“გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამის გამო დამძიმებულია და ბოლო ერთი თვე პასიურობდა კიდეც:
_ პირადად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს თუ არა იმ პროგრამებს, რომელსაც ამ ეტაპზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო?
_ რა თქმა უნდა მე დიდ ყურადღებას ვUთმობ, თუმცა, ყველა წვრილმანს ვერ გავაკონტროლებ პირადად. გამოძიების დაწყების შესახებ რამდენიმე თვეა საქმის კურსში ვარ… ამან გარკვეულწილად ხელი შემიშალა. მიჭირდა თათბირების მოწყობა მათთან. პროცესების ორგანიზება შეიძლებოდა უკეთესად. ჯერ კიდევ არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ბევრი კითხვები მაქვს მე თვითონ. საერთო ჯამში ვაკონტროლებ სიტუაციას.
_ ბატონო ბიძინა, ბარათებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. მხოლოდ “გურია ნიუსის” რედაქციის მაგალითით რომ გითხრათ, ერთ თანამშრომელს სულ არ მოუწია, ერთმა ორი მიიღო, ერთს კიდევ 15 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუის სახელზე მიუვიდა. სიებთან დაკავშირებით, რომლებიც სამინისტროში გაიგზავნა და რომლის მიხედვითაც რიგდება ბარათები, ბევრი შეკითხვა არსებობს და შესაბამისად, უკმაყოფილო ხალხიც…
_ ხალხი უკმაყოფილია იმიტომ, რომ ვინმეს არ მოუწია ბარათი?
_ ვიღაცას სულ არ მოუწია, ვიღაცას მეტი, ვიღაცას ნაკლები….
_ ეს პროცესი, რამდენადაც სწრაფად ხორციელდებოდა, არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იდეალურად ორგანიზებული, თუმცა, შეიძლებოდა უკეთესიც. მეც მაქვს გარკვეულწილად შენიშვნები, მაგრამ ახლა იცით რაც ხდება სამინისტროში და არ მინდა დასკვნები წინასწარ გავაკეთო. არც ზედმეტად წავახალისო ვინმე და არც ზედმეტად გავაკრიტიკო, რამეთუ ძალიან რთული პროცესია ახლა _ გამოძიება მიდის.
_ ქარხნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომლის გახსნას აანონსებენ მაჟორიტარები… მაგალითად ბატონი თემურ ჭკუასელი (ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი) ამბობს, რომ ჩოხატაურში რძის გადადამამუშავებელი ქარხანა უნდა გაიხსნას. ბაზრის კვლევას თუ აწარმოებთ…
_ ეს პროცესი მიდის ძალიან ნელა. მქონდა გეგმა, რომ საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გახსნილიყო. რეგიონში ერთი ქარხანა მაინც. მგონი, რომ მოვახერხებთ. შეიძლება ასიც გავხსნათ, თუმცაღა ძალიან ნელა განვითარდა პროცესები. შეიძლება ამაში ბევრი ობიექტური მიზეზები იყოს, ვიდრე სუბიექტური. ახლა, ანალიზი ცოტა რთულია. კიდევ შევხედოთ. მართალი გითხრათ მე ერთი თვეა ცოტა ვპასიურობ რამეთუ გამოძიება მიდიოდა. ხასიათი ცოტა გამიფუჭდა. გუნდმაც იცოდა, რომ გამოძიება მიდიოდა და ცდილობდნენ, რომ ამაზე გადამეტანა ყურადღება და მარწმუნებდნენ, რომ უნდა შემეჩერებინა. მე რათქმაუნდა არ ჩავერიე გამოძიებაში და არც ჩავერეოდი. ცოტა დამძიმებული ვარ მართალი რომ გითხრათ.
_ ვინ გარწმუნებდათ, რომ გამოძიება უნდა შეგეჩერებინათ?
_ თვითონ არ უნდოდა სამინისტროს და მინისტრს სურვილი ჰქონდა, რომ აი, ჩვენ შეგვეშლება ხელი ამ პროცესებში და ასე შემდგომ. რომ აი, აქ ხელს მიშლიან _ ამის მსგავსი გამონათქვამები ჰქონდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს ნორმალური პროცესებია. თუ გამოძიებიდან კითხვები არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს. არა უშავს, ზოგადად, საწყისი ასეთია. საერთო ჯამში, მაინც ბევრი გაკეთდა და ბევრი გაკეთდება. ნელ-ნელა ხარვეზებსაც გამოვასწორებთ და ამას მაინც წარმატება ექნება.