ალექსანდრე გურჯიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიღაში მეუღლესთან და შვილის ოჯახთან ერთად, ორ ოთახიან სახლში, ხის ფიცრულში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
სახლი ძველია და ხის ფიცრები, რომელიც ალაგ-ალაგ ერთმანეთისგანაა დაშორებული, სითბოს შესანარჩუნებლად ცელოფნის პარკებით, მუყაოს ქაღალდით და ბრეზენტით აქვთ დამაგრებული. ალექსანდრე გურჯიძე ამბობს, რომ ამგვარად შეეცადნენ სახლი ცოტა მაინც დაეცვათ სიცივისგან.
გურჯიძეების 6 სულიან ოჯახს, საიდანაც 2 მცირეწლოვანი ბავშვია, ერთ ოთახში სძინავთ. მეორე ოთახში სიცივის და "ფარაღალა" კედლების გამო ვერ წვებიან:
"ვცდილობთ, "ფეჩი" სულ გვენთოს, რადგან, როგორც კი ჩაქრება, მაშინვე გადის სითბო კედლებიდან და სახლი ცივდება. რა ვქნათ? პატარები გვყავს ოჯახში და გვეშინია, არ გაგვიცივდნენ, არადა, გაჭირვებით ვყიდულობთ შეშას", _ გვეუბნება ალექსანდრეს მეუღლე.
გურჯიძეების ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა დასაქმებული სახლში არავინაა და იმ თანხით, რასაც იღებენ, არათუ სახლის აშენებაზე ზრუნვა, თავის გატანაც კი უჭირთ. ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა, ალექსანდრეს უმცროსი შვილი ჯაბა, სამუშაო თუ გამოუჩნდება, იმ შემთხვევაში მუშაობს, ამისთვის ჯაბას საქართველოს ხან რომელ რეგიონში უწევს წასვლა და ხან რომელში:
"ფიზიკურად ვმუშაობ, აბა რა ვქნა, ჩემს შვილებს მშიერს ხომ არ დავტოვებ? მუდმივი სამსახური არ მაქვს, ყოფილა შემთხვევები, თვეობით არ მქონია სამუშაო. იმდენს ვერ ვშოულობ, რომ ბავშვებსაც არ მოშივდეთ და სახლსაც მივხედო. არადა სახლი ძველია. ამის გარემონტება არ შეიძლება. თავზე დაგვენგრევა. ახალი უნდა აშენდეს", _ გვეუბნება ჯაბა.
ალექსანდრე გურჯიძემ, როგორც თავად ამბობს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა.
"მთლიანად თუ ვერ დამეხმარებიან სახლის აშენებაში, მასალის, ან თანხის ნაწილი მაინც გამომიყონ. მეც ხომ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე? როცა მჭირდება, ჩემი ქვეყანა მაშინ თუ არ დამიდგა გვერდში, რაღა სახელმწიფო გვაქვს მაშინ? ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, რომ ვიმუშაო. თუმცა რამდენი უნდა ვიშოვო, რომ ამ გაჭირვებულ დროში სახლის აშენება შევძლო? ბავშვები მეცოდებიან, ამ ზამთარს შიშით შევყურებთ, სახურავი რომ არ დაგვენგრეს თავზე. მოვიდნენ, შემამოწმონ, ნახონ რა პირობებში ვცხოვრობთ! ჩემზე გაჭირვებული ამ სოფელში არავინაა", _ ამბობს ალექსანდრე.
2014 წლის ზაფხულში "გურია ნიუსმა" ალექსანდრე გურჯიძის განცხადებაზე პასუხი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვა, თუმცა როგორც გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, მსგავსი შინაარსის განცხადება მათთან არ იყო შესული და თავიდან შეეტანათ და განიხილავდნენ.
ალექსანდრე გურჯიძემ კვლავ შეიტანა განცხადება 2014 წლის 24 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ამჯერად მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ განცხადება ნამდვილად იყო შესული, მაგრამ დახმარებაზე ალექსანდრე გურჯიძეს უარი ეთქვა.
"სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი ფინანსები და ალექსანდრე გურჯიძეს ვერ დავეხმარებით. უარი წერილობით გადაგზავნილია სოფლის რწმუნებულთან", _ განუცხადეს "გურია ნიუსს" ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურში.
გურჯიძეების 6 სულიანი ოჯახი კვლავ აგრძელებს ავარიულ სახლში ცხოვრებას.