მამაკაცის სიმაღლეს პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დროს ყურადღება რომ ექცეოდეს, შესაძლოა ამ ადამიანებს ვერასდროს დაეკავათ ის თანამდებობები, რომელთა საშუალებითაც მსოფლიომ ისინი გაიცნო.
მსოფლიოს ყველაზე დაბალი მმართველების „რეიტინგი“ შემდეგია:
კიმ ჩენ ირი – 162 სანტიმეტრი
კორეის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ბელადი კიმ ჩენ ირი, სიმაღლეში 162 სანტიმეტრია, თუმცა ამის შესახებ დაკეტილ ჩრდილოეთ კორეაში არ ლაპარაკობენ, რადგან მათი პოლიტიკური ლიდერი მსოფლიოს ყველა დანარჩენ ლიდერზე ორი თავით მაღალია. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ირი სპეციალურ ფეხსაცმელს ხმარობს, რომელიც მისთვის სპეციალურად იკერება და ასევე, თმასაც ისე ივარცხნის, რომ თავის ქვეშევრდომებზე მაღალი ჩანდეს. ჩრდილოეთ კორეაში არავის აქვს უფლება, რომ ბელადს ზემოდან დახედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „დამნაშავეს” საკონცენტრაციო ბანაკი არ ასცდება.
ჰაილე სელასიე პირველი – 160 სანტიმეტრი
ჰაილე სელასიე ეთიოპიის უკანასკნელი იმპერატორი იყო, რომელიც მეფე სოლომონის პირდაპირ შთამომავლად ითვლებოდა. 1975 წელს ის სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაშორეს მმართველობას და მოკლეს. სელასიეს, თავისი დროის უმდიდრეს მონარქს, ეკუთვნოდა ეთიოპიის ოქროს საბადოები, რკინიგზა ინდოეთში და ფაბრიკა-ქარხნები ბრაზილიაში, ხოლო შვეიცარიულ ბანკებში მის ანგარიშებზე მილიარდობით დოლარი ირიცხებოდა.
იასირ არაფატი – 155 სანტიმეტრი
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც 1994 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. „ფორბსის” ვერსიით, არაფატის ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, ებრაული უშიშროების სამსახურის ვერსიით კი იგი 1,2 მილიარდ დოლარს ფლობდა კაპიტალის სახით. სწორედ იასირმა შემოიღო მოდა ეგრეთ წოდებულ „არაფატკებზე” – სპეციალურ თავსაბურავზე, რომელიც, ბევრის აზრით, მას სიმაღლეში 2-3 სანტიმეტრით უფრო მაღალს ხდიდა.
დენ სიაოპინი – 150 სანტიმეტრი
ჩინელი კომუნისტი და რეფორმატორი, რომელსაც არასდროს დაუკავებია არანაირი პოლიტიკური თანამდებობა, თუმცა იგი ჩინეთის ფაქტობრივ მმართველად ითვლებოდა 70-იდან 90-იანი წლების დასაწყისამდე. დენი, მისი მინიატურული სიმაღლის მიუხედავად, სამჯერ იყო დაქორწინებული. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის ტერიტორიაზე მას არაერთი ძეგლი დაუდგეს და ყოველ მათგანზე მას გიგანტური აღნაგობა აქვს.
ენგელბერტ დოლფუსი – 148 სანტიმეტრი
ავსტრიის მე-14 კანცლერი ენგელბერტ დოლფუსი, სავარაუდოდ, ევროპის ყველა დროის ყველაზე დაბალი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელსაც, მინიატურული აღნაგობის გამო, სამშობლოში მეტსახელად „მილიმეტერნიხს” უწოდებდნენ. დოლფუსი 1934 წელს, პუტჩის დროს მოკლეს, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ ავსტრიის ანექსიის გეგმის განხორციელება დაიწყო.
ბენიტო ხუარესი – 135 სანტიმეტრი
მექსიკის პრეზიდენტი 1858-1872 წლებში, ბენიტო პაბლო ხუარეს გარსია, მსოფლიო ყველა დროის ყველაზე დაბალი ლიდერია. სწორედ ბენიტოს პატივსაცემად დაარქვეს მშობლებმა სახელი იტალიელ ფაშისტს, ბენიტო მუსოლინის. საინტერესოა, რომ 1939 წელს ბენიტო ხუარესის ცხოვრების შესახებ ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, რომელშიც ჯუჯა პრეზიდენტის როლი 178 სიმაღლის მსახიობმა პოლ მუნიმ შეასრულა.