საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი უწყება გახდა _ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამინისტროს მიერ გახორციელებული რეფორმები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. გამორიცხული არ არის, შაშკინი თავაწეული დადიოდეს და რამდენიმე დღის წინ ნათქვამს კვლავინდებურად იმეორებდეს _ “თქვენს სისხლს დავლევ” _ საინტერესოა, არა? ამ სიტყვების შემდეგ. მისი უწყება წლის რეფორმატორი ხდება. არა, გადაირევი ადამიანი, მაგრამ ეს ნამდვილად არ უშველის საქმეს. ისე, რაცპარჩევნებზე პედაგოგებმა იმუშავეს და “ილიას” მაგივრად, გაკვეთილებზე “ხუთიანები” იძახეს, არაფერი უნდა გვიკვირდეს. არც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მათთვის გაღებული საჩუქარი _ სასერთიფიცირებო გამოცდები, რომელიც განსაკუთრებით ინტეგრირებულ ევროპელებს გაახარებდა. აბა, რა ეგონათ, ქვეყანას სჭირდება სერთიფიცირებული პედაგოგი, “ნიჭიერი” თაობა და “ბრავო” ხალხი!!!
კიდევ ერთ პროექტზე მინდა ვთქვა, რომელიც მესამედ დაიწყო: როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, არავის დაუვალებია თხზულება ან ჩანახატი დამეწერა თემაზე “მე მიყვარს, ჩემი პოლიცია”. თერთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თავისუფალი თემის “შანსი” მოგვცეს მოსწავლეებს. პატრიოტიზმით გაჟღენთილი საქართველოს სიყვარულის აღქმა და აფხაზეთი. დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე ზრუნავს ყველასა და ყველაფერზე, რომ სკოლებში კვლავინდებურად გაგრძელდება კონკურსი (რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება) _ “მე მიყვარს ჩემი პოლიცია” (რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ახალი თემა შესთავაზეს მოსწავლეებს “მე მიყვარს ჩემი ჯარი”). ამ პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ძალოვანი სტრუქტურა ძალიან ჩაება განათლების სისტემაში. მაგალითად, პროკურატურა სკოლებში სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს, ბავშვებს შთააგონებენ, რომ მათაც ძალუძთ გახდნენ პროკურორები. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი წერილებს საჩუქრებთან ერთად უგზავნის პედაგოგებს, აინტერესებს მათი აზრი. სწორედ ასეთი წერილების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მანდატურები შევლენ სკოლებში. მოკლედ, კონკურსი გამოცხადებულია და ახლა ჯერი ბავშვებზეა.
2010 წლის ოქტომბერში განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალი საპროტესტო ტალღა დაატყდა თავს, მათი კრიტიკოსები ამ ეტაპზე მეთორმეტეკლასელები აღმოჩდნენ. ისინი ამბობენ, გაუქმდეს ის რვა გამოცდა, რომელიც ახალი პროგრამით უნდა ჩააბარონ სკოლის მოსწავლეებმა. მიუხედავად პროტესტისა, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მაინც აპირებს რვა გამოცდის ჩატარებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, წელს აბიტურიენტებს ნამდვილად ცხელი გაზაფხული და ზაფხული ელოდებათ: მაისში _ რვა გამოცდა, ივლისში კი _ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
სხვას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ბატონი შაშკინი სკოლის დირექტორებს მათი სისხლის დალევით დაემუქრა, ეკუთვნოდა განათლების სამინისტროს წლის რეფორმატორის წოდება.
აკი, მიიღო კიდეც!
ასეა, რეფორმა მსხვერპლს მოითხოვს, მსხვერპლს!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved