საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სამართალდარღვევების შემცირება, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საზღვრების დაცვა, გადაუდებელი სიტუაციების პრევენცია და მართვა, მიგრაციის მართვა, ნარკომანიისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, ადამიანის ტრეფიკინგი, კორუფციის, ტერორიზმსა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვა და გამოძიება – ეს ის საკითხებია, რომლებიც შს სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის.
სამინისტრო აერთიანებს 26 დეპარტამენტს, 11 რეგიონული სააგენტოს და 6 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სადაც დაახლოებით, 35 000 ათასი ადამიანია დასაქმებული.
ასეთი მძლავრი უწყება 2004 წლის კონსტიტუციით მივიღეთ, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, უწყების სტრუქტურული და სისტემური რეფორმირება დადგა დღის წესრიგში და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე მსჯელობას გახსნილად აცხადებს, თუმცა, რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება იგეგმება, უცნობია.
პრემიერმა აღნიშნულზე სამუშაო ჯგუფის შექმნა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივანს, დავით სუჯაშვილს დააბარა.
"შეიძლება უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიციური დანაყოფები. ეს არის იდეის დონეზე და ახლა ამას სჭირდება კარგი დაგეგმარება," _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო.
პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურები გამოიყოფოდა და შეიქმნებოდა ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით.
ასევე, მსაგვსი შინაარსის დაპირებას ვკითხულობთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის სამთავრობო პროგრამაშიც, რომელსაც პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა. აღსანიშნავია, რომ ეს იურიდიული დოკუმენტია, თუმცა მომდევნო ორი სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისას პარლამენტს არ უკითხვას რატომ იყო ამოღებული შსს-ს რეფორმირების საკითხი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შს სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებით, საუბარი იყო მიმდინარე წლის ივლისში "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" მიერ წარდგენილ ანგარიშში, სადაც აღნიშნული იყო "…შსს დღესაც რჩება უზარმაზარ და ცუდად მართულ ორგანიზაციად, რაც რთულს ხდის ორი მთავარი პრობლემის – დემოკრატიული კონტროლისა და გამჭირვალობის მოგვარებას და ეფექტური რეფორმის შედეგად მის სწორ ფუნქციონირებასა და მართვას".
თუმცა, არ ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ და არც მანამ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობას შსს-ს რეფორმირებაზე არ უსაუბრია. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია აცხადებდა, რომ შს სამინისტროდან გარკვეული სამსახურების გამოყოფა არარეალური იყო.
თუ რატომ დადგა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე მსჯელობა დღის წესრიგში ახლა, საპარლამენტო უმრავლესობაში ამის მიზეზად პრემიერის მხრიდან წინასაარჩევნო დაპირების ერთგულებას ასახელებენ და ამბობენ, რომ შსს-ზე სამოქალაქო კონტროლის დაწესება აუცილებელია, რაშიც მათ საპარლამენტო უმცირესობაც ეთანხმება.
იმას, რომ პრემიერის მხრიდან აღნიშნული თემის წამოჭრა მხარდასაჭერია, ეთანხმება იურისტი ლევან ალაფიშვილიც.
როგორც ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, არსებული უსაფრთხოების სისტემა, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
"მეტიც, არის რისკები, დადასტურებული რისკები, სპეცსამსახურების სუბიექტური, პოლიტიკური თუ პირადი მიზნების გამოყენების. წინა ხელისუფლებაშიც იყო ასეთი შემთხვევები. შესაბამისად, ამ ყველაფრის სწორედ ინსტიტუციური მოწესრიგება, სისტემურ გაჯანსაღებას განაპირობებს", _ განმარტავს იურისტი და დასძენს, რომ მიუხედავად ამ დადებითი ინიციატივისა, მისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო მთავრობის მხრიდან შს სამინისტროს სტრუქტურულ და სისტემურ რეფორმირებაზე საუბარი.
"მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ, მთავრობის წარმომადგენლები შსს-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ ასეთ ინიციატივაზე მტკივნეულად რეაგირებდნენ.
შს მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ მათ რეფორმები გაატარეს და უკვე გაყოფა აღარ იყო საჭირო; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ზაფხულში განაცხადა, რომ კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დემოკრატიისთვის, მაგრამ ჩვენთვის ახლა ეს პრობლემა აღარაა და მომდევნო პარლამენტს მოუწევს ამ ყველაფერზე ზრუნვა. ანუ, 2016 მდე უნდა გადაიდოსო.
ასევე, პრემიერმა რამდენიმე დღის წინათ გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფოს ძლიერება და არსებობდა ძლიერ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დგას და ნებისმიერი მცდელობა შსს იყოს დემოკრატიულ კონტროლს დაქვემდებარებული, მის დასუსტებას ნიშნავსო."
ლევან ალაფიშვილი მთავრობას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ინიციატივას უწონებს და რეკომენდაციითაც მიმართავს.
"ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მთავრობამ არ იჩქაროს. ასევე, პროცესი მაქსიმალური გამჭირვალობით წარმართოს. რეფორმა დაიგეგმოს სტრატეგიულად და გაკეთდეს დოკუმენტი. სტრატეგიის შემუშავებაში ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობა იყოს.
როდესაც მთავრობა და საზოგადოება ერთად ივლიან და ეცოდინებათ დოკუმენტის თანახმად რომელ დღეს რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რეფორმის გატარებაც და შეფასებაც მარტივი იქნება", _ უთხრა "გურია ნიუსს" ალაფიშვილმა.