ეს ის ბინაა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებლად სთავაზობს. ამჟამად ამ ბინაში 2 ოჯახი ცხოვრობს. მხოლოდ დროებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლებია, აქ არიან შეკედლებული, ფართის დაკანონება ვერ ხდება.
გიორგი ბარაშვილი 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად, 20 წელზე მეტია, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი 174-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ბარაშვილის თქმით, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების და ნესტის გამო, მის 6 წლის შვილს ასთმა დაემართა.
იმის გამო, რომ ბარაშვილების სარეიტინგო ქულა 10 000-ზე მეტი და 57 000-ზე ნაკლებია, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილს დახმარებას ვერ იღებენ. როგორც ისინი ამბობენ, კოხნარის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ მათ სხვა გზა არ აქვთ: _ ორი თვის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები განქორწინდნენ. როგორც მოგვიანებით გავიგე, დედაჩემი ქმრის გადაწყვეტილებამ საშინლად განარისხა და სამაგიეროს გადახდის მიზნით, საკუთარი შვილი ანუ მე, ქუთაისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვა. ორი წლის კოჯრის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, შემდეგ წყნეთის, სამტრედიის. ბოლოს კოხნარის სკოლა-ინტერნატში მოვხვდი და იქ დავბინავდი. მას შემდეგ აქ ვარ, _ საკუთარ ისტორიას იხსენებს გიორგი.
ამ ბინაში, მეორე მობინადრე, მაია ლორიაა. მისი ოჯახის სამი წევრიდან სამივე უმუშევარია. მათი შემოსავალი, ბარაშვილების მსგავსად, მხოლოდ სოციალური დახმარებაა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ პირობებში ცხოვრება რთულია:
_ არ მგონია, აქ გადმოსვლას ვინმე დათანხმდეს, რადგან გაუსაძლისი პირობებია. ჩვენც ძალიან გვიჭირს აქ ცხოვრება, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს, _ აღნიშნა ლორიამ.
მისი თქმით, მას პატარა საბოსტნე ნაკვეთი აქვს, რომელზეც მხოლოდ მწვანილის მოყვანაა შესაძლებელი, ბარაშვილების მრავალსულიან ოჯახს კი არც ასეთი ნაკვეთი აქვს: _ მუშაობა არ მეზარება. ნაკვეთი რომ მქონდეს, დავამუშავებდი და ცოტა სულს მოვითქვამდი. ცოტა ხნის წინ, გამგებელს, ლელა იმედაშვილს მივმართე დახმარებისთვის. 100-ლარიან ერთჯერად დახმარებას დამპირდა, არადა, 200 ლარი მაღაზიაში პურის ფულის ვალი მაქვს. სამსახურის პოვნა კი ძალიან რთულია, _ ამბობს გიორგი ბარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გიორგი ბარაშვილი გურიის ახალგაზრდულ გაზეთში _ “21-ს ქვევით”, გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, კომპანია “ბელდინვესტის” (ეს კომპანია ჩოხატაურის წყალმომარაგების სამუშაოებს ასრულებს) ხელმძღვანელმა, ლერი მეტრეველმა დაასაქმა: _ ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდულ გაზეთს. როდესაც სამსახური გაქვს, თავს მშვიდად გრძნობ. თუმცა, ბოლო ორი თვის ნამუშევარი ამ კომპანიიდან დღესაც მიუღებელი მაქვს, _ აღნიშნა ბარაშვილმა.