ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები, 19 წლის მზია ვანაძე, დაბა ლაითურში მცხოვრებმა ჯუდუ ქაჯაიამ მოიტაცა.
შემთხვევა დაბა ნასაკირალის ცენტრში, 27 იანვარს მოხდა. პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებული მზია ვანაძის მამამ, სულიკო ვანაძემ აცნობა და სთხოვა დაედგინათ გატაცებული შვილის ადგილსამყოფელი.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გატაცებულს სოფელ ბაილეთში მიაგნეს. გამტაცებლებს 7 -დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მანამდე კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს 9 ათასი ლარი გირაოს სახით დაეკისრათ.
მოგვიანებით სულიკო ვანაძემ პოლიციისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ გამტაცებელი მისი შვილის საქმროა და მისთვის დანაშაულის შემსუბუქებას ითხოვს. ის პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. პროკურორი კი ზემოქმედების მოხდენის ფაქტს გამორიცხავს.
"მე არ ვმალავ იმას, რომ დახმარებისთვის მივმართე 112, რადგან თავდაპირველად არ ვიცოდი ვინ წაიყვანა ჩემი შვილი, მივმართე ოზურგეთის პოლიციას დახმარებისთვის, როცა იპოვეს ჩემი შვილი და გავიგე ვის ჰყავდა წაყვანილი, მე აღარ ვიყავი წინააღმდეგი", _ აღნიშნავს სულიკო ვანაძე.
მისივე თქმით, მან თავდაპირველად არ იცოდა ვის ჰყავდა მისი შვილი გატაცებული.
"როცა გავიგე, განვაცხადე, რომ არ ვარ წინააღმდეგი და კანონის მიხედვით გთხოვთ გაუწიოთ ამ პირებს შეღავათი-მეთქი, არცერთ მშობელს არ უხარია, რომ მისი შვილი იყოს ცუდად, ახლა ისე გამოდის, რომ მე ჩემს შვილს ვუჩივლე, რადგან ის ბიჭი ჩემი შვილის საქმროა. მე ჩავიდინე დანაშაული, რომ პოლიციას მივმართე, რადგან მათ ეს საქმე თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენეს, დაიწერეს ქულები, აჰა ჯგუფური დანაშული გავხსენითო, ჩემი ოჯახი კი პირიქით დაზარალდა.
მეგონა, რომ დამეხმარებოდნენ და შვილსმაპოვნინებდნენ, თორემ ის კი არა, რომ ციხეში გაეშვათ უდანაშაულო ბავშვები.
მოიყვანეს ჩემი შვილი, დაკითხეს, დააწერინეს ჩვენება ისეთი, რაც მათ აწყობდათ, ალაპარაკეს მათთვის სასარგებლოდ. ახლა დაჭერილია ჩემი შვილის საქმრო, მისი ძმა და ორი მეგობარი, რომლებმაც ჯერჯერობით უნდა გადაიხადონ თითომ 9 ათასი ლარი გირაოს სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, მე ვთხოვე გამომძიებელს მეორე დღეს, ავუხსენი, რომ ვიყავი აღელვებული, მაგრამ გამომძიებელი ძალიან უხეშად მომექცა, მოდი ბიჭო აქ შენ ვინ მოგცა უფლება ჩვენება შეცვალოო, ჩემმა გოგომაც უთხრა მათ, რომ მე არ ვუჩივი ჩემს საქმროსო, მაგრამ პოლიციამ ზეწოლა მოახდინა მასზე და ჩვენება ძალით დააწერინეს, 48 საათი პოლიციაში ვიყავით მე და ჩემი შვილი, ორი დღე და ღამე მიმდინარეობდა დაკითხვები, სჭირდებოდათ ეს თავისი საქმისათვის, გახსნეს დანაშაული, ოთხი პირი დაიჭირეს და ეს ქულებია არა?
ჩემზე იყო სერიოზული ზეწოლა, საქმეში ჩართული იყო ოზურგეთს პოლიციის უფროსის მოადგილეც, გიორგი შარაშენიძე და გამომძიებელი უჩა ჩაგუნავა, ამ პიროვნებამ ბევრი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა", _ ამბობს ვანაძე და დასძენს, რომ შემდგომში რა პრობლემაც არ უნდა შეექმნას, პოლიციას არასდროს მიმართავს.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ჯუდუ ქაჯაიას ადვოკატ მანუჩარ გოგრიჭიანს, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, გოგო, (სულიკო ვანაძის შვილს) დაწერილი ჰქონდა ხელწერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის არ უჩიოდა, პოლიციამ ეს უგულვებელყო.
"მოხდა ისე, რომ გოგოს აღარ მიაცემინეს ჩვენება, რაც უნდოდა რომ ეთქვა, პოლიციას ერჩივნა, რომ ოთხი პირი დაეჭირა, ვიდრე ერთი, რადგან 4 პირის დაკავება უფრო რეზონანსული საქმე იქნებოდა, ყოველშემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მთლად უკანონობა პოლიციას არ ჩაუდენია."
რაც შეეხება ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის, შოთა ჩხაიძის პოზიციას, მათ სულიკო ვანაძის განცხადების საფუძველზე დაიწყეს ძიება. მზია ვანაძის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ჯუდუ ქაჯაიას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები.
"გამოძიება დაიწყო დაზარალებულის მზია ვანაძის მამის სულიკო ვანაძის განცხადების საფუძველზე, მან მიმართა პოლიციას, რომ მისი შვილი იყო გატაცებული, მიუთითა მანქანის ფერიც. სთხოვდა პოლიციას დახმარებოდა მისი შვილის ადგილსამყოფელის დადგენაში. პოლიციამ დაადგინა, რომ გატაცებული მზია ვანაძე სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო სოფელ ბაილეთში. ადგილზე ნახეს, რომ ჯუდუ ქაჯაიას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სახე ჰქონდა სულ დაკაწრული, დაზარალებულმა მზია ვანაძემ განუმარტა პოლიციას, რომ როგორც ჯუდუ ქაჯაიამ ისე მასთან მყოფმა თანხმლებმა სამმა პირმა ძალის გამოყენებით ჩასვეს იგი მანქანაში და მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და თხოვნისა, რომ შეეჩერებინათ მისი გატაცება და ჩამოესვათ მანქანიდან, ძალით აიყვანეს ბაილეთში, ჯუდუ ქაჯაიამ ეს არ გაითვალისწინა, ამიტომ როგორც მზიამ განაცხადა ის იძულებული გახდა მიეყენებინა ჯუდუ ქაჯაიასთავის დაზიანებები, ამ განმარტების საფუძველზე დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე ჯუდუ ქაჯაია. მზია ითხოვდა ჯუდუ ქაჯაიას დასჯას. ეს არის დაწერილი ოფიციალურად, რომელსაც ვერ იუარებს, თან არის ძალიან კარგი, გონებაგახსნილი ბავშვი, რომელზედაც გამორიცხულია ზემოქმედების მოხდენა, მისი და მამის ჩვენების საფუძველზე დავაკავეთ ჯუდუ ქაჯაიას თანმხლები სამი პირი. დანიშნულია ექსპერტიზა, წარდგენილ;ი აქვს ოთხივე მათგანს ბრალი, ჯუდუ ქაჯაიამ დაკითხვის დროს აღიარა რომ მან ნამდვილად აღუკვეთღა თავსიუფლება მზიას, დანარჩენმა სამმა კი გამოიყენა დუმილის უფლება"_ აღნიშნავს პროკურორი " გურია ნიუსთან".
შოთა ჩხაიძის განმარტებით, მათ წარდგენილი აქვთ ბრალი 143 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას და ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე პასუხისმგებლობას.
ახლა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო 9 ათასი ლარის ოდენობით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მოსაგროვებელია დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 18 მარტს გაიმართება.