2013 წლის 7 ივლისს იუსტიციის მინისტრმა სპეციალური ბრძანებაც გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული, პროკურატურამ უნდა გამოძიოს. თუმცა, რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, სადაც პოლიციელთა სავარაუდო ბრალეულობა იკვეთება, კვლავ შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს
“არსებობს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, სადაც პირდაპირ წერია, რომ პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. აქ საკანონმდებლო დონეზე კითხვის ნიშანი არ არსებობს, ეს გადაწყვეტილი საკითხია როგორც ჩვენი კანონმდებლობით, ასევევ საერთაშორისო სტანდარტით. გენინსპექციას აქვს უფრო დისციპლინური კუთხით მოკვლევის დაწყების საშუალება, მაგრამ როდესაც პირდაპირ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მაშინ პროკურატურა არ უნდა დაელოდოს სხვა საგამოძიებო ორგანოებში მოკვლევის შედეგებს და ვალდებულია დაიწყოს გამოძიება”, _ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ მართალია ამჟამად შიდაუწყებრივ გამოძიებებზე საპროკურორო კონტროლი არც ისე მკაცრია, მაგრამ ის აუცილებლად გაძლიერდება.
პროკურორების მხრიდან ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
“ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კომპლექსურად. არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პროკურატურა რეფორმირების რაღაც სტადიაზე არ დაემშვიდობება გამოძიებას. პროკურატურამ გამოძიება საგამონაკლისო წესით უნდა აწარმოოს სამოხელეო დანაშაულზე. თუ რეფორმირებული, ევროპული და ნორმალური ქვეყნის ნორმალური პროკურატურა გვინდა, ის მთლიანად უნდა გათავისუფლდეს საგამოძიებო ფუნქციისგან. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს- საპროკურორო ზედამხედველობის გამკაცრება და ნულოვანი ტოლერანტობა იმ პროკურორების მხრიდან, რომლებიც აწარმოებენ საპროცესო ხელმძღვანელობას შიდაუწყებრივ გამოძიებებზე”, _ ამბობს ნაცვლიშვილი.
უწყებრივი საგამოძიებო ორგანო რამდენიმე სამინისტროში ფუნქციონირებს. შინაგან საქმეთა , იუსტიციის, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროები საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს და გადაცდომებს საკუთარი ძალებით იძიებენ. კახა კოჟორიძის თქმით, გარდა იმისა რომ სახეზეა აშკარა ინტერესთა კონფლიქტი, ამავდროულად მათ მიერ გამოძიებული საქმეები ხშირად მაღალი სტანდარტით არ გამოირჩევა, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის დამარცხებით მთავრდება ხოლმე.