(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 30 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, “ასკანობა” გაიმართა. თითქოს მზის ამოსვლას ამოჰყვა, ისე გაისმოდა კრიმანჭულის ხმა მთელ სოფელში; იყო ხალხის ხშირი მიმოსვლა და ერთმანეთთან გადაძახილი: _ რას შობი, არ მოდიხარ ასკანობაზე?!
ათი წლის წინ, როცა ასკანელმა ძმებმა, ბიზნესმენებმა ჩხაიძეებმა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, დაიბადა იდეა, რომ ყოველი წლის 30 აგვისტოს, ასკანაში, სოფლის ზეიმი გამართულიყო. იდეა ტრადიციად იქცა. წლეულს, საიუბილეო დღესასწაულს ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული სტუმრები. ჩატარდა ღონისძიებები: ფეხბურთში, ჭადრაკში, ცხენოსნობაში. შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, აქვსენტი ქუთათელაძემ კითხვაზე, დაესახელებინა გამარჯვებულები, გვიპასუხა, გამარჯვებულებს არ სურთ თავის დაფიქსირება, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს ყველა გამარჯვებულიაო.
უამრავი საჩუქარი დაარიგა ზაურ ჩხაიძემ. საღამოს, მთაკორტოხზე წამოდგმულ სოფელში, ტრადიციულად პურმარილიც გაიმართა. ლამაზად ჩამავალ მუქ აგურისფერ მზეს მიაცილებდა “შვიდკაცას” მიერ კრიმანჭულში ნამღერი სიმღერა: “ასკანელებთან სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო”.