რუსეთ-საქართველოს ომის 5 წლის თავზე საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში წარმოდგენილი იყო საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის ზონაში მყოფი ფოტორეპორტიორების გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ივანე შლამოვის და ზურაბ ქურციკიძის ფოტო მასალა. გამოფენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ომის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს მიეძღვნა.
_ დღეს ჩვენ ამ ძალიან გამბედავმა ჟურნალისტებმა მოგვცეს საშუალება, დავბრუნებულიყავით და გაგვეაზრებინა, ის თუ რამხელა ბოროტებასთან გვქონდა საქმე 2008 წლის აგვისტოში. ეს სახეები, რომლებსაც ამ სურათებზე ვხედავ, ჩვენი მოწინააღმდეგეების სამხედროები გვახსენებს ერთადერთს, რომ ისტორიიდან უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეომრების მხედრული სული რომელიც გაუტეხელი იყო ასწლეულების მანძილზე, მომავალშიც იქნება საფუძველი, ჩვენი ქვეყნის განვითარების, ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების და დღევანდელი გამოფენაც, რომელიც მოეწყო ოკუპაციის მუზეუმში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ვიდრე არ იქნება გამთლიანებული, ვიდრე ჩვენი დაჭრილი სხეული არ გამთელდება, მანამდე ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დეოკუპაციაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა. ეს ბუნებრივია უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით.
ჩვენ თავდაცვის სამინისტრო უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ეროვნულ მუზეუმთან, ძალიან კარგი იდეა დაიბადა ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რომ შევქმნათ ჩვენი საომარი მოქმედებების დროს არსებული სხვადასხვა მასალებით, მუზეუმი ჩვენი საბრძოლო წარსულის. სადაც იქნება ეს დოკუმენტაცია, სხვადასხვა ისტორიული ნივთები თავმოყრილი, რომლებიც ჩვენს მომავალ თაობებს გააცნობს, თუ რა საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორ ვითარდებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო და მე ამ იდეას მხარი დავუჭირე. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მის განხორციელებას.” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ტავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.