ოზურგეთის ა(ი)პ სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ვეტექიმი თამაზ კილაძე, იონჯის სიკეთესა და მისი მოშენების აუცილებლობაზე გვესაუბრება. მისი განმარტებით, სრულიად შესაძლებელია იონჯით ნაკვები ძროხის რძის ნაწველის არა თუ გაზრდა, არამედ გაორმაგება.
ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა, რომელიც შეიცავს საყუათო ნივთიერებებს და ცილების დიდ რაოდენობას.
საქართველოში არსებული ნიადაგის ტიპებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შეგვიძლია, სეზონის განმავლობაში, ორ ნათიბ ჰექტარზე მივიღოთ 35-50 ცენტნერი თივა. იონჯის ნათესის გამოყენება შესაძლებელია ხუთი წლის განმავლობაში.
იონჯა მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელ მცენარეებს. არის მრავალწლიანი, (საშუალოდ 5-7 წელი) და გვალვაგამძლეობით გამოირჩევა. იონჯა სწრაფად ივითარებს ღრმა ფესვთა სისტემას, რომელიც იძლევა მაქსიმალურ მოსავალს.
არსებობს იონჯის სხვადასხვა ჯიშები: ზამთარში ნახევრად პასიური, პასიური, აქტიური და ზამთარში უაღრესად აქტიური. ზამთრის ყველაზე აქტიური ჯიში არის ავსტრიული ჯიშის იონჯა, რომელიც ვეგეტაციას არ წყვეტს ზამთრის პერიოდშიც. საქართველოში საამისო ძალიან კარგი ბაზა არსებობს. იგი იმდენად ყუათიანი და არც ისე ძნელი მოსაყვანია, რომ ბევრმა ფერმერმა უნდა მოახერხოს და დათესოს. ადვილი შესაძლებელია მან ჩაანაცვლოს ჩვენში ასე მოდებული მწყერისფეხა, რომლის თივასაც ფერმერები ზამთრისთვის საგანგებოდ არჩევენ.
იონჯის წარმოებისთვის საჭიროა შემდეგი ფაქტორები:
1. ნიადაგის დამუშავება 22-25 სმ სიღრმეზე.
2. ნიადაგის განოყიერება მინერალური სასუქებით, ერთ ჰექტარზე საჭიროა 500 კგ სუპერფოსფატი და 200 კგ ამოფისი.
3. იონჯის თესვა კარგია ადრე გაზაფხულზე, მარტის პირველ ნახევარში ან შემოდგომით. ნორმად მიღებულია 2-3 სმ სიღრმეზე მოხნულ ნახევარ ჰექტარზე ორი კილოგრამი სათესლე მასალა, სხვა ბალახეულთან, მაგალითად, სამყურასთან შერევით. სასურველია იონჯის თესლის სილაში შერევა და ისე დათესვა. დათესვის შემდეგ სასურველია ნიადაგის დატკეპნა.
იონჯის ფართობში ნახირის შერეკვა მოსაძოვებლად, დაუშვებელია. მარტივი გათვლით ერთ ძროხას ზამთრის განმავლობაში სჭირდება 70 ცალი სტანდარტული იონჯის ტუკი. დღიურად თუ მივცემთ ერთ ტუკს, მას სჭირდება 0, 2 ჰა ფართობი. იონჯა-სამყურას თესვა სასურველია ნეიტრალურ ან ტუტე რეაქციის ნიადაგებზე. მჟავე ნიადაგების არსებობის დროს, სასურველია ნიადაგის მოკირიანება.