ცნობილი მეფუტკრე ნახევრად ხუმრობით გვეუბნება, რომ „ნალიაზე ლენინს თაგვების დასაფრთხობად არ ინახავს“.
“ამას ცოცხალი თავით არ ჩამევიტან ნალიედან, არც კიბით და არც უკიბოდ! საიდან წამევიღე? ქობულეთში რომ გადმოაგორეს ძეგლი, საბჭოთა კავშირი რომ დაანგრიეს პერესტროიკელებმა, მაშინ წამევიღე და მას მერე კი ვინახავ აგერ, ნალიაზე. ა, საშვიდნოემბროდაც აქ მიზის! რა გაცინებთ? ერთი მევიდეს ვინმე და მითხრას, ლენინის მერე გლეხიზა სხვამ შექმნა უკეთესი ცხოვრება? რო შექმნით, მერე ჩამევიტან, მანამდე კი იქნება აქანე! _ღიმილში სარკაზმს ურევს ჩვენი რესპოდენტი და ცხოვრების მისეულ მეტაფორულ შეფასებასაც გვთავაზობს:
“რამდენი მთავრობაც მევიდა ამ ლენინის აშენებული ქვეყნის მერე, იმდენმა შეურია ჩვენი ცხოვრების თაფლს მწარე ნაღველი. საშველი არ იქნა. ამასობაში მე მოვხუცდი. რომ არა ჩემი ღვთიური ფუტკარი, ვიქნებოდი გაღმა, მარილზე… (შორს, ელიას ციხის მიღმა იცქირება)…თურქეთიდან მოდიან აქ, ამ მიუვალ მთებში თაფლის საყიდლად, თან გვეხვეწებიან, წამოდით სტამბულში, ჩვენ გამუშავებთ ფუტკარზე, შაქარი მივცეთ, თქვენ თვეში ორი ათას დოლარს მოგცემთ და ჩვენ კარგ ბიზნესს ავაწყობთო. რა მინდა იქ, ფუტკარს ვუღალატო და თაფლი წავახდინო? მარა ბრაზი კი მერევა, ტონობით თაფლს ვიწევ და გასაღების ბაზარი არსადაა. კაი იქნება, ახალი მთავრობა კიდევ თუ არ მიეჩვევა ტყუილ დაპირებებს და თურქს ჩვენთან მოასწრებს მოსვლას”, _ დაასრულა საუბარი ბატონმა ბილალიმ და ჩვენს თხოვნაზე, “ძია ლენინთან” სურათი გადაეღო, ნალიაზე შენახული ბიუსტის გვერდით პოზირებას მშვიდად შეუდგა.