30 დეკემბერს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შემაჯამებელი სხდომის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც ასახული იყო იმ საჯარო მოხელეების სახელობითი სია, რომელიც კომისიის წევრებმა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგინეს.
აღნიშნულ ადამიანებზე თანამდებობების დასაკავებლად ბრძანებები რამდენიმე დღეში დაიწერება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, დილიდანვე უკმაყოფილებას და პროტესტს გამოთქვამდა რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც სიაში ვერ მოხვდა.
ასევე, ის აპლიკანტებიც, რომელთა განცხადებით ტესტირებაში მაღალი ქულები მიიღეს.
კონკურსანტმა რევაზ ჩხაიძემ თავისი აზრის დასაფიქსირებლად "გურია ნიუსს" მიმართა:
"მინდა გავაკეთო ერთი განცხადება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დღეს გავეცანი ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნდა გამგეობაში, პრესაში, ეს არის ბოლო სია, სადაც აღნიშნულ თანამდებობზე საჯარო სამსახურებში უკვე დაინიშნებიან ადამიანები.
ასევე, ამ კონკურსს წინ უსწრებდა ქალაქ ოზურგეთის მერიაში გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი,სადაც უკვე გამოცხადებულია საბოლოო შედეგები და სია დანიშნულ პირთა, რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ განვაცხადო -როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ვინ სად დაინიშნებოდა, ისე დაემთხვა საბოლოო შედეგებიც, ანუ ვინც წინასწარ იყო შერჩეული დაინიშნა ისინი, ქალაქ ოზურგეთის მერიასა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც", _ განაცხადა რევაზ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ტესტირებაში ყველაზე მაღალი შეფასება – 59 ქულა მიიღო.
"ვღებულობდი აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობას, დავაგროვე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, თითქმის 100 პროცენტიანი შედეგი მივიღე – 59 ქულა, საუბარი მაქვს კონკურსის მეორე ეტაპზე, ტესტირებაზე, გავედი გასაუბრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით ვიყავი ყველაზე მაღალი შეფასებით, გასაუბრებაზე არ ყოფილა შეკითხვა, რომლისთვისაც თავი ვერ გამერთვას, ყველა კითხვას გავეცი კომპეტენტური პასუხი, საბოლოო შედეგების მიუხედავად მე ვერ მოვხდი საჯარო სამსახურში, მოკლედ მაინც არ დამნიშნეს.
შეტანილი მქონდა განცხადებები როგორც განყოფილების უფროსად ასევე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
ვფიქრობ, რომ კომისიის გადაწყვეტილება არის სრულიად არაკომპეტენტური, არასამართლიანი, ტენდენციური და მიკერძოებული.
რაც დღეს ხდება ეს არის არაობიექტურობის ზეიმი.
ბუნებრივია ჩემით არ იწყება და არ მთავრდება ყევლაფერი, არ არის აქ საუბარი მარტო ჩემს პირად ამბიციებზე, შეგვიძლია ვთქვათ, ნიჭიერი და ღირსეული კადრები ყოველთვის იქნებიან იგნორირებულები, მე საუბარი მაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორივე აღმასრულებელ ორგანოზე, ქალაქის მერიასა და გამგეობაზე, ორივე კომისიის გადაწყვეტილება იყო არაობიექტური, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ მუნიციპალიტეტის გამგეობას, რადგან აქ მქონდა უმაღლესი შედეგი 59 ქულა.
არსებული მდგომარეობით ყოველთვის იგნორირებულნი იქნებიან მაღალი კვალიფიციურობის კადრები, ეს არის კვლავ ნიჰილიზმი, იმედგაცრუება, სამწუხაროდ ჩვენთან ერთადერთი გზა საჯარო სამსახურში დაწყებისა ისევ რჩება ე.წ. " პატრონი". მე დავიცავ ჩემს ინტერესებს და ვაცხადებ პროტესტს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მე ვიბრძოლებ ყველანაირად ყველანაირი ხერხებით და კანონიერი გზით დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ვაპირებ მივმართო კიდეც სასამართლოს.
ვწუხვართ, რომ გასაუბრებას არ ესწრებოდენენ ჟურნალისტები.
მივმართავ ნებისმიერ აპლიკანტს, კონკურსანსტს, რომელიც ფიქრობს, რომ დაირღვა მისი უფლებები, მათ მიმართ იქნა არაობიექტური გადაწყვეტილება მიღებული იბრძოლოს ბოლომდე დაადაამტკიცოს მისი სიმართლე", _ განაცხადა რევაზ ჩხაიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო გოგუაძე.
მერაბ ჭანუყვაძე: "მე გავაკეთე ოფიციალური განცხადება, სადაც ვფიქრობ, რომ ამომწურავად ვისაუბრე.
თუმცა, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით დაგიკონკრეტებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გაასაჩივროს, მაგრამ რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებას, რევაზ ჩხაიძის განცხადებით, რომ იყო არაობიექტური, ამაში მე ვერავის ვერ დავეთანხმები, რადგან რა შედეგიც დადგა და მივიღეთ ეს იყო კომისიის გადაწყვეტილება და სრულიად ობიექტური.
ეს პიროვნება, ბატონო რევაზ ჩხაიძე იყო დღეს ჩემთან მობრძანებული, ჩვენ ვისაუბრეთ, როდესაც ტენდენციურობაზე საუბრობს, იქნებ გაიხსენოს, როგორ მთხოვდა, რომ მას ეკუთვნოდა ერთი ადგილი და თუ რატომ, იქნებ ეს დაეკონკრეტებინა თვქენთან საუბრის დროს" ტენდენციურობა სწორედ ეს არის.
თუ ამაზე გამცემს ის პასუხს, რატომ ითხოვდა ერთ ადგილს კი ბატონო", _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.
ნინო გოგუაძე: "ამ და სხვა შემთხვევაში, როდესაც ადგილი ექნება იმ კონკურსანტების პრეტენზიებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ მათ მიერ შერჩეულ ვაკანსიებზე, გაცნობებთ, რომ კომისიამ იმსჯელა და წარადგინა დასანიშნად კონკურსანტები მათი შესაძლებლობების წარმოჩინების მიხედვით.
გასაუბრება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში,ყოველგვარი ალბათობის გამორიცხვით -"ვინმე-ვინმეს წინააღმდეგ. რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება, თითოეულ თანამდებობის მიღმა დარჩენილს,სუბიექტური განცდა ექნება, სავარაუდოდ. ამიტომ, არსებობს სასამართლო და შესაბამისად, შეუძლიათ მიმართონ მას."