5-დღიანი სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფით საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობაც აღიარა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუსული მხარე დღემდე უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით შემუშავებულ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის შეიარაღებული ნაწილები ომამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მიუხედავად საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკისა, რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაცია დღემდე განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების ფორსირებულ მილიტარიაზაციასა და საოკუპაციო ზონის გასწვრივ მავთულხლართების გავლებას, უხეშად არღვევს რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიუსამძიმრა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და განაცხადა:
“ჩვენ არცერთი ვართ გამარჯვებული ამ ომში. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, მივუსამძიმრო დაღუპულთა შვილებს, რომლებსაც პატივი ხვდათ, ჰყავდეთ გმირი მამები. ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პირობებში ხვდება ამ წლის 8 აგვისტოს, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ამ გზას არ გადავუხვევთ, რომ ნებისმიერი ტიპის უთანხმოება და კონფლიქტი მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით. ამაში ჩვენ გვაქვს ერთმანეთის, მხარეების იმედი, პირველ რიგში, ჩვენი ოსი ძმების იმედი. შეცდომები არცერთმა აღარ უნდა გავიმეოროთ და უნდა ვისწავლოთ მომავალში ყურება და მე მჯერა, რომ ქართული მხარის პოზიცია, რომელიც 6-პუნქტიან გეგმას იცავს მკაცრად, რუსეთიც ისწავლის ამ პუნქტების დაცვას, და ჩვენ მომავალში შევძლებთ, ერთად გადავწყვიტოთ ყველა ის, რბილად რომ ვთქვათ, უთანხმოება, რომელიც გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო საქართველოს 26 ათასი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 31 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი 2009 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიხსნა.