(გურია ნიუსი) _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიციის ყოფილ უფროსს გია ურიდიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ურიდიას გირაო საქართველოს კოდექსის 332-ე მუხლით შეეფარდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.
თუ რას ედავებიან გია ურიდიას, ამის გარკვევას თავად მისგან შევეცადეთ, მაგრამ სატელეფონო ზარმა იგი რატომღაც გააღიზიანა და ჩვეულებრივი “პოლიციური” პასუხი გაგვცა: _ ა, ბიჭო ნუ ზღაპრობთ, მოიცადეთ. საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! კარგად გაარკვიეთ და გადაამოწმეთ, _ გვითხრა გია ურიდიამ, თუმცა საინტერესოა, თუ მას არა, ვის შეუძლია უკეთ გაგვარკვიოს, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით.
“გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურიდიას სამართალდამცავებთან ორი წლის წინ ურეკში მომხდარი ფაქტის გამო მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა; საქმე ეხება ოზურგეთის ყოფილი პროკურორის ილია ჯალაღანიას შვილთან დაკავშირებულ ინციდენტს.