფირმასა და რიყის შემძენ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ძველი რიცხვით (2008 წლის აპრილი) , რომლის მიხედვითაც რიყის შემძენ კომპანიას ჯოზეფ ქეის კომპანიისთვის მმართველობითი დახმარების გაწევისთვის 3 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. თუ სამ თვეში ამ თანხას ვერ გადაიხდიდა, მაშინ ჯარიმის სახით დაეკისრებოდა 10 მილიონი დოლარის გადახდა.
“რა ისეთი მმართველობითი მომსახურება უნდა გაეწია ქეის ოფშორულ კომპანიას რიყის შემძენი კომპანიისთვის, რომ სამი მილიონი დოლარი წინასწარ გადაეხადათ და ჯარიმის სახით 10 მილიონი განესაზღვრათ? არავითარი მიმოწერა, არავითარი შეთანხმება და თითქოსდა შეუსრულებელი ვალდებულების გამო გადახდილი 10 მილიონი.” – აცხადებს მთავარი პროკურორი.
მისივე განცხადებით, 17 მილიონი, რომელიც გადაერიცხა კომპანია “ახალ რიყეს,” მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მიიღო. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა და შეეცადა დეპუტატებისთვის დაესაბუთებინა მერიისთვის 25 მილიონი ლარის გადახდის აუცილებლობა.
“ნიკა გილაურის განცხადებით, არ შესრულდა ის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც უნდა შესრულებულიყო თბილისში პრივატიზების შედეგად და მერიას დეფიციტი ჰქონდა. გილაური ამტკიცებდა, რომ დეფიციტის დაფარვის მიზნით საჭირო იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიისთვის თანხის გადახდა.”– აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
მისივე თქმით, პროკურატურამ სტატისტიკური მონაცემები და მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა , რითაც დასტურდება რომ 2008 წელს ქალქის ბიუჯეტი მათ მათ შორის საპრივატიზებო შემოსავლების კუთხით გადაჭარბებით შესრულდა (102%).
“ფინანსთა მინისტრი, რომელიც პარლამენტში გამოდის და ამ ფულის გადარიცხვას ითხოვს, არ ამბობს სიმართლეს. ჯერ გამოსაკვლევია არ ამბობს სიმართლეს თუ ცრუობს, თუმცა ფაქტია რომ ფინანსთა მინისტრმა სინამდვილის შეუსაბამო ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტს და პარლამენტმაც მიიღო გადაწყვეტილება.”- აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
კბილაშვილისვე განცხადებით, ნიკა გილაური ერთხელ უკვე იყო მოწმის სახით დაბარებული, თუმცა მან მომხდარი ვერ გაიხსენა.
“არაუშავს, გაიხსენებს. მას აქვს საშუალება, რომ გაიხსენოს, რა მოხდა, რადგან არსებობს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი სტენოგრამა. სავარაუდოდ, გილაურის დაბარება განმეორებით მოგვიწევს.” _ ამბობს მთავარი პროკურორი და არ გამორიცხავს ამ საქმეზე მოწმის სახით საქართველოს პრეზიდენტის დაბარებასაც.
“ბუნებრივია, კითხვა ჩნდება პრეზიდენტის მიმართაც.როდესაც 25 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიდის მერიაში, ამის შესახებ პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული? საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება პრეზიდენტის ინფორმირებულობა.”- ამბობს არჩილ კბილაშვილი.