ფუტკრისთვის ყველაზე რთული პერიოდი ზამთარია. ამ დროს ფუტკრის ოჯახში წყდება აქტიური ცხოველმოქმედება, ფუტკარი გუნდად იკვრება და საკვების მინიმალური ხარჯვით ინარჩუნებს არსებობისთვის საჭირო ტემპერატურას და ტენიანობას.
ამ დროს ყოველ წამს სიფრთხილე გვმართებს, რათა მეფუტკრის მიერ დაშვებული შეცდომა ზამთარში სანანებლად არ გაგვიხდეს. ამიტომ სეზონის შესაბამისი სამუშაო დროულად და ხარისხიანად უნდა იქნეს შესრულებული.
საშემოდგომო სამუშაოების დროს, ფუტკრის ოჯახის ბუდეების შედგენისას ვხსნით საკუჭნაოებს და კორპუსებს, ბუდიდან ვიღებთ ზედმეტ ფიჭებს. საჭიროა, ყურადღება მიექცეს საზამთრო საკვებ მარაგსა და ხარისხს; ჭეო საკმარისი ოდენობით უნდა იყოს; შევამოწმოთ დედა ფუტკრის ხარისხი, ხნოვანება, ბუდის შუაგულში მოვათავსოთ კარგი ხარისხის თაფლიანი ფიჭები. სასურველია მუქი ყავისფერი, რადგან ასეთი ფიჭები სითბოგაუმტარია.
ბუდის შუაგულში არ უნდა დავტოვოთ ჭეოთი გადატვირთული ფიჭა, რომელზეც ცოტა თაფლი იქნება _ დარჩება ტიხარივით და შეიძლება, ოჯახი ორად გაიყოს. ასევე, საყურადღებოა, არ დავუტოვოთ დაუსრულებელი (ნახევრად აშენებული) დეფორმირებული და უხარისხო, სამამლე უჯრიანი ფიჭები, რომელიც ვერ უძლებს მინიმალურ ტემპერატურას და ზედ მსხდომი ფუტკრების სიმძიმით იწელება და იშლება. ფუტკარი ხშირ შემთხვევაში ასეთ ფიჭებს ვერ ეგუება, მთლიანად შლის და თავიდან ახალს აშენებს (ზოგჯერ სამამლე დიდუჯრიან ფიჭებს დროის მოგების მიზნით). ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ამაზე ცალკე კონსულტაციები გვექნება.
კარგ, ხარისხიან ფიჭას ფუტკარი სწრაფად და ხალისით აშენებს, ხდება ფიჭების, ბუდის განახლება ახლით, საიდანაც იჩეკება ახალი, ჯანსაღი ფუტკრის თაობა, ისპობა დაავადების კერები…
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს (კარგ თაფლს), კარგი ჭურჭელი ესაჭიროება, როგორც კარგ ღვინოს _ კარგი ქვევრი. პირველ ეტაპზე ეს ფიჭაა. მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ჩვენი ბიზნესის წარმატებაცაა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოზამთრებისთვის სწრაფი დაშაქრების უნარის მქონე თაფლს ჩვენში სუროს ყვავილი იძლევა. ასევე, საშიშია საზამთროდ მანანა თაფლი, რომელსაც ფუტკარი გვალვიან ამინდში იღებს. არსებობს ორგვარი მანანა თაფლი _ მცენარეული და ცხოველური. ბუდის შედგენისას თუ აღმოჩნდა დიდი ოდენობით თაფლი, ასეთი თაფლიანი ფიჭები ხარისხიანი (სამარაგო) თაფლიანი ფიჭებით უნდა შევცვალოთ, ან გამოვწუროთ და მარაგი შევავსოთ ოდნავ სქელი სიროფით (მაგალითად, სამი კგ შაქარი და ორი ლიტრი წყალი). მანანა თაფლი უვნებელია ადამიანისთვის.
ქურდობის თავიდან აცილების მიზნით, დავიცვათ ფუტკრის კვების აუცილებელი წესები. საფუტკრეში უნდა ვიყოლიოთ ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახები. სუსტ ოჯახებს ვაერთებთ და ვტოვებთ უფრო ახალგაზრდა ხარისხიანი დედით ან ვათბუნებთ ორმხრივად, ე. ი. ფუტკარს ვათავსებთ სკის შუაგულში, ორივე მხრიდან ვუდგამთ ტიხარს და დასათბუნებელ ბალიშებს, როგორც ზემოდან, ისე _ გვერდებიდან. ასევე, აუცილებელია საიმედოდ იყოს დაცული მავნებლებისგან და წყლისგან. ფუტკარს სიცივე არ აშინებს, ხოლო სინესტე ფუტკრის ოჯახში ყველაზე საშიში სენისა და გართულებების გამომწვევი ფაქტორია.
მეფუტკრეობის ამ უნიკალური დარგის რენტაბელობაზეც და მის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ არ ვიცნობთ ფუტკრის დაავადებებს და არ ვართ დაუფლებული მათთან ბრძოლის ღონისძიებებს.
ამ ბოლო ხანს, ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო მრავალი ახალი პრეპარატი გამოვიდა. პრაქტიკამ დაგვარწმუნა, რომ შემოთავაზებულ პრეპარატებს შემოწმება (გამოცდა) სჭირდება, რაც დიდ დროს არ მოითხოვს. სხვა ქვეყანაში, სხვა კლიმატში გამოყენებული პრეპარატი ჩვენს პირობებში ხშირად მიუღებელია ან სრულად არ ამართლებს. ამდენად, ბოლო გამოცდა ჩვენ და ჩვენი ფუტკარია. ამიტომ, პირველად სასურველია ახალი პრეპარატი გაისინჯოს ერთეულ ოჯახებზე და არა კომპლექსურად მთელ საფუტკრეში. პრეპარატის შეძენის დროს ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, რეგისტრირებული და სერთიფიცირებულია თუ არა პრეპარატი, შემთხვევითი პირებისგან ნუ შევიძენთ.
საფუტკრეში ვიყოლიოთ ძლიერი და ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები. ამისთვის ოპტიმალურ დროში უნდა ჩატარდეს სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებები. შემოდგომით მკურნალობასა და პროფილაქტიკას ვატარებთ იმავე წესითა და გრაფიკით, როგორც გაზაფხულზე.
მკურნალობასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ძირითადად ვატარებთ ბარტყის სხვადასხვა სახის სიდამპლეებზე. ვიყენებთ შემდეგ პრეპარატებს: ბიოვეტინი (ფხვნილი), ბაქტოფოლი (ფხვნილი), ნოლსუფაზონატრი (ფხვნილი), ბაქტოფოლი, ტეტრაციკლინი და სხვა. მათი გამოყენება ხდება მონაცვლეობით. ასევე, უნდა გამოვიყენოთ ვარუატოზი, ვაროსტოპი, ეკოსტოპი, ვარაკომი, მავრილი.
ნოზემატოზის საშემოდგომო დამუშავება: ნოზესტატი, ფუმაგილინი, აპიმაქსი, ნოზალი. კარგად დაზამთრებული ფუტკრის ოჯახები ზამთრის პერიოდში დიდ მოვლა-პატრონობას არ მოითხოვენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ პერიოდში მათ ესაჭიროებათ სრული სიმშვიდე.
შევიძინოთ და დავამზადოთ საჭირო ინვეტარი, მოწყობილობა, დავრგოთ, გავახაროთ თაფლოვანი მცენარეები და გავაჯანსაღოთ გარემო, ნუ დავზოგავთ ფინანსებსა და დროს _ ყველაფერი ხუთმაგად აგინაზღაურდებათ.
გახსოვდეთ, ქართული ფუტკრის მოვლა ეროვნული საქმეა!
ჯანვერდ ცეცხლაძე, გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე