მიხეილ კირცხალია, მოძრაობა “ხუდონი უნდა აშენდეს” დამფუძნებელი
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც ჩახედულნი ვართ საქმეში, ერთხმად ვეთანხმებით ხუდონის აშენებას. 20-მდე სტუდენტმა დავაფუძვნეთ ეს მოძრაობა, მაგრამ ხუდონჰესის მომხრე სტუდენტთა რაოდენობა გაცილებით დიდია. ჩვენ არ ვუპირისპირდებით, ვინც ხუდონის საწინააღმდეგო აქციებს მართავს, თუმცა გვაქვს ჩვენი აზრი. ვინც ჩაუღრმავდება საკითხს, ყველა შეგვიძლია, დავარწმუნოთ პროექტის სისწორეში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარება წარმოუდგენელია ხუდონის აშენების გარეშე, რადგან იგი იქნება ერთ-ერთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოს შეუქმნის იმის გარანტიას, რომ აღარ მოხდება ელექტროენერგიის იმპორტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რა თქმა უნდა, მტკივნეულად განვიხილავთ ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით პრობლემებს, მიგვაქვს გულთან და გვინდა, რომ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ჩაიაროს”.
ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, მათი დეკანი გია არაბიძეც ეთანხმება და ამბობს, რომ თუ საქართველომ ძალიან დიდი სისწრაფით არ დაიწყო ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების შეყვანა ექსპლუატაციაში, მომავალში ქვეყანაში ენერგოდეფიციტი შეიძლება შეიქმნას:
“დღეს შუქი გვაქვს. ეს თქვენთვის არის, თორემ ენერგეტიკოსებისთვის – არა. ეს არის ის მინიმუმი, რითაც კმაყოფილდება მოსახლეობა. მოსახლეობისთვის მიწოდებული ელექტროენერგია ეკონომიკას ვერ ქმნის. რატომ მაინც და მაინც ხუდონი?! დღეს არ გვაქვს საქართველოში ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს მილიარდ ნახევარ კილოვატ საათ ენერგიას. საქართველოში გაზი არ გვაქვს, ნავთობი არ გვაქვს, ნახშირი არ გვაქვს, ერთადერთი – ჰიდრორესურსები გააჩნია ქვეყანას, რომ მან შეძლოს თავისი ენერგო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ჩვენ გვაქვს პრობლემა ზამთრის პერიოდში. ზაფხულში გვაქვს ჭარბი ენერგია და ვყიდით. ზაფხულის დენი გვაწუხებს და ვუშვებთ წყალს. ზაფხულში არსებული ჭარბი ენერგია, არაფერში არ გვარგია ზამთარში. ამიტომ ჩვენ ხუდონი მთლიანად დაგვაკმაყოფილებს ზამთრის პერიოდში. მაგრამ მარტო ხუდონი კი არ არის საქმე, როცა ის მუშაობს, დამატებით ენგურჰესსაც გამოამუშავებინებს დაახლოებით 300-400 მილიონი კილოვატ/საათ ელექტროენერგიას. გარდა ამისა, დღეს სახელმწიფო ინვესტორს უყენებს პირობას, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% მისცეს, ეს კი 300 მილიონი კილოვატ/საათია. ანუ დაახლოებით 600 მილონ კილოვატ/საათ ენერგიას ვიღებთ. ეს კი ზამთრის პრობლემას მოგვიხსნის. ზაფხულში კი ინვესტორს შეუძლია ჭარბი დენი გაყიდოს და სახელმწიფომ მოგების გადასახადის სახით მიიღოს დამატებითი შემოსავალი”, _ აცხადებს გია არაბიძე.
დღესვე 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხუდონჰესის პროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის მდგრადი განვითრების იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძვნება მთავრობის მუშაობა. არ არის ჩატარებული პროექტის ხარჯ-სარგებლის ანალიზი, არ გამოქვყენებულა მოსახლეობის განსახლების გეგმა და რომ მთავრობა თავისი განცხადებებით ზეწოლას ახდენს იმ უწყებაზე, რომელმაც საბოლოო დასკვნა უნდა გასცეს ჰესის მშენებლობაზე. არასამთავრობოების ამ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყიყინი უწოდა, ხოლო პროექტის ხელმძღვანელმა ანზორ ჭითანავამ აღნიშნული, საკმარისი ინფორმაციის ნაკლებობას დააბრალა.
“არასაკმარისი მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი. მოსახლეობასთან, არასამთავრობოებთან, კიდევ სხვა ორგანიზაციებთან რომლებმაც არ იციან, რა არის პროექტი. ეს არასაკმარისი მუშაობა იძლევა ეჭვების საფუძველს. მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ოღონდ ეს პასუხი უნდა იყოს მყისიერი. ჩვენთან ასე ხდება, მე ვლაპარაკობ ჩემთვის, ის ლაპარაკობს თავისთვის და ამ საკითხების ერთმანეთთან შეჯერება არ ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ნაკლი, ჩვენი კულტურის ნაკლი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი”, _ აღნიშნა ჭითანავამ.
ხუდონჰესის აშენების მომხრეები თანხმდებიან იმაზე, რომ უნდა დაითვალოს პროექტის სარგებელი და ზიანი, შედარდეს ერთმანეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს, ჰესის აშენება ჯობია, თუ – არ აშენება.