ქადეიშვილი ეჭვმიტანილი იყო 2010 წლის 15 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მომხდარ მკვლელობაში.
ჩვენი ინფორმაციით, ქადეიშვილის ლიკვიდაცია თავისსავე სოფელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოხდა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს სოფელ შრომის რწმუნებული ზურაბ მჟავანაძე. მისი თქმით, ქადეიშვილი, 4 იანვარს, დილით, შრომაში ერთ-ერთ ოჯახში შევარდა და ახლო ნათესავის მეუღლე დაჭრა, რა დროსაც სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია მოხადინეს. როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მორიგე ექიმმა, ალექსანდრა ჭანტურიამ უთხრა, შეტყობინება, რომ ქალბატონი დაჭრილი იყო, დილით, 11.07 წუთზე მიიღეს. “გამოძახების ადგილზე მისვლის შემდეგ დაზარალებულს, ნაზი მიშკინას გაეწია პირველადი დახმარება, შემდეგ კი საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. ამ წუთებში მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება, _ გვითხრა ჭანტურიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი, მაია გიორგაძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. ის, როგორც ყოველთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ზურაბ გვენეტაძესთან დაკავშირებას გვირჩევს: “არ ვარ კომპეტენტური, ზურაბ გვენეტაძეს დაურეკეთ”, _ გვითხრა გიორგაძემ.
სოფელ შრომის მაჟორიტარი დეპუტატი, ირმა რობაქიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ის ადგილზე არ იმყოფება და ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ გააჩნია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved