ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ელგუჯა ჩხაიძე გურიის პოლიცმაისტერ დავით ცირეკიძეს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც სრულად და სტილის დაცვით გთავაზობთ:
“მინდა საზოგადოების გასაგონად მოგმართოთ. თქვენ, მიმდინარე წლის 13 იანვარს, მამაჩემის ფერმის შენობიდან ამოიღეთ თქვენს მიერ “მეშოკში” ჩადებული ავტომატი უმჭიდოთ. ეს აფიორული ოპერაცია განახორციელა ლანჩხუთის პოლიციის სამმართველომ, რითაც მოგეცათ ჩემი დაკავების საშუალება. თქვენ და თქვენი მოადგილეები: ალექსანდრე ბირთველიშვილი და ლაშა ჩიკვილაძე ცდილობდით, რომ მეღიარებინა, ავტომატი ჩემი კუთვნილება იყო და საპროცესო გარიგება შედგებოდა. 4 საათი მიმდინარეობდა სიტყვიერი ზეწოლა და მუქარა, რომ შვილს კვლავ დამიჭერდით. შიგადაშიგ მეკითხებოდით, რატომ ვიყავი განაწყენებული ხელისუფლებაზე და რა არ მომწონდა. ჩიკვილაძემ დასძინა, მომინდომა ამან დემოკრატიაო. ნათელი ხდებოდა, რომ ჩემი დაჭერა პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. მე თქვენ გითხარით, რომ ავტომატი არ მქონია და არც მაინტერესებს, მაგრამ თუ დამჭირდა, არც ისე ძნელია მისი მოპოვება,-მეთქი.
იმ კაბინეტიდან გამოსულმა თქვენმა მოადგილეებმა, სადაც თქვენ იჯექით, შემიყვანეს მეორე კაბინეტში _ ხელებზე უკან მაგრად მომიჭირეს ხელბორკილი, წამაქციეს დივანზე და ძალით ამიღეს ანაბეჭდები ნივთმტკიცებაზე. ასე შემახვედრეთ კალანდა ღამეს.
მინდა შეგახსენოთ, რომ თუ პოლიცია სამართალს არ ემორჩილება, მაშინ ის ავაზაკთა ბანდაა. მოვა დრო და ყველა ავაზაკი, მოძალადე და ცრუ მოწმე პოლიციელები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. თქვენ კი თქვენივე საქციელით გამიასმაგეთ ბრძოლის უნარი და უამრავი თანამოაზრე შემაძენინეთ, რისთვისაც მადლობას გიხდით. ვარლამ არავიძის სიტყვებით მინდა მოგმართოთ: “დოქსოპულოებო, თქვენ დედა გყავთ?” ნუთუ თქვენს ოჯახებს შეერგებათ სისხლიანი ხელფასით ნაყიდი პური?
მე თავისუფლებისათვის ვიბრძვი და ვიბრძოლებ ყოველთვის. დიდმა აკაკიმ თქვა: “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლებისათვის ბრძოლაში მკვდარი”.
შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ჩხაიძე 13 იანვარს დააკავეს, ფერმიდან სამართალდამცველებმა ავტომატი ამოიღეს, ხოლო სახლში ქათმის ბუდეში მჭიდი “აღმოაჩინეს”. ოპოზიციონერი, დაკავების მეორე დღესვე, გირაოთი გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი 7 მარტსაა დანიშნული.