(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსად ჩოხატაურის ყოფილი გამგებლის, მამუკა დოლიძის დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილება. თუმცა, ისიც ხდება ცნობილი, რომ მის კანდიდატურაზე რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი კატეგორიულ უარს ამბობს. სამსახური გურიის სამხარეო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია და შესაბამისად, დაფინანსებასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.
ჩოხატაურის აწ უკვე ყოფილი გამგებელი მამუკა დოლიძე ბახმაროს მიწების სკანდალს შეეწირა და ამ საქმეში, რატომღაც, “განტევების ვაცი” მხოლოდ ის აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, გურიის საგანგებო სიტუაციათა და მართვის სამსახურის უფროსის ადგილი ოთხი თვეა, ვაკანტურია. წყაროს თქმით, ამ სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად უნგიაძეც ბახმაროს მიწების საკითხს იმ მიზეზით შეწირეს, რომ გუბერნატორი მას არასასურველ კადრად მიიჩნევდა, მეორე წყარო კი ირწმუნება, რომ უნგიაძე ჩოხატაურში ძალიან დიდი რაოდენობის მიწების ფლობის გამო მოიშორეს.