შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015 წლის 6 იანვრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაკან ჯაკირი.
"ჰაკან ჯაკირს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 148/1, 53/1-a, 53/1-c, 53/2, 53/1-b, 63, 53/1-d, 53/1-e, 53/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ძარცვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას გულისხმობს. ჰაკან ჯაკირმა 2001 წლის 21 ივლისს თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით ხელჩანთა წაართვა და ფული გამოსძალა. აღნიშნული დანაშაულისთვის ჰაკან ჯაკირი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს, საიდანაც 2014 წლის 25 ივლისს გაქცევა მოახერხა.
ამჟამად ჰაკან ჯაკირი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.