"საქართველოს დამოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი, ირაკლი პაპავა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, თავისი მოსაზრება აქვს.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალმოწვეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ რეგლამენტის დოკუმენტი წაიკითხა, სადაც ერთ-ერთ ხარჯების საკითხზეც იმჯელა დეპუტატებმა. დეპუტატებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ეს ხარჯები აუცილებელია და საჭიროა თითოეული მათგანისთვის. დარბაზში ასევე იხუმრეს, რომ კარგი იქნება თუ ხარჯები გაიზრდება.
ირაკლი პაპავა: "ფაქტიურად, 2012 წლის 30 ოქტომბრიდან მოყოლებული, (სწორედ ამ დღეს დაამტკიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010-2014 წწ. მოწვევის საკრებულომ დადგენილება "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ") 2014 წლის ივნისის ჩათვლით, ოზურგეთში, "პენსიონერთა" ახალი კატეგორია არსებობდა "საკრებულოს წევრების" სახით;
ეს უკანასკნელნი ყოველთვიურად სწორედაც რომ "პენსიასავით" იღებდენენ ზღვრულ 500 ლარს, რომელიც, ხელფასის დარად, იქვითებოდა და ხელზე ასაღები 400 ლარი რჩებოდა.
ამასთან, საკრებულოს უკლებლივ ყველა წევრი (გარდა დავით დოლიძისა) ყოველთვიურად ხელზე ზღვრულ 400 ლარს იღებდა, მიუხედავად და განურჩევლად იმისა, იგი ამა თუ იმ კონკრეტულ თვეში ესწრებოდა თუ არა საკრებულოს სხდომებს, მონაწილეობდა თუ არა კომისიების მუშაობაში და ატარებდა თუ არა ამომრჩევლებთან კანონმდებლობით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით გათვალისწინებულ შეხვედრებს (ამომრჩევლების ყოველთვიურ მიღებას; საკრებულოს წევრის შეხვედრებს ამომრჩევლებთან სამ თვეში ერთხელ მაინც; საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენას წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც).
წესითა და რიგით, მათ სწორედ ამაში უნდა მისცემოდათ ეს ხარჯები. არადა, ამ დროს, ამ ყველაფრის ფონზე, უცნაურია, მაგრამ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, კანონის თანახმად, მათი ძირითადი სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ უნდა განხორციელებულიყო, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა; თუმცა ეს უკანასკნელნი (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და საკრებულოს ფრაქციათა ხელმძღვანელები), ხელფასთან ერთად, დამატებით საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების თანხებს მაინც იღებდნენ.
ასეთი რამ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოებში არანაირად არ უნდა დავუშვათ."