(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 18 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბახვში პენსიონერები კუთვნილი პენსიის მიღებას რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ელოდნენ. პენსიონერების ფუჭი ლოდინის მიზეზი დილით გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ახალი მოლარე პირველ საათზე მოიტანდა საპენსიო თანხას, თუმცა ის შეკრებილ ხალხთან არ გამოჩენილა. პენსიონერებამდე მხოლოდ ახალმა ინფორმაციამ მოაღწია და პენსიის მიღების თარიღმაც 22 აგვისტომდე გადაიწია.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონალური ცენტრის უფროსი, ვასო ხომერიკი “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, სახელმწიფო ამ კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელი არ არის, ვინაიდან პენსიის გაცემის უფლება “ლიბერთი ბანკს” აქვს შესყიდული. მისი მოსაზრებით, ეს “ლიბერთი ბანკის” მიერ გახორციელებული ახალი ინიციატივა უნდა იყოს, რომლის მიზანიც სერვისის გაუმჯობესება იქნება.
როგორც იცით, სახელმწიფომ პენსიის გაცემის ახალი ფორმა შეიმუშავა; აქამდე, რეგიონის ყველა სოფელში, პენსიას ერთი კონკრეტული პირი ყოველი უბნის თითო მოსახლესთან არიგებდა, რაც უნარშეზღუდული და ხანდაზმული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო. აგვისტოს თვის პენსიას ახალი მოლარე ძველ მოლარესთან ერთად დაარიგებს. მომავალი თვიდან კი, ახალი მოლარე, თანხას სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში მიიტანს და მოსახლეობას პენსიის აღების საშუალება, სწორედ იქ ექნება.