“გურია ნიუსის” მკითხველისთვის მერი შავაძის ოჯახის გაცნობა არ დაგვჭირდება _ მისი ოჯახის პრობლემების შესახებ ხშირად ვწერთ.
_ 2006 წლის 6 სექტემბერს ჩემს შვილს, თამარ შავაძეს დაუზიანდა ხერხემალი, რის გამოც პარალიზებულია და ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ. რეაბილიტაცია უკრაინაში გაიარა. იქ მკურნალობა ხელისუფლებამ და ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ დაგვიფინანსა, რის შემდეგაც შედარებით გაუუმჯობესდა მდგომარეობა. ახლა ხელთ გვაქვს ისრაელელი ექიმების დასკვნა _ ისინი ბავშვის სრულ გამოჯანმრთელებას გვპირდებიან, ოღონდ ოპერაცია ისრაელში უნდა გაკეთდეს, რაც 50 000 ევრო ჯდება, რისი გადახდის საშუალება არ გვაქვს. უამრავ პრობლემას ისიც დაემატა, რომ ორი თვეა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეგვიჩერა ფულადი დახმარება, _ გვითხრა მერი შავაძემ.
ოჯახი კარგა ხანია გადაცემაში _ “ვის უნდა 20 000” მოხვედრას ცდილობს, მაგრამ ამაოდ: _ საზოგადოება, ამ გადაცემის საშუალებით, მჯერა, აუცილებლად დაგვეხმარება. ყველას ახსოვს ჩვენი ისტორია _ თამუნამ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე და თითონ სჯერა, თუ ოპერაცია გაუკეთდება, ფეხზე გაივლის, _ თქვა ქალბატონმა მერიმ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილი ამბობს, რომ “სარეიტინგო ქულაზე მუშაობს ყველაფერი, რაც ოჯახს გააჩნია და დეკრალაციაშია მითითებული”:
_ დეკლარაციაში საბჭოთა წარმოების ავტომობილია მინიშნებული და ალბათ, ამის გამო შეუჩერდა დახმარება, ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, _ ამბობს იგი.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი: _ ვიცი, თამუნას შესახებ, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა სავარძელს არის მიჯაჭვული. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოვახერხოთ შუამდგომლობა, რათა გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ ოჯახს მდგომარეობა. თბილისში ვაპირებ წასვლას და პირად შევხვდები ჯანდაცვის მინისტრს.
“გურია ნიუსის” ფოტოჟურნალისტი რეზო ცქვიტინიძე ამ დღეებში შავაძეების ოჯახში იმყოფებოდა. ამ ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების იმედად დარჩენილი გოგონა ჰყავს, სოციალური დახმარება მოუხსნეს…