გასულ კვირას, ლანჩხუთში მომხდარი ა (ა) ი პ „სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორისა და მთავარი სპეციალისტის ხმაურიანი დაკავების შემდეგ, აღნიშნული ცენტრი უფროსის თანამდებობა ვაკანტური გახდა და შესაძლო კანდიდატთა განხილვაც აქტუალურ თემად ითვლება.
ჩვენი ინფორმაციით, ცენტრის უფროსად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ დავით წულაძე მოიაზრება, აღნიშნულ საკითხზე მასთან საუბარი გამგებელ ზაზა ურუშაძეს დღეს დილით ჰქონია.
გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ თავად წულაძეს დავუკავშირდით.
„ვერაფერს გეტყვით, არის საუბარი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, – ამბობს წულაძე.
აღსანიშნავია, რომ დავით წულაძე მუნიციპალიტეტის გამგეობაში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამგებლის მრჩევლის თანამდებობას იკავებს, იგი გასულ პარასკევს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამაც ოფიციალურად დაამტკიცა აღნიშნულ თანამდებობაზე.