კარგი მოსავლის მოლოდინი გამართლდა და ამჯერად იგივე სამუშაო დაბა ლაითურის ტერიტორიაზე გახორციელდა. კომპანიების ჯგუფი („ვან რიკი“, „ჯეო მაქსი“, „სოლარ პლიუსი“), რომელსაც ბიზნესმენი ირაკლი ფარცვანია ხელმძღვანელობს, დაბა ლაითურში ერთი წელია, რაც საქმიანობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ინიციატივით, 7 აგვისტოს, ლაითურში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. ჟურნალისტებთან ერთად, ადგილზე მოხდა მიმდინარე სამუშაო პროცესების გაცნობა. როგორც ირაკლი ფარცვანიამ განაცხადა, აქ მუშაობა 2012 წელს დაიწყეს. შეიძინეს 365 ჰა მიწის ფართობი, რომლის გარკვეულ ნაწილზე უკვე გაშენებულია ლურჯი მოცვის კულტურა და პირველი მოსავალიც მიიღეს. ამ ეტაპზე, უმთავრესი საზრუნავი ლაითურში ფაბრიკის აშენებაა, რაც ძალიან მალე მოხდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესის მიმართულება, როგორც მოცვის გაშენება, ასევე საუკეთესო ქართული ჯიშის ჩაის დარგვაა. უნდა გაშენდეს კივი, სხვადასხვა ხეხილი. მოცვის პლანტაციის რიგთაშორისი ზოლები დაეთმობა, ასევე, პიტნას, ტარხუნას, სხვადასხვა მწვანილეულს. ფიქრობენ მეფუტკრეობის განვითარებაზეც, რადგან ლურჯ მოცვს სჭირდება დამტვერვა.
_ ათი თვეა, რაც პროექტი დავიწყეთ და არავის უკითხავს ამბავი. დღეს აქ პირველად ვხედავ ოზურგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს. დიდი ჩანაფიქრი გვაქვს. თანდათან ვამუშავებთ ფართობებს. შევისყიდეთ ლაითურში არსებული ჩაის ფაბრიკა, რომლის სრულ განახლებას მოვახდენთ. უნდა ჩამოვიტანოთ და დავამონტაჟოთ სპეციალური ხაზი, რომელიც პირველი იქნება ამიერკავკასიაში და მისი მეშვეობით მოხდება სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირის დამზადება, _ თქვა ირაკლი ფაღავამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ სურგულაძემ განაცხადა, რომ გურიაში სოფლის მეურნეობის გადარჩენაზე ფიქრი მხოლოდ ჩაიზე აქცენტის გაკეთებით იწყება.
_ რა თქმა უნდა, კონცეფცია ჩაის აღორძინების შესახებ მალე დაიდება. ამაზეც მუშაობს აღნიშნული კომპანია ოზურგეთელ მეცნიერებთან ერთად. თუმცა, აქ არსებული მჟავე ნიადაგები შესანიშნავია მოცვის კულტურის გასაშენებლად. წინ დიდი პერსპექტივაა, უახლოეს დღეებში ამ საკითხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე, შემდეგ კი სხდომაზე განვიხილავთ, _ თქვა ავთანდილ სურგულაძემ და მადლობა გადაუხადა ბიზნესმენებს _ ირაკლი ფარცვანიასა და მამუკა ფაღავას.
როგორც ბატონი ირაკლი ფარცვანია გაგვეცნო, ის პროფესიით ექიმია, ახლა კი ავღანეთში მყოფ ამერიკულ სამხედრო ძალებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს.
_ მე არ ვარ მულტიმილიონერი, მაგრამ მაქვს საშუალება, ჩემი დანაზოგით ჩემს ქვეყანაში გავაკეთო კარგი საქმე და ხელი შევუწყო სოფლის მეურნეობის აღორძინებას, _ გვითხრა ფარცვანიამ დამშვიდობებისას.