კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე, მიხეილ გიორგაძის კანდიდატურის წარდგენას, უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები მოწონებით შეხვდნენ.
თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას "ძალიან მაგარი" უწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში გიორგაძის მოღვაწეობა "იყო პრინციპულად სხვა იმისგან, რითაც ჩვენი კულტურის სამინისტრო იყო ხოლმე დაკავებული."
არადა, მიხელ გიორგაძის საქმიანობა სწორედაც რომ კულტურის სამინისტროსთან იყო დაკავშირებული და თან იმ წლებში, როდესაც მოდიდან გადასული მომღერლების ჩამოყვანაზეც კი ასიათასობით ლარი იხარჯებოდა.
შპს "ისტერნ პრომოუშენის" 22, 5 %-ის და შპს " ინტერნეიშენალ ივენთის" 20%-ის მფლობელი გიორგაძის და წინა მთავრობის კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას მეგობრობის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია.
"ისთერნ პრომოუშენის" ძირითადი დამკვეთიც სწორედ რურუას უწყება გახლდათ.
აღასანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა მათ შორის დადებული არაერთი ხელშეკრულება შეისწავლა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებიც დააფიქსირა.
"სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილია 1 368,1 ათასი ლარი. მათ შორის დაუსაბუთებლად მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია შპს "ისთერნ პრომოუშენისთ ვის" ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად 1 104, 0 ათასი ლარი.
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ არის, რომ განხორციელდა თანადაფინანსება და არც ბილეთების რეალიზციასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე შეთანხმება", _ ნათქვამია კულტურის სამინისტროს 2013 წლის აუდიტის დასკვნაში.
აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, შპს "ისთერნ პრომოუშენის" მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით სამინისტროსგან მიღებული თანხის გარდა, ღონისძიების შემოსავალმა შეადგინა 577, 5 ათასი ლარი, აქედან სპონსორების თანხა 164,1 ლარი, ბილეთების რეალიზაციით კი 413,4 ათ ასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ ჯაზფესტივალის დაფინანსებისას სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაციას დამატებითი ხარჯების შესახებ და არც ის იცოდა, თუ რა მოგება დარჩა ორგანიზატორს ღონისძიებიდან, რომლის ფაქტობრივი გენერალური სპონსორიც თვითონ იყო.
საინტერესო ფაქტია, რომ მიუხედავად ჯაზფესტივალის ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებისა ( სამინისტროს წილი ზემოთ აღნიშნული ღონისძიების დაფინანსებაში შეადგენდა 65%) შპს "ისტერნ პრომოუშენთან " და შპს "ინთერნეიშენალ ივენსთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, გენერალურ სპონსორად კანონდარღვევით ( არასათანადო რეკლამის საშუალებით) გამოცხადდა "საქართველოს ბანკი", რომლის წილიც ღონისძიების დაფინანსებაში შეადგენდა 46 ათას ლარს -2,7%-ს.
2011 წლის 22 მარტს კულტურის სამინისტროსა და "ისტერნ პრომოუშენს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ( 750 ათასი დოლარი) "ისტერნ პრომოუშენს" 3 ივლისს ბათუმში კრის ბოტის და კინგის კონცერტის ორგანიზება დაევალა.
ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლისას გაირკვა, რომ "ისტერნ პრომოუშენ" ს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ქვეკონტრაქტორებთან ამერიკულ კომპანია "crative artists agency" და ინგლისურ "ambient tours inc"-თან, რომელთა მიხედვითაც სტინგის ჰონორარი შეადგენდა 300 ათას დოლარს გადასახადების გარეშე, ხოლო ბოტის ჰონორარი 90 ათას დოლარს.
გარდა ამისა, "ისთერნ პრომოუშენს" უნდა მოეხდინა კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია , დაახლოებით 1500 ცალის, თითოეულის ფასი 250 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბილეთების რეალიზაციით შემოსული 375 ათასი დოლარიდან, 100 ათასი დოლარით უნდა გაზრდილიყო ბოტისა და სტინგის ჰონორარები, ხოლო დანარჩენი 275 ათასი უნდა დახარჯულიყო ქველმოქმედებაში.
კულტურის სამინისტრომ " ისთერნ პრომოუშენს" სარეალიზაციოდ გადასცა არა 1500 ბილეთი, არამედ 200 ცალი ფეხზე დასადგომი და 858 დასაჯდომი ბილეთი, დანარჩენი 1152 ბილეთი კი სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა.
ამის შედეგად, ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ, შეადგინა 344 ათასი ლარი, ნაცვლად 375 ათასი დოლარისა.
შემოსული თანხა საქველმოქმედოდ გადაირიცხა, ხოლო დამატებითი ჰონორარები, ანუ 100 ათასი დოლარი, "ისთერნ პრომოუშენმა " გადაიხადა არა რეალიზაციიდან შემოსული თანხით, არამედ ჩართო სამინისტროსადმი წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში და ანაზღაურდა ბიუჯეტიდან.
ამის შედეგად, ბიუჯეტიდან არაეკონომიურად გაიხარჯა 227, 9 ათასი ლარი.
კულტურის სამინისტროსა და "ისტერნ პრომოუშენს" შორის 2011 წლის 1 ნოემბერს და 6 დეკემბერს გაფორმდა ორი ხელშეკრულება, 1 735 ათას და 761 ათას დოლარზე.
კომპანიას 31 დეკემბერს, ბათუმში, საახალწლო კონცერტის ორგანიზება და ხულიო ეგლესიასის ჩამოყვანა დაევალა.
სამინისტრომ ღონისძიების ორგანიზებაში 4, 134, 3 ათასი ლარი გადაიხადა. ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ "ისტერნ პრომოუშენს" 110 ათას დოლარიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ამერიკელ არტისტ კეროლინ კემპბელთან, აქედან 50 ათასი მოთხოვნილი იყო უშუალოდ კონცერტში მონაწილეობისათვის, ხოლო 50 ათასი წარმოადგენდა დავალიანებას, რომელიც ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არ იყო.
10 ათასი კი იყო კრის ბოტის მიმართ ვალდებულების გამოსასყიდი, რაც ასევე არ იყო დეტალურად განმარტებული.
პასუხისმგებელი პირების გამოკითხვით და საბუღალტრო დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ ზემოხსენებული დავალიანება – 50 ათასი დოლარი სამინისტროს არ ერიცხებოდა, მისი წარმოშობის და ვალდებული სუბიექტის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, ინფორმაციას არ ფლობდნენ არც შპ ს "ისთერნ პრომოუშენის" პასუხისმგებელი პირები.
შედეგად სამინისტრომ ზედმეტად გადაიხადა არარსებული დავალიანება 115, 9 ათასი ლარი დანარიცხების გათვალისწინებით.
ასევე, გაირკვა, რომ ზემოხსენებული კონცერტის ორგანიზებისთვის, ბიუჯეტმა გაიღო ზედმეტი ხარჯი შპს "ჰორიზონ ტვ სტუდიისათვის", რომლის 100% წილის მფლობელი პროდიუსერი დავით გერსამიაა.
კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო ღონისძიების ტრანსლირება უზრუნველყო, თუმცა ამის მიუხედავად, "ისთერნ პრომოუშენმა" ვიდეო გადაღების მიზნით, კერძო შპს-ს ხელშეკრულება 75 ათას ლარზე გაუფორმა.
საინტერესო ფაქტია, რომ "ჰორიზონ ტვ სტუდიამ" გადაღება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექპერსონალისა და მოძრავი სატელევიზიო სადგურის გამოყენებით განახორციელა.
ზემოხსენებული ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემოწმების დროს აღმოაჩინა.