ჩოხატაურის სოფელ დიდი ვანის დაწყებითი სკოლა, ოზურგეთის სასულიერო სემინარია, დორპატის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან გარიცხვა;
1902 წელი _ გურიის "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის შექმნა;
1904 წელი _ ჭიათურაში სტალინთან გამართული დისკუსიის მოგება;
1908 წელი _ ჟენევაში რსდმპ ცკ-ს სხდომაზე დისკუსიებში სტალინის მწარედ დამარცხება.
…და დაითესა უზარმაზარი ბოლშევიკური შიში დიდ ბელადში _ ერთადერთი კაცი, ვისიც სტალინს ეშინოდა, ნოე რამიშვილი იყო.
რკინის კაცი, მისი ჯიში, მთელი გურია სძულდა სტალინს. რამიშვილების და სურებლების განადგურება ჩაიდო გულში და ნაწილობრივ, შეასრულა კიდეც.
პირველკაცობაში მოცილეობის შიშმა კინაღამ იმსხვერპლა ემიგრაციაში მიმავალი ნოე რამიშვილი. ეს შიში ედგა კვალში 1930 წლის 7 დეკემბრამდე, ვიდრე პარიზის ქუჩაში მიმავალი, მოსყიდული ქართველის ხელით არ დაეცა, ქართველების სამარცხვინოდ და საუბედუროდ.
ქართველს ისევ ქართველი თუ მოერევა, მაგრამ, რომ ვერ მოერია, დაგვანახა ამ ტრაგედიის შემდგომმა დრომ და თანამედროვეობამაც.
ნოე რამიშვილი სტალინისა და ბერიას პირადი დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.
2002 წლის აგვისტოში ნოე რამიშვილის დისშვილი, მამია ბერიშვილი, საქართველოში უკანასკნელად იმყოფებოდა. იგი იგონებს: "ბიძაჩემმა ნოემ და სტალინმა გაარტყეს ერთმანეთს. რამიშვილი ხმელი იყო, მარა მაგას ცალი ხელი სტკიოდა. რო გაარტყა, ქე წეიქცა და… რამიშვილო, გადაგიხდი მაგასო, მიაძახა და ქეც გადოუხადა"" (გელა სულაძე, ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები, გვ.232, 2012 წ)…
სტალინი რომ დღემდე ამოუცნობი ფენომენი და დაუსრულებელი მსჯელობის საგანია, ამის დასტურად ისიც კმარა, მისი ძეგლის მოგზაურობა რომ აღარ მთავრდება მოძულეთაგან, მაგრამ გადაცემაში "გაიცინე და მოიგე" რა სიყვარულით წაგვიკითხა გორელმა კაცმა ლექსი სტალინზე? ესეც ხომ საპირისპიროს აჩვენებს?!
გვაკვირვებს სტალინზე დატაკებული ერთი სურებელი ბიჭის სიმაღლე და სიდიადე. სტალინს თუ ფოლადს ადარებდნენ, ნოე რამიშვილს რკინის კაცი შეარქვეს.
უმკაცრესი ორთაბრძოლა 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზის ქუჩებში დასრულდა. ემიგრანტთა შეკრებაზე მიმავალ ნოეს ჭანუყვაძემ ესროლა და მოკლა. უცხო მიწაზე სრულიად უმწეო მდგომარეობაში დარჩა ნოეს ცოლ-შვილი. ნოეს უფროსი ვაჟი, აკაკი 1999 წელს გარდაიცვალა. მან შვილს, მიშელს ანდერძად დაუტოვა, ენახა ბაბუას ნაფეხური მიწა.
უკვე სამი წელია, ყოველ ზაფხულს, მიშელ რამიშვილი 3 ათას კილომეტრს გამოივლის და ჩოხატაურში ჩამოდის. მასთან შეხვედრა არაა მარტო სისხლის ყივილი _ ეს ჯიშის, გვარის, მიწის და გადარჩენილი სიცოცხლის ზეიმია. ეს სურებისეულ ღობეში გაკვეხებული, სუფსიდან მონაბერი ცრემლიანი ნიავის სლუკუნია, ნაბუხრალზე ამოსული ველური, უცნაური სილამაზის და სურნელის ყვავილთა წყნარი ცეკვაა.
გასულ ზაფხულს, ეს ყვავილები პარიზს წაიღო მიშელ რამიშვილმა ბაბუას საფლავზე დასადებად. მერე რა, თუ დამჭკნარს ჩაიტანს, სურების მიწის სუნს მაინც გაიყოლებს.
ნაეზოვარის გაეზოვებაზე ოცნებობს მიშელ რამიშვილი; ნასახლარზე სახლის აგებაზე და მუზეუმად ქცევაზე ფიქრობს.
მას, ალბათ, ვერც წარმოუდგენია, როგორ უჭირს მისი ბაბუას სამშობლოს, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, ავუსრულოთ ეს ოცნება. ძნელია, შიშველი ხელით და გაფხეკილი ჯიბით შეება დიდ საქმეს.
ახლახან, რამიშვილები დიდი ვანიდან, რაიონის ხელმძღვანელობას ეწვივნენ დახმარების სათხოვნელად. გაჩნდა იმედი! დავინახეთ, რომ გული გულობს და ეს, თითქმის, ყველაფერია.
გასულ ზაფხულს მიშელ რამიშვილს წიგნის გამოცემასაც დავპირდით. ახლა ვნანობთ, ენამ გაგვისწრო _ მეტად ძნელი საქმეა ეს. მაგრამ, იქნებ, ვინმემ ისურვოს დახმარება!
ძვირფასო მკითხველო! ეს თემა მუდმივად დაუსრულებელი და საძიებელია. წითელმა რეჟიმმა ხომ ყველაფერი მოსპო და გაანადგურა, რაც მენშევიკებთან იყო დაკავშირებული. მხეცადქცეულმა ბელადმა თავად რუხაძის ხელით აღასრულა გაუგონარი განაჩენი _ ნოეს 87 წლის და, მართა ბერიშვილი გადაასახლა და მის 12 შვილს დედის საფლავი დაუკარგა.
ამიტომ, გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე სახის მასალა გაგაჩნიათ მათ შესახებ, მოგვაწოდეთ. თუმცა, ყველაზე დიდ საძებნელს ეძებენ რამიშვილები _ ნოეს მამა, ბესარიონ მახაბელის ძე რამიშვილი "უსტა კაცი" იყო. იგი უნიკალური ჩუქურთმის აივნებით ამთავრებდა სახლების მშენებლობას. ასეთივე, ყურძნის მტევან-ბაბილოთი იყო მოქარგული მისი ექვსი შვილის გამზრდელი "დაკარსალებული" წაბლის ოდასახლი, რომელიც დაშალეს, ჩოხატაურში ჩამოიტანეს და როგორც ერთნი ამბობენ, შიგ მილიცია განათავსეს. არის ვერსია, რომ ან შენობაში ფოსტა იყო და იდგა ძველი რაიკავშირის ადგილას (რომელიც დაიწვა). ეს შენობა გაყიდულა და ვინმე მეგრელიშვილს შეუძენია სოფელ ფარცხმაში.
დიდია ამ შენობის შეძენის და უკან, თავის ადგილზე დაბრუნების სურვილი _ თუ ვიპოვით და შევთანხმდებით.
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ. თქვენ შეუფასებელ სამსახურს გაუწევთ საქართველოს, გურიის და სურების ისტორიას.
ნოე რამიშვილი და მასთან დაკავშირებული, თითქმის, დაკარგული წარსული ხომ საამაყოა ყოველი ჩვენგანისთვის.
ახლა, შვიდ დეკემბერს, 85 წელი სრულდება ნოე რამიშვილის მკვლელობიდან. ამ თარიღის აღნიშვნა უნდა გადავწიოთ ზაფხულამდე _ მაშინ მიშელ რამიშვილი შეძლებს ჩამოსვლას მოზრდილი ამალით, როგორც თვითონ დაგვპირდა.
გამოგიტყდებით, ძვირფასო მკითხველო _ ყველა გზა ჩვენი მცდელობისა, ერთი მიზნისკენ მიდის _ გადავარჩინოთ "სულდაღაფული" სურების ხეობა სრული გავერანებისაგან. ეს შესაძლებელია!
სტალინმა მუქარა შეუსრულა ნოე რამიშვილს. კაცის მკვლელს კაცი მოკლავსო, _ ასე ამბობს ქართული სიბრძნე. არსთა გამრიგემ უცნაური სიკვდილი არგუნა სტალინს _ იგი ბერიამ ვირთხის საწამლავით მოწამლა. ასე უხდიდნენ ვალებს ერთმანეთს ბოლშევიკები.
ჩვენც გვაქვს ვალი და ის უნდა გადავუხადოთ ნოე რამიშვილს. მამულიშვილს, რომელსაც შეეძლო სამშობლოსთვის შვილები გაეწირა. ეს ვალი მისი ხსოვნის და სურების ხეობის გადარჩენით გადაიხდება!