_ ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ვითხოვთ დამნაშავის მხილებას, _ აცხადებს აქციის ერთერთი ორგანიზატორი ვასილ გობრონიძე. მისი განცხადებით, გამგებელი სამსახურში არ დადის.
_ საერთოდ არ ვიცით სად დადის, რას შვრება, თბილისში და კახეთში ყოფილა გავიგეთ. ჩვენზე ხომ იძახის და თქვენთან განაცხადა, როგორც ვიცით ოფიციალურად, რომ გამგეობის წინ უავტორიტეტო ხალხი ზისო, გავიდეს ერთი ხალხში და იკითხოს, რა ავტორიტეტით სარგებლობს თვითონ, მის დანაშაულებებზე რატომ არ გითხრათ არაფერი?
_როგორც ვიცით, პროკურატურას მიმართეთ განცხადებით.
_ჩვენ გავაგზავნეთ პროკურატურაში და რამდენიმე უწყებაში წერილი, სადაც ვითხოვთ გამოძიების დაწყებას რამდენიმე ფაქტთან და საკითხთან დაკავშირებით, მოგვივიდა პასუხი, რომ საქმე გადმოეგზავნა ჩვენს პროკურატურას რეაგირებისთვის. ვნახოთ, რა იქნება, დანარჩენი გამოძიების საქმეა….ხელს განცხადებას კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი აწერს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს არ პასუხობს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამდენი სულელური განცხადებების გამო? და თქვენც რას უსმენთ, ვერ გავიგე?
_ ბატონო კოტე, რა ხდება პროკურატურასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით თქვენს წინააღმდეგ განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურატურას.
_ ჰკითხეთ პროკურორს, რა ხდება, მე რა უნდა გითხრათ ვერ გავიგე?!..არ ვაკეთებ კომენტარს, გვითხრა შარაშენიძემ.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახა კოჩივარი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე მოკვლევა დაიწყო.
_შემოსულია კოლექტიური განცხადება, მას აწერს რამდენიმე პირი ხელს, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმება ჩატარდება, დაიკითხებიან აღნიშნული პირები, განცხადების ავტორები, ამის შემდეგ შეჯამდება ყველაფერი და თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, მოხდება სათანადო რეაგირება. განცხადებაში რამდენიმე მოთხოვნაა აღნიშნული.
_ ანუ, შესაძლოა გამგებელიც დაიკითხოს …
_ ყველა ის პირი დაიკითხება, ვინც განცხადებაში არის ნაჩვენები, მათ შორის ოზურგეთის გამგებელიც, რა თქმა უნდა, გვითხრა კოჩივარმა.
“კანონდარღვევით მოხდა გამგებლის კონსტანტინე შარშენიძის დანიშვნა, 06.12.2013 წელს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა 10.12.2013 წელს ოზურგეთის საკრებულოს წარუდგინა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილის 45% წარმოადგენს ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც წინასაარჩევნოდ გაბერილ შტატებს აფინანსებდა, ბიუჯეტის მხოლოდ 7 %-ია გათვლილი სოციალურ ხარჯებზე, დღემდე გრძელდება ბიუჯეტიდან აიპიების არამიზნობრივი სუბსიდირება, რაც ბიუჯეტს დაახლოებით ყოველწლიურად 500 000 ლარამდე ზარალს აყენებს.
არაფხიზელ მდგომარეობაში და შეიარაღებული კოტე შარაშენიძემ 2013 წლის 15 იანვარს თავს დაესხა “ქართული ოცმნების” წარმომადგენელს ნესტორ რამიშვილს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი 450 000 ლარის ხარჯვა მიმდინარეობს არამიზნობრივად და კანონდარღვევით. არ არსებობს სტიქიით მიყენებული ზიანის დამთვლელი კომისიის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ. 28.06 2013 წელს, დაახლოებით 19 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი აქციის დარბევას, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან საპროტესტო პლაკატების დახევაში, მომიტინგეთა მიმართ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შექმნა მოძალადეთა ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა მშვიდობიანი აქციის ჩაშლის რამდენიმე მცდელობა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებები და ფაქტები აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოძიებული, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც კოალიცია |”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მიმართეს.
სტატიები მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.