ასევე, თანამდებობა დატოვა შპს “გურია-2000”-ის დირექტორმა კახა ებრალიძემ. მოგვიანებით ირკვევა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელიც, თემურ ლორიაც უარს ამბობს გუნდში მუშაობაზე, როგორც თავად ამბობს, “თუ მასთან ერთად არ იქნებიან ის ხალხი, გურიას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით.”
ამჯერად ირაკლი ფაცურიას ადგილს “ქართული ოცნების” წევრი კობა მირზაშვილი იკავებს. როგორც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გოგინეიშვილი ” გურია ნიუსთან ” ამბობს, ფაცურიამ მართლაც დაწერა განცხადება და მის ადგილს დროებით კობა მირზაშვილი იკავებს: ” ჩემმა მოადგილემ, ზვიად აფხაზავამ დამირეკა და მითხრა, რომ ფაცურიამ დაწერა განცხადება და მოვალეობის შესრულება ვიღაცას უნდა დაეკისროსო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ორ კვირაში უნდა დაინიშნოს ახალი დირექტორი, მნიშვნელობა არ აქვს საფეხურებრივად მოვალეობას ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და დაინიშნა კობა მირზაშვილი. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ლიტვიდან და კარგად ვერ ვერკვევი ამ პროცესებში. გავესაუბრები გამგებელს, რადგან ის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობა ამის შესახებ.”
მოგვიანებით “გურია ნიუსი” კობა მირზაშვილს დაუკავშირდა და მისგან მოისმინა თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.
კობა მირზაშვილი: _ ყველა დაინტერესებული ვიყავით, რამე შველებოდა გუნდს, ვინაიდან იგი დღემდე არ შეკრებილა. ერთი კვირის წინ შევიკრიბეთ გამგებელთან. თემურ ლორია და ირაკლი ფაცურიაც ესწრებოდა შეხვედრას. ჩამოვწერეთ, ვინ ჩამოგვყავს, უმაღლესი ლიგის რომელი ფეხბურთელი რა თანხაზე წამოვა ლანჩხუთში. ვერ ჩამოვყალიბდით ხელფასებზე, თუმცა, გაკეთდა მონახაზი. საუბარი არ ყოფილა იმაზე, ვის უგრძელდება ხელშეკრულება _ მხოლოდ ვისაუბრეთ გუნდზე. მერე გამგებელმა მიმართა თემურ ლორიას და ირაკლი ფაცურიას, ჩამოყალიბდით, რა სჭირდება გუნდს და დღის ორ საათზე მოდითო. საღამოს უნდა შევკრებილიყავით და დაგვედგინა, ვის გაუგრძელდებოდა ხელშეკრულება. საღამოს მოვიდნენ კახა ებრალიძე, ირაკლი ფაცურია და თემურ ლორია გამგებელთან, მე და გია ჩხაიძეც იქ ვიყავით. გვითხრეს, ცოტა ხნით შევალ და მალე გამოვალთო. შევიდნენ. კახა და ირაკლი მალევე გამოვიდნენ, ლორია იქ დარჩა და რომ შევედით, ესაუბრებოდა გამგებელს, რომ ეს არის გუნდის ხელმძღვანელობის სია და იმ შემთხვევაში დავრჩები მთავარ მწვრთნელად, თუ ძველი შემადგენლობა იქნება ხელმძღვანელობაშიო. იმ სიაში მე და გია არ შევდიოდით. ვუთხარი თემურ ლორიას, რომ მას მიეხედა გუნდისთვის. რატომ არ აღმოვჩნდით მათ სიაში ჩვენ, არ მესმის. ამ კითხვაზე არ უპასუხია ჯერ არავის. ამის შემდეგ გამგებელმა წაიკითხა სია, მერე თემურს კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მას მიეხედა გუნდისთვის, დანარჩენი კი არ ეხებოდა. მე თუ მოვალ, ამ ბიჭებთან ერთად მოვალ, მაგათ გარეშე იქ არ ვიქნებიო. ამის შემდეგ თემური ავიდა. ასეთ სიტუაციაში საქმიანი ურთიერთობა არ შედგება.
_ რა სტატუსით ესწრებოდით გამგებელთან შეხვედრას თქვენ და ბატონი გია ჩხაიძე?
_ გამოკვეთილი სტატუსი არც მე მქონდა და არც გიას. ოფიციალური სტატუსით იყო იქ მხოლოდ ირაკლი ფაცურია. ყველა ჩვენთაგანს იმის ინტერესი გვაქვს, რომ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ “გურია”.
-_ ვინ მოიაზრება თქვენი გუნდიდან კახა ებრალიძის ადგილზე?
_ ამ კითხვაზე ამჯერად პასუხს ვერ გაგცემთ. ჩამოსულები იყვნენ დათო უგრელიძე, მერაბ თევზაძე, კობა მჟავანაძე. ყველაფერს გადავწყვეტთ და პასუხი გვეცოდინება მაქსიმუმ სამ დღეში. ერთი დიდი ოჯახი ვართ ჩვენ და ერთმანეთის გარეშე არ ვიმოქმედებთ.
_ ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ უარი განაცხადა თქვენს გუნდთან მუშაობაზე, ვინ ჩაანაცვლებს მას?
_ არის ერთი ვარიანტი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სამ დღეში შემეძლება. ისე გავაკეთებთ, რომ “გურია” დიდხანს იყოს უმაღლეს ლიგაში.
_ დარჩება ძველი შემადგენლობა თუ ძირეული რეორგანიზაცია იგეგმება?
_ ისინი თავისი გუნდით მოდიოდნენ, ჩვენც ჩვენი გუნდით მოვალთ.
_ ვინც არ დაწერა განცხადება, რადგან თქვენი გუნდის წევრი არაა, მაინც გაუშვებთ?
-_ მე თუ ჩამოვაყალიბებ ახლა გუნდს, იმ გუნდში იქნებიან ადამიანები, ვისაც ვენდობი. თითოეულმა მათგანმა არჩევანი გააკეთა _ იყო ფედერაციის არჩევნები. მიუხედავად ყველაფრისა , დადგა მომენტი, რომ კვლავ ერთხელ გავერთიანებულიყავით, თუმცა, გამოიყენეს თავისებურად… არავის არ უთქვამს მათთვის, წადითო.
_ როგორ აღმოჩნდით თქვენ ამ თანამდებობაზე, თუნდაც მოვალეობის შემსრულებლად, ვისი მხარდაჭერით? ამბობენ, რომ წავიდოდა ფაცურია, ებრალიძე და ეს იყო დაგეგმილი, წინასწარ დაწერილი სცენარი. რადგან თქვენ იყავით “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და აუცილებლად თქვენ უნდა მოსულიყავით “გურია” ხელმძღვანელობაში?
_ რადგან მე და გია ვიყავით ” ოცნებაში”, არ ნიშნავს, რომ ეს გაითვალისწინეს, დამნიშნეს მე და ძველი გაუშვეს. ფეხბურთი _ ფეხბურთია და პოლიტიკა კი პოლიტიკაა.
ამ თემაზე სასაუბროდ ირაკლი ფაცურიას ვერ დავუკავშირდით _ მას ტელეფონი გამორთული აქვს. თუმცა, მწვრთნელს, თემურ ლორიას ვესაუბრეთ:
_ თქვენ არა ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თუ “გურიადან” წავა თქვენი გუნდის თუნდაც ერთი წევრი, უარს ამბობთ გუნდის მწვრთნელობაზე. თანამდებობა დატოვა თქვენი გუნდს ორმა წევრმა. რას აპირებთ, ხომ არ შეგიცვლიათ გადაწყვეტილება?
_ მქონდა გამგებელთან შეხვედრა, წინადადება და გეგმა შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება ლანჩხუთის “გურიას ” სასარგებლოდ. დიდი დრო დაიკარგა და ეს ყველაფერი ჩვენ და ფეხბურთელების მხრებზე გადავა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
_ შესაძლებელია, რომ ფაცურია უკან დაბრუნდეს?
_ ფაცურიამ შეიძლება ტექნიკურ სფეროში იმუშაოს. შესაძლებელია ადგილების გადანაცვლებაც მოხდეს, ვინაიდან ეს გუნდს სჭირდება.
_ კობა მირზაშვილი აცხადებს, რომ სიაში, რომელიც თქვენმა გუნდმა გამგებელს წარუდგინა, თავად მირზაშვილი და გია ჩხაიძე არ არ არიან ნახსენები.
_ არანაირი სია არ მიგვიტანია. ჩვენ მივედით სიტყვიერი შეთანხმებით, ვინაიდან ა(ა)იპ-ის საკითხებს ყოველთვის ხელმძღვანელობასთან ვათანხმებდით. როდესაც ვამბობთ ძველ შემადგენლობას, იგულისხმება გია ჩხაიძეც და კობა მირზაშვილიც, _ ამბობს თემურ ლორია.