ლიცენზიის საწყისი ფასი 90 ათასი აშშ დოლარი იყო, საბოლოო ფასი კი, 306 ათასი აშშ დოლარი დაფიქსირდა და ოქროს საბადოს მფლობელი, 40 წლით “ჯორჯიან რესორს კომპანია” გახდა. როგორც კომპანიის ოფიციალური გვერდიდან გავარკვიეთ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი ბრიტანელი ტიმოთი ჯეიმს ქოფლინია, პროფესიით გეოლოგი, მაგისტრი, კვლევისა და სამთო გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია მინერალების ძიებით არის დაკავებული და ამჟამად ოქროს აღმომჩენ პროგრამას სომხეთში ახორციელებს. კომპანია, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპაზე მუშაობს. მისი ყველაზე დიდი აქციონერები მსოფლიო და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკები არიან.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, დღემდე არ დევს ინფორმაცია საქართველოში ოქროს მოძიების ლიცენზიის მოპოვების შესყიდვის შესახებ. უფრო მეტიც, კომპანია საიტზე საქართველოს შესახებ არაფერს წერს.
“ჯორჯიან რესორს კომპანიას” ჩვენს ქვეყანაში წარმომადგენლობა ჯერ არ გაუხსნია. საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, შპს “ჯორჯიან რესორს კომპანიას” იურიდიული მისამართია საქართველო, ძველი თბილისის (ყოფილი მთაწმინდის) რაიონი, ყაზბეგის ქ. ზ3-5.
_ ყაზბეგის ქუჩა რეალურად არის ჩვენი, DLA Piper საქართველოს იურიდიული მისამართი, ფიზიკურად ეს არის მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრი, სადაც ჩვენი ოფისია განთავსებული. როდესაც ახალი კომპანია შემოდის საქართველოში, მას რეგისტრაციის მიზნებისთვის სჭირდება იურიდიული მისამართი, ანუ ან უნდა იყიდოს ფართი და ან უნდა იქირავოს. მაგრამ როდესაც კომპანიას ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, რეალურად დაიწყებს თუ არა საქმიანობას საქართველოში ან ჯერ მზად არ არის საოფისე ფართის შესაძენად ან დასაქირავებლად, ჩვენ მათ დროებით ვარეგისტრირებთ ჩვენს იურიდიულ მისამართზე და შემდეგ შესაბამისად ხდება მისი რეგისტრირება სხვა მისამართზე. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა იურიდიული ფირმებისათვის და ხშირად დაგვირეგისტრირებია ჩვენი კლიენტი კომპანია ჩვენს იურიდიულ მისამართზე, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას DLA Piper საქართველოს იურისტი ირაკლი ფიფია.
სწორედ ფიფიამ მოახდინა “საქართველოს რესურსების კომპანიის” დარეგისტირება საქართველოში 2010 წლის 20 სექტემბერს, რაც ბევრ ეჭვს ბადებს. საქმე იმაშია, რომ ამერიკული კომპანიის მთავარ აქციონერს (მსოფლიო ბანკი) საქართველოში დიდი ხანია ოფისი აქვს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ დაავალა კომპანიის დარეგისტრირება სრულიად უცხო ადამიანს და არა აქციონერს ტიმოთი ჯეიმს ქოფლინმა. არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და რეალურად, ზოტის ოქროს საბადოს მფლობელი, ამერიკულ კომპანიას ამოფარებული ქართველი მაღალჩინოსნები არიან.
ირაკლი ფიფია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია:
_ ბატონო ირაკლი, რატომ არ ჰყავს ასეთ პრესტიჟულ კომპანიას წარმომადგენელი საქართველოში, სადაც სერიოზული ინვესტიციების ჩადებას გეგმავს?
_ Lydian International-მა საქართველოში დააფუძნა წარმომადგენლობა _ Georgian Resource Company. ლიცენზიის მოპოვების პროცედურების დასრულების შემდგომ, როდესაც საჭირო გახდება რეალური სამუშაოების დაწყება, ისინი უკვე დანიშნავენ თავიანთ წარმომადგენელს და ექნებათ ოფისიც. მანამდე თავიანთი იურისტების და უცხოელი თანამშრომლების მეშვეობით აწარმოებდნენ ელემენტარულ საქმეებს _ კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში და ა.შ.
_ როგორ ფიქრობთ, კომპანია ზოტში ოქროს მოპოვებით სამუშაოებს რამდენ ხანში განახორციელებს?
_ მართალი გითხრათ, ეს მე არ ვიცი. როგორც იურისტი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საქმეებში არ ვიქნები ჩართული. წიაღისეულზე კვლევა, მოპოვების ჩატარების პირობები და დრო გაწერილი იქნება სახელმწიფოს მიერ გაცემულ ლიცენზიაში, რომელსაც, ვფიქრობ, რომ Lydian ზუსტად შეასრულებს და არ დაარღვევს ლიცენზიის პირობებს.
_ თქვენ როგორ დაგიკავშირდათ ეს კომპანია და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდის გახსნიან ოფისს საქართველოში?
_ Lydian-მა, როგორც პრესტიჟულმა და მსხვილმა კომპანიამ, არჩია ისეთი საერთაშორისო იურიდიული ფირმის დაქირავება საქართველოში, როგორიც არის DLA Piper და რომელსაც მსგავსი დიდი კომპანიები ენდობიან საკუთარი საქმეების წარმართვაში. ნებისმიერი ინტერნეტსივრცეში ან იურიდიული ფირმების სარეიტინგო გამოცემებში აღნიშნულია DLA Piper საქართველოს ოფისი, ამიტომ, მისი მოძებნა რთული არ არის.
_ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მთავარი აქციონერი მსოფლიო ბანკია, რომელსაც საქართველოში ჰყავს წარმომადგენლობა. რატომ დაგავალეს მათი საქმეების მოგვარება თქვენ, მათთვის უცნობ იურიდიულ კომპანიას და არა თუნდაც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას?
_ მსოფლიო ბანკი შეიძლება ბევრი კომპანიის აქციონერი იყოს, მაგრამ იგი არ ეწევა იურიდიულ მომსახურებას, რასაც, როგორც წესი, იურიდიული ფირმები ასრულებენ _ კომპანიის რეგისტრაცია, ნორმატიული აქტების ანალიზი, რჩევების მიცემა, წესდების მომზადება და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თვითონ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქირაობენ სხვა იურიდიულ ფირმებს სხვადასხვა საქმეებისთვის, რისთვისაც მათ არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი.
_ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის სახელით ოქროს საბადოს ლიცენზია ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიძინეს და სინამდვილეში, ამერიკაში დარეგისტრირებულ კომპანიას არაფერი აქვს საქართველოსთან საერთო. ამ ინფორმაციას ისიც ამყარებს, რომ კომპანიის საიტზე არაფერია ნათქვამი საქართველოსთან დაკავშირებული გეგმების შესახებ; აუქციონში გამარჯვებაზეც არაფერი წერია.
_ ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია უბრალო ჭორია. Lydian-ის წარმომადგენლები პირდაპირ არიან ჩართულები ამ პროცესში. ამას ისიც ამყარებს, რომ აქაური კომპანიის დირექტორად დანიშნული ჰყავთ პირი, რომელსაც Gოოგლე-ში ან მათ საიტზე თუ მოძებნით, ნახავთ, რომ არის კომპანიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. თანაც, საჭიროა უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, რომ 9 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი სასარგებლო ლიცენზიის კვლევა-მოპოვებისთვის, ანუ ჯერ მოპოვებამდე საჭიროა კვლევა-ძიების ჩატარება, რაც როგორც წესი, რამდენიმე წელი მიმდინარეობს. როგორც მახსოვს, კანონით შეიძლება 5 წლამდე.
რაც შეეხება პრესს-რელიზს, აღნიშნული აუცილებლად იქნება, რადგან ჯერ მხოლოდ აუქციონი ჩატარდა, საჭიროა კიდევ სხვა წინაპირობების დაკმაყოფილება, სანამ ფიზიკურად გაიცემა ლიცენზიის მოწმობა. ამიტომ, Lydian ალბათ, წინ არ გაუსწრებს მოვლენებს და როცა უკვე რეალურად მოიპოვებს ლიცენზიას, შემდეგ განათავსებს პრესრელიზს საკუთარ საიტზე. აუქციონში გამარჯვება ჯერ სულაც არ ნიშნავს, რომ Lydian-მა უკვე ლიცენზია აიღო. შესაბამისად, განცხადება გაკეთდება უკვე ლიცენზიის აღების შემდგომ, _ გვითხრა ფიფიამ.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზოტის ოქროს საბადოს 40-წლიანი ლიცენზიის მფლობელი ნამდვილად “ჯორჯიან რესორს კომპანია” გახდა, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა:
_ თქვენი ინფორმაცია არის სწორი: “საქართველოს რესურსების კომპანია” იღებდა მონაწილეობას აუქციონში, რომელიც იქნა გამოცხადებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ. ჩვენ დავსახელდით როგორც ამ აუქციონის გამარჯვებულნი და მივიღეთ უფლება, გამოგვეკვლია და ამოგვეღო სულფურისა და კალციუმის მინერალები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ზოტში, ოქრო _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და გამოგვეკვლია ზოტის მიმდებარე ტერიტორიები, _ აღნიშნულია კომპანიის მიერ მოწერილ წერილში.
როგორც გამარჯვებული კომპანიის სათაო ოფისიდან მოგვწერეს, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო, რომ დაასრულონ მიმდინარე ფორმალური პროცესები იქამდე, სანამ დაიწყებენ მოქმედებებს.
არც გამარჯვებული კომპანიის შესახებ და არც აუქციონის ჩატარების შესახებ არაფერი იციან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და სოფელ ზოტში. როგორც ზოტელები გვეუბნებიან, ჯერ კიდევ კომპანიის რეგისტრაციამდე, გასული წლის ზაფხულში, ზოტის ოქროს საბადოებს სომეხი გეოლოგები ესტუმრნენ:
_ აქ ყოველ წელს მოდის ვიღაც. ამოწმებენ, იკვლევენ. თუმცა, არავინ არაფერს ამბობს, _ აღნიშნავენ ჩვენს გაზეთთან საუბრისას ზოტელები.
ისინი იხსენებენ შევარდნაძის პერიოდსაც, როცა ამ საბადოებით ლევან მამალაძე დაინტერესდა: _ ორჯერ იყო ჩამოსული ლევან მამალაძე. ხალხი ახლდა. აპირებდა, რომ ჩვენ წალკაში ჩავესახლებინეთ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ზოტში ოქროს მოპოვების სამუშაოები დაიწყებოდა, სოფელში ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას ახმედ ართმელაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს 12 მძიმე მეტალი _ სპილენძი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კალა, ტყვია, ვანადიუმი, ქრომი, მოლიბდენი, მანგანუმი, ნიკელი და სტრონციუმი. განსაკუთრებით ტოქსიკურია კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია და სტრონციუმი. მათ ახასიათებთ მაღალი ტოქსიკურობა და ორგანიზმში დაგროვების უნარი. მძიმე მეტალები სხვადასხვა სახის დარღვევებს იწვევენ _ კადმიუმით მოწამვლა ძვლების “დარბილებას” და თირკმლების დაზიანებას იწვევს, ახასიათებს ძლიერი ტკივილები სახსრებსა და ზურგის არეში. კადმიუმი და რამდენიმე მისი ნაერთი ცნობილია, როგორც კანცეროგენური და მრავალი სახის სიმსივნის გამომწვევია. ამასთან, კადმიუმს ნახევრად გამოყოფის ხანგრძლივი დრო გააჩნია _ 10-30 წელი. დაბინძურებულ წყალში დაჭერილი თევზის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია.
ეს საფრთხე კარგად აქვთ ზოტელებს გააზრებული. ისინი კაზრეთის მაგალითს იხსენებენ და ამბობენ, რომ წლების წინ ონკოლოგიურ კლინიკის მისაღებ განყოფილებაში კარზე ასეთი წარწერა ჰქონდათ გაკრული: “ჩერნობილში ნამყოფები და კაზრეთის მოსახლეობა _ ურიგოდ”.
_ 25 კილომეტრის რადიუსზე არ შეიძლება მოსახლეობის გაჩერება. თუ სამუშაოები დაიწყება, იძულებულები ვიქნებით, აქედან წავიდეთ. მაგრამ სად წავიდეთ? ვის აქვს ამის საშუალება? მთელი სოფელი უნდა ასახლდეს. მოგვცენ კომპენსაცია, წავალთ და მერე რაც უნდათ, ის ქნან. ჩვენ არ შეგვიძლია მთავრობას შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ის ვიცი, რომ კაზრეთში დღესაც საშინელება ხდება. 30 წლამდე ვერ ცხოვრობენ და ბავშვების უმეტესობა მახინჯი იბადება, _ აღნიშნა ზურაბ ჭელიძემ.
ზოტელების ინფორმაციით, სოფელში ოქროს 15-მდე მაღაროა, რომელსაც ერთმანეთთან გვირაბები აკავშირებს. ახლა იქ შესვლა შეუძლებელია, რადგან ზოგ მაღაროს მიწა ფარავს. ზოგსაც _ ეკალ-ბარდები.
“გურია ნიუსმა” ზოტის ოქროს საბადოები მოინახულა. ერთი სოფელთან ძალიან ახლოსაა და სამანქანო გზაც მიდის. მეორე კი შუაგულ ტყეშია, რომლის მისაგნებადაც დათვის ნაკვალევს უნდა გაჰყვეთ. ჩვენც დათვის ნაკვალევს გავყევით და სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჭელიძის დახმარებით, რამდენიმე საბადო ვიპოვეთ:
_ მე ლეგენდა მგონია, თუმცა, უხუცესები ამბობენ, რომ როცა პირველად აქ ოქროს შემცვლელობა გაზომეს, მკვლევარებმა იფიქრეს, რომ აპარატი გაფუჭდა, იმდენად მაღალი იყო პროცენტობა. მერე ახალი აპარატი ჩამოიტანეს, თუმცა ახალმაც იგივე პროცენტი აჩვენა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თამაზ ჭელიძემ.
სოფლის უხუცესები ამბობენ, რომ იმ ღელეებში, რომელიც საბადოებთან ახლოს ჩამოდის, თევზი არასდროს უნახავთ. თამაზ ჭელიძე ფიქრობს, რომ ეს ოქროსთანაა დაკავშირებული:
_ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც ამ ღელეებში თევზი ჰყავს ნანახი. ქვირითობის დროსაც კი არ ჩერდებიან წყალში. მე გეოლოგი არ ვარ და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მიწაში არის ნივთიერება, რის გამოც, თევზი წყალში არ ჩერდება, _ აღნიშნა ჭელიძემ.
გარდა ამისა, ზოტელები ირწმუნებიან, რომ მაღაროებთან ძალიან ხშირად ეცემა მეხი, რასაც ურანის დიდ რაოდენობას უკავშირებენ:
_ კვირა არ გავა, მეხი არ ჩამოვარდეს. ზოგჯერ ყოველდღე ვარდება. გამიგონია, რომ ეს ურანის დიდი რაოდენობის გამოა, _ აღნიშნა ახმედ ართმელაძემ.
ზოტელი უხუცესების თქმით, ზოტის მთებში ურანის რამდენიმე საბადოა, თუმცა, ეს ინფორმაცია ამ დრომდე ტაბუდადებულია. ზოტში იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ოქროს საბადოებზე კვლევა-ძიება მიმდინარეობდა:
_ მაშინ ითქვა, რომ ურანი ბევრი იყო. მე მაღაროებში არ მიმუშავია, თუმცა, ბევრი რამ გამიგია. მათ შორის, სოფელში ურანის საბადოს არსებობის შესახებაც, _ იხსენებს ახმედ ართმელაძე.
როგორც შევიტყვეთ, ზოტის ოქროს საბადოებზე და ურანზე, კომუნისტების პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, თუმცა, ყველა მათგანს “გრიფით საიდუმლო” დაედო. ამბობენ, რომ გასაიდუმლოების მიზეზი ის საფრთხეა, რომელსაც ამ საბადოების გახსნა გამოიწვევს.
“გურია ნიუსმა” შეძლო დაკავშირებოდა ერთ-ერთ მეცნიერს, რომელიც ამ საბადოების კვლევაზე მუშაობდა. მას საკუთარი ვინაობის გახმაურება არ სურს და ამბობს, რომ ოფიციალური ინფორმაციის მოძიება ამ საკითხზე შეუძლებელია:
_ ეს არ არის ორი სიტყვით ასახსნელი თემა. ეს არის მიწაში ჩამარხული ბომბი. ზოტში, მართალია ძალიან დიდია ოქროს მოპოვების შანსი, მაგრამ ასევე დიდია საფრთხე, რომელიც არა მარტო სოფელს, არამედ მთელ ჩოხატაურს შეუქმნის საშიშროებას. რას ფიქრობთ, რატომ არ დაიწყეს საბადოებზე მუშაობა კომუნისტებმა? მაშინდელმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ სამუშაოების შემთხვევაში, მთელ რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრებოდა. სხვათაშორის, თუ დაინტერესდებით და მოიკვლევთ, ნახავთ, რომ ზოტში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ცოტა არაა. ჩოხატაურიც ერთ-ერთი პირველია იმ რაიონებს შორის, სადაც სიკვდილიანობის მიზეზი სიმსივნეა. არსებობს მეცნიერთა კატეგორია, რომლის ნაწილი ამას ჩერნობილის კატასტროფას უკავშირებს. მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ ზოტში კვლევების ჩატარებისას გაირკვა სოფელში რადიაციის მაღალი ზონის არსებობა, რაც სწორედ ურანთან უნდა იყოს კავშირში. არ იყვნენ კომუნისტები სულელი ხალხი _ მათ ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. სწორედ ამიტომ არ დაიწყეს სამუშაოები, თორემ ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა საბადოების მოძიება-გათხრებზე, _ გვითხრა რესპონდენტმა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად რეალურია ეს ისტორია. ყოფილი ხელისუფლების ყოფილ ჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ზოტში სამუშაოები არ დაიწყება. ამ ფიქრის საფუძველს, შევარდნაძის მმართველობის დროს გამოცხადებული ორი ტენდერი აძლევთ, რომელშიც უცხოურმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, თუმცა, ყველაფერი მხოლოდ განცხადებების დონეზე დარჩა. როგორც გვეუბნებიან, ასეთი სახის აუქციონები საუკეთესო ხერხია ფულის “გასაპრავებლად”.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში შეუძლებელია შევარდნაძის დროს ჩატარებულ აუქციონებზე ინფორმაციის მოძიება (თუმცა, ჩვენმა გაზეთმა ძველი აუქციონის დოკუმენტაციის მოპოვება საკუთარი წყაროებით შეძლო), შესაბამისად უცნობია, იცოდა თუ არა “ჯორჯიან რესორს კომპანიამ” რაიმე აღნიშნული აუქციონების შესახებ. როგორც კომპანიის სათაო ოფისიდან გვაცნობეს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს მალე მოგვაწვდიან. შესაბამისად, “გურია ნიუსი” ამ თემას უახლოეს მომავალში, ცხადია, კვლავ დაუბრუნდება.