დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2” გადაცემა “კურიერში” კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ იგი ნამდვილად ხვდებოდა მოსამართლეებს, რათა პირადად აეხსნა მათთვის და მიეწოდებინა ინფორმაცია თითოეულ საკითხზე, რაც კი ამ პროცესს შეეხება. რაც მისი ვალდებულება იყო.
“მე არ მინდა დღეს, იუსტიციის მინისტრის სიტყვებზე კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოდის. თქვენი მეშვეობით უბრალოდ ინფორმაცია მინდა მივაწოდო მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთლიანად სასამართლო სისტემისთვის მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება ამ პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელია. იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, რომელიც დღეს დამთავრდება. ხვალ უკვე მოსამართლეები სასურველ კანდიდატებს აირჩევენ. მითუმეტეს განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიღაცეებს სადღაც ხვდება, აბსოლუტურად მიუღებელია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პირადად მე ყოველთვის ვცდილობდი ხშირად შევხვედროდი მოსამართლეებს და ამეხსნა მათთვის, მიმეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც მქონდა თითოეულ საკითხზე. ჩემი ვალდებულებაც არის მოსამართლეებმა ჩემგან იცოდნენ ყველაფერი, რაც კი შეეხება ამ პროცესს. რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი შეხვედრა, თანაც ღია და არა საიდუმლო. საიდუმლო შეხვედრებს თუ ვინმე აწყობდა, ეს თვითონ უნდა თქვას. ასეთი ინფორმაციაც არის. ამაზე ვესაუბრებოდი მე სწორედ მოსამართლეებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გადაწყვეტილებების მიღების წინ, სწორედ ეს გაითვალისწინონ და შემდეგ ისე გადადგან ეს ნაბიჯი.
მე შეახსენებთ, რომ ხვალ ჩვენ ვირჩევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს. ადმინისტრაციული კომიტეტის ორ ახალ წევრს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ წევრებს. ეს არის მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტები, რომლებიც მთლიანად ქმნიან და მისი საქმიანობის დიდი ნაწილს განსაზღვრავენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები შეძლებენ კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ იქ აირჩევიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც პირველ “პლანზე” ყოველთვის წინ დააყენებენ სასამართლოს ინტერესებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ და არავის მისცემენ ჩარევის უფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მათ შორის პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს და აღმასრულებელ ხელისუფლებას. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო, ჩვენმა სისტემამ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაამტკიცა. ძალიან კარგად გახსოვთ ალბათ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ დროს იქნა მიღებული, რომელიც ხდებოდა მუდმივი თავდასხმებისა და სასამართლო საქმიანობაში ჩარევების ფონზე. მიუხედავად ამისა, მოსამართლეებმა შეძლეს, ძალიან მტკიცედ დაიცვეს ის პრინციპები, რასაც ჰქვია ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ნებისმიერი დავის გადაწყვეტილებისას. ამას ადასტურებს, განვლილი წლების მაგალითად სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართული დავების შედეგები, რომლის დროსაც კერძო პირები მეტ საქმეს იგებდნენ სასამართლოში ვიდრე სახელმწიფო ორგანოები. ეს არის მონაცემები და ფაქტები, რომლებიც ჩვენს წინაშე დევს. სწორედ ამის საფუძველზე ვამბობ.
მოსამართლეები ხვალ ასევე შეძლებენ ყველას დაუმტკიცონ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება ორგანო, რომლის ნებისმიერ წევრიც პირველ რიგში სასამართლოს ინტერესებს დაიცავს. ეს ინტერესების დაცვა გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ ყოველდღიურად მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილებები, არამედ იმაში, რომ უარი უთხრან ნებისმიერ ისეთ წამოწყებას, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა დასჯას სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს დაუშვებელი იქნება და ამას სწორედ ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს პასუხს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთხელ და სამუდამოდ ისეთ სისტემაზე, როდესაც არცერთი მოსამართლის საკითხი არ დადგება, არც სადისციპლინო, მითუმეტეს სისხლის სამართლებრივი კუთხით გადაწყვეტილების მიღების გამო, რომ დაიწყოს მათ მიმართ ასეთი დევნა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რაზეც ყველა ჩემი კოლეგა, ყველა მოსამართლე უნდა შეთანხმდეს, შეთანხმდებიან და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას და საუკეთესო არჩევანს გააკეთებენ.”