რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი
დღეს გურიის რეგიონის თითქმის ყველა სოფლის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ელექტროენერგიის ბოძებისა და სადენების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.
სოფლებს არ ჰყავთ ადგილობრივი მონტიორები, რის გამოც სოფლის მცხოვრებლები თვითნებურად ადიან ელექტრობოძებზე და დაზიანებულ ელსადენებს ხელით ეხებიან; ხსნიან ქვესადგურს, რომლის გახსნის უფლებაც არავის აქვს, გარდა პასუხისმგებელი პირისა. თუმცა, ვინაა ეს “პასუხისმგებელი პირი”, არავინ იცის. უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა კი ცდილობს საკუთარ თავს როგორმე მიხედოს. თუ დახარჯული ელექტროენერგიის გადანაწილება, გადასახადის ამოღება, ელექტროენერგიის დამტაცებლის პოვნა და დასჯა, მორყეული ბოძების გამაგრება-გამოცვლა სოფლის საქმეა, ლოგიკურად გამოდის, რომ ხაზების შეკეთება, ქვესადგურის კარადაში საქმიანობაც ხალხის საქმე ყოფილა. ღმერთმა ნუ ქნას და უბედური შემთხვევა თუ მოხდა, მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება სოფელი დამნაშავე!
დაზიანების შესახებ შეტყობინებებს “ენერგო პრო ჯორჯიას” სამსახურებში პრაქტიკულად აზრი არ აქვს _ ნიავის წამოქროლვაზეც კი სადენები ერთმანეთს ედება და მოკლე ჩართვას იწვევს. გამოძახებულ შემკეთებლებს კი, როგორც მოქალაქეები ამბობენ, 2-3 დღე აგვიანდებათ.
ელექტრომონტიორისა და ინკასატორის გარეშე დარჩენილი, კომუნალური მრიცხველით დასჯილი ცენტრებიდან დაშორებული სოფლების მცხოვრებლები კი მორჩილად იხდიან თეთრების რაოდენობის სიზუსტით “თანაბრად გაყოფილ” გადასახადს, ინკასატორებიც თავად არიან, ელექტრომონტიორებიც და სიცოცხლესაც ხშირად იგდებენ საფრთხეში.
უკვე მერამდენე წელია ტელეეკრანიდან გვესმის განცხადებები, რომ იწყება ელექტრობოძების, სადენების და მრიცხველების შეცვლა; ამ დაპირებებში წლები გადის, მაგრამ თუ, ბოლოსდაბოლოს ეს პროცესი სოფლებშიც დაიწყება, უმჯობესია, მაღალმთიანი სოფლებიდან დაიწყოს, რადგან უმძიმესი ვითარების გამო, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია!
შუქს ასკანაში, უკვე დიდი ხანია, ელოდებიან
მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ტრანსფორმატორის შეკეთებას
ასე გამოიყურება 21-ე საუკუნის ტრანსფორმატორის ინტერიერი
ტრაქტორისტმა უარი თქვა გზის გაწმენდაზე და
მოსახლეობა სოფლის “სასწრაფო დახმარების” _ ტარიელ დოლიძის იმედზეა
ელექტრობოძზე თვითნებურად ასული მოქალაქე სადენების გადაბმას ცდილობს
აქ მართლაც ვერ გაარკვევ, რომელი სადენი სად მიდის