საარჩევნო პროცესს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. იყო მცირედი პროცედურული დარღვევები და საარჩევნო სიებში ამომრჩევლის არყოფნა, მარკირების პროცედურის ხარვეზებით ჩატარება და საარჩევნო უბნებზე მობილიზებული პოლიტიკური პარტიების კოორდინატორები. არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინატორების მობილიზებას საარჩევნო უბნებზე მანკიერ პრაქტიკად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ამომრჩეველზე ერთგვარი ზეწოლაა.
ბაღდათში საპარლამენტო მანდატისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატს პაატა კიკნაველიძეს ხვდა წილად _ 6 775 ხმით ამომრჩეველთა 61%-მა უპირატესობა სახელისუფლო კანდიდატს მიანიჭა. 2 383 ხმით მეორე ადგილი საარჩევნო რეიტინგში, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვლადიმერ წიქორიძემ დაიკავა (21%). 10% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ მსხვილიძემ.
27 აპრილის შუალედური არჩევნების დღის სკანდალი პოლიციის უფროსის საარჩევნო პროცესში აქტიური ჩართულობა გახდა. ბაღდათის 52-ე საოლქო კომისიაში გელა მშვილდაძის სახელზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალმა არჩევნებმა“ საჩივარი შეიტანა. მანამდე კი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა სამტრედიაში გამართული ბრიფინგისას მშვილდაძე ვარციხის N 10 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და მისი დასჯა მოითხოვეს. თუმცა, გაიოზ ბურჯანაძე ჟურნალისტების შეკითხვაზე, ჩაისვა თუ არა იგი პოლიციის უფროსმა მანქანაში და მისცა თუ არა რაიმე სახის დავალებები, საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა _ ფაქტის შესახებ, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” მთავარ მსხვერპლად მეათე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს ასახელებდა, თვითონ მსხვერპლი ინფორმირებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ გაიოზ ბურჯანაძე “ნაციონალური მოძრაობი”ს წარმომადგენელია.
_ ბატონო გაიოზ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის უფროსმა მანქანაში ჩაგისვათ და საარჩევნო პროცესებზე გესაუბრათ. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს?
_ საიდან მოიტანეთ ეს ამბავი, ვინ გითხრათ შარზე ხო არ ხართ?! არ მომხდარა მსგავსი არაფერი. შარზე ხართ თქვენ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ! _ ასე უპასუხა ჟურნალისტებს გაიოზ ბურჯანაძემ.
ბაღდათის #13 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამკვირვებლად წყალტუბოს გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯიმშელეიშვილი აღმოაჩინეს, რომელსაც, როგორც საჯარო პირს, უფლება არ ჰქონდა, საარჩევნო პროცესს დაკვირვებოდა. ოფიციალური საჩივრის შემდეგ მან უბანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობით ბაღდათში იმერეთის გუბერნატორიც დაინტერესდა _ ბალავაძე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა მოვლენებს. აქვე იყო ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილიც. პაატა კიკნაველიძის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა კიკნაველიძეც ადგილზე იყო, რომელმაც დღის ბოლოს, წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, “ქართული ოცნების” ბაღდათის მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პაატა კიკნაველიძე საქართველოს პარლამენტში ღირსეული კადრი იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია
საარჩევნო შედეგებით ბაღდათში არავინ გაოცებულა და პროტესტიც არ გამოუთქვამთ. აქ ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. თავდაჯერებულობა არ აკლდა არც ერთ კანდიდატს _ ვლადიმერ წიქორიძემ ხმა ევროპას და ნატოს მისცა, პაატა კიკნაველიძემ კი ბაღდათელების სოციალური პრობლემების გადაჭრას.
როგორც აღმოჩნდა, სოციალური პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, ყველა რეიტინგის უპირობო ლიდერია.