საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ბუნებრივ აირზე, იურიდიული პირებისთვის გაზრდილ გადასახადს ეხმაურება.
"ეკონომიკაში მაშინ იწყება ჯანსაღი საბაზრო სიგნალების დამახინჯება, როცა ხდება ფასების რეგულირება ანუ მისი დაწესება ჩინოვნიკის მიერ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში ფასები თავისუფალია. მათ შორის ბუნებრივ აირზეც.
ლარის გაუფასურების გამო გაზის ტარიფი იზრდება. საწარმოებს -კიო, მოსახლეობას- არაო.
წესით, ვინც მეტს მოიხმარს, იმას ნაკლებს ახდევინებენ. შედით ბაზარში და ვაშლზე ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი. დარწმუნდებით.
ყაზტრანსგაზი კერძო კომპანიაა და ვერ აუკრძალავ ვერც მომატებას და ვერც პრეფერენციებს, მაგრამ ეს რას გავს: ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, პურის მცხობელებს არ მოემატებაო. ანუ ფასები პოლიტიკური მგრძნობელობის მიხედვით დგინდება და არა საბაზრო პრინციპებითო?
რა დააშავს საავადმყოფოებმა? ან რძის პროდუქტების ქარხნებმა? სკოლებზე არაფერს ვამბობ!
ვიღაც ჩინოვნიკი წყვეტს, თუ რა რამდენი უნდა ღირდეს?
მოუარეთ ლარს. გამართეთ ეკონომიკა და არც ინფლაცია იქნება და არც დევალვაცია!
ძნელია? მაშინ სად მიძვრები, რომ მიძვრები?!( ქალაქური გამოთქმა:) !", _ წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.