საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის მიერ ავსტრიულ გამოცემასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ “ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე, შესაძლოა, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ“, საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე საუბარის დაწყება ნიშნავს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მოსკოვის მხრიდან არ შეჩერდება, რაც ხელისუფლებას, რომლის რიტორიკა მეტწილად რუსეთთან ურთიერთობების გაუმოჯობესების გარდაუვალობას ეფუძნება, ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს…
“ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით სიტუაცია ფაქტობრივად, უიმედოა და არ არსებობს ერთიანი სტრატეგია, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ ამ პროცესთან დაკავშირებით.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე ყოფნა მოუწევს, რომლის ძირითადი ყურადღება სხვა კონფლიქტებისკენ უფრო არის მიმართული (სირია, ირანი, ავღანეთი) და საეჭვოა, რამე ქმედითი ღონისძიება განახორციელოს რუსეთის წინააღმდეგ.
სხვა ძალისმიერი სახით წინააღმდეგობის გაწევა კი თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს ამის საშუალება არა აქვს…
ეს ნიშნავს, რომ ეს არსახარბიელო სტატუს ქვო სავარაუდოდ შენარჩუნდება და რუსეთი ბორდერიზაციის პროცესს გააგრძელებს, რათა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რომ ან შეეგუოს ე.წ. ომისშედგომ “ახალ რეალობას”, ან გადახედოს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევრაზიული კავშირისკენ,” _ უთხრა “გურია ნიუსს” კაკაჩიამ.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებზე საუბარს უფრო მკვეთრად იწყებს, რასაც ექსპერტი დადებითად აფასებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობა სანახევროა – ერთი მხრივ, ცდილობს რუსეთის ქმედებებზე საპროტესტო განცხადებები გააკეთოს, მეორე მხრივ კი ამის მკაფიოდ კეთების საშუალებას ივანიშვილის ხელისუფლების “თბილი პოლიტიკა” არ აძლევს.
“კარგა ხნის განმავლობაში მთავრობა პრაქტიკულად დუმდა “საზღვრის” გავლებასა და ცალმხრივ დემარკაციასთან დაკავშირებით, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა. ახლა ცოტა გააქტიურდნენ. საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდებენ რეაგირებისკენ, მაგრამ ევროპა არ იქნება აქტიური თუ საქართველოს მთავრობამ მკვეთრი განცხადებები არ გააკეთა, არ გამოვიდა დემარშებით და ა.შ.
არის მცდელობები ძველი კურსი გადაილახოს. თუმცა, მთავრობა ამას სიფრთხილით ცდილობს და მგონი, ჯერ კიდევ დაბნეულები არიან… ორ ცეცხლ შუა დგანან – იციან, რომ რუსეთის ამ ქმედებებს სერიოზულად უნდა დაუპირისპირდნენ და მეორე მხრივ, ძველი მიდგომა აჩერებთ,” _ ამბობს გოგოლაშვილი და მაგალითად რუსეთის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე მთავარ მეჩირაღდნედ “აგვისტოს ომის გმირის”, ნეჩაევის წარდგენა მოჰყავს.
“მეჩირაღდნესთან დაკავშირებით საქართველოს განცხადება სანახევრო იყო – ერთი მხრივ, კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ ხმა ამოიღო – მე ცოცხალი ვარო და მეორე მხრივ, აჩვენა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოთმენის რაღაც რეზერვი…
გამოვიდა, რომ ნეჩაევი არაუშავრს და ჩვენ კიდევ დავაკვირდებით ოლიმპიადის საორგანიზაციო სამუშაოებსო. ფაქტობრივად, ჩვენ მართლაც ვაპატიეთ რუსეთს მეჩირაღდნე. ბევრ რამეში ვართ დამცირებულები. საერთოდ, ოლიმპიადაშიც რომ ვიღებთ მონაწილეობას, ესეც, რა თქმა უნდა, დამცირებაა. ბევრ რამეს ვთმობთ და ვნახოთ, ეს დათმობა თუ რამეს მოგვცემს.
გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვის წინ რუსული და ოსური პრესა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ წერდა. ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს თავისი გეგმები არ შეაჩეროს, სასწრაფოდ მოახდინოს სამხრეთ ოსეთის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირება და ამ გეგმების რეალიზაციისთვის მას საზღვრის დაფიქსირება სჭირდება,” _ უთხრა გოგოლაშვილმა “გურია ნიუსს”.