ექსკლუზივი – რუსთავში ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი სახის მედიკამენტის რეცეპტის ყიდვა 50 თეთრად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეუძლია.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ ერთ-ერთი აფთიაქის შენობაში მდებარე რამდენიმე კვ.მ-იან ოთახში განთავსებულ ექიმის კაბინეტს ვესტუმრეთ.
სამედიცინო კაბინეტთან მუდმივად ცოცხალი რიგი დგას. 10-წუთიან პერიოდში, სანამ "გურია ნიუსის" ჟურნალისტი საკუთარ რიგს ელოდა, ექიმმა ე. მ.-მ რეცეპტი სამ მოქალაქეს მიჰყიდა. პროცესი კი მხოლოდ მოკლე გასაუბრებას მოიცავდა: "აბა, შენ რა გინდა? რამდენი აბი? სახელი, ასაკი… 50 თეთრი დატოვე და თავისუფალი ხარ…"
50 თეთრი ერთი დასახელების მედიკამენტის რეცეპტის ღირებულებაა. ჩვენ 2 ტიპის წამლის რეცეპტის საყიდლად 1 ლარი გადავიხადეთ. შესაბამისად, აფთიაქში 180 აბი ბაკლოფენის (25მგ-ანი), რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტთა სიაში შედის, და 60 პაკეტი ნიმესილის ყიდვა უპრობლემოდ შეგვიძლია. ფსიქოტროპული მედიკამენტი პირობითად ბებიისთვის შევიძინეთ. ექიმისთვის აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული თრობის გამომწვევი წამლის რეცეპტის გასაცემად საჭირო მხოლოდ წამლის შესაძლო ადრესატის სახელის, გვარისა და ასაკის ზეპირი ცნობება იყო.
"ერთი ლარი დატოვე და თავისუფალი ხარ," _ გვითხრა ე.მ.-მ და ბეჭედდარტყმული რეცეპტით გამოგვისტუმრა. სკამზე ჩვენი ადგილი კი შემდგომმა კლიენტმა დაიკავა.
ცნობისთვის, არსებობს მედიკამენტების სამი ჯგუფი. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებები, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული მედიკამენტები და ფსიქოაქტიური კომბინირებული საშუალებები. ბაკლოფენი მედიკამენტთა პირველ ჯგუფში შედის.
"გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, თუ როგორ ხდება ექიმისა თუ სამედიცინო ობიექტისათვის რეცეპტის ბლანკის გადაცემა და თუ არსებობს რამე მექანიზმი, რომელიც გამოყენებული ბლანკების რაოდენობას გააკონტროლებს.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი, ნანა შაშიაშვილი აცხადებს, რომ ბლანკის სასურველი რაოდენობის მიღება შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერ პირს შეუზღუდავად შეუძლია.
მისი თქმით, საქმიანობის უფლების მქონე ექიმს რეცეპტის ბლანკების მიღება/ამობეჭდვა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ სპეციალურ სისტემაში შესვლის შედეგად შეუძლია.
"ამ სისტემაში შესვლის შემდეგ ექიმს სასურველი რაოდენობით შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ შუალედში ამობეჭდოს რეცეპტების ბლანკის სასურველი რაოდენობა. ნებისმიერ ექიმი თუ სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც სურვილი აქვს, რომ რეცეპტის ფორმაზე ესა თუ ის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს, შედის სისტემაში და ამობეჭდავს ფორმას მისთვის საჭირო რაოდენობით," _ ამბობს ნანა შაშიაშვილი და დასძენს, რომ ექიმები რეცეპტის ფორმის ამობეჭდვის ოდენობაში შეზღუდულნი არ არიან.
თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს კონკრეტული ექიმისა თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ ამობეჭდილი ბლანკების რაოდენობის გარკვევა შეუძლია.
"მაგრამ, ვფიქრობ, ამის საჭიროება არ არის, რადგან რეცეპტის ფორმა არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და ნებისმიერ პირს, რომელიც პაციენტს იღებს და მედიკამენტებს გამოწერს, შეუძლია, ფორმა იმ რაოდენობით მიიღოს, რამდენიც ესაჭიროება," _ უთხრა "გურია ნიუსს" ნანა შაშიაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ რეცეპტის გამოწერა სამედიცინო მომსახურების პროცესის ნაწილია და არ შეიძლება, ის დამოუკიდებლად არსებობდეს. ანუ ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაცია, სადაც ექიმი ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი დასახელების მედიკამენტის რეცეპტს ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე უწერს, მინიმუმ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შესწავლის საგანია.
"თქვენ არ მიხვალთ მეან-გინეკოლოგთან იმ დიაგნოზის დასადგენად, რომელიც ვთქვათ, სასუნთქი სისტემის დაავადებას ეხება და ალბათ, არ სთხოვთ გამოგიწეროთ იმ ტიპის მედიკამენტები, რომელიც სასუნთქი გზების პათოლოგიას მკურნალობს. შეზღუდვა ექიმებს არ აქვთ, მაგრამ რეცეპტის გამოწერა სამედიცინო მომსახურების პროცესის ნაწილია, შესაბამისად, ექიმის პასუხისმგებლობაა, როგორ უმკურნალებს თავის პაციენტს. ეს არის ერთიანი კომპლექსური მიდგომა. ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტის გამოწერასთან დაკავშირებით შეზღუდვებს არ აწესებს, მაგრამ ექიმს აქვს თავისი კომპეტენცია, უმკურნალოს ავადმყოფს და ეს თავისი სპეციალობის ფარგლებში უნდა გააკეთოს," _ აღნიშნავს დარახველიძე.
მისი თქმით, ექიმი არ არის პაციენტის დაკვეთის განმახორციელებელი და პაციენტი არ უნიშნავს საკუთარ თავს მედიკამენტს.
ამდენად, "ექიმმა ავადმყოფი ჯერ უნდა გასინჯოს, გამოკითხოს, ანალიზები ნახოს და შემდეგ უნდა გამოუწეროს დანიშნულება".
"გურია ნიუსის" კითხვაზე, თუ არსებობს რამე მექანიზმი, რომელიც ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შესაძლო დარღვევებს გამოავლენს და გააკონტროლებს, დარახველიძე აცხადებს, რომ ასეთი რეგულირების სააგენტოს გეგმიური შემოწმებაა. "მაგრამ ყოველ წუთში ყველა ადგილზე ფიზიკურად ყოფნა და ყველა ექიმისთვის თვალის დევნება არ შეუძლიათ".
გარდა ამისა, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ შიდა კონტროლის სისტემაც.
როგორც ირკვევა, სამინისტრო რეცეპტების რეფორმის წარმატება-წარუმატებლობის საკითხში მოქალაქეებისა და ექიმების იმედად არის, რადგან რეგულირების სააგენტოს გეგმიური შემოწმების გარდა, გადაცდომების გამოვლენა-შესწავლას სამინისტრო მხოლოდ მოქალაქეთა შეტყობინებების საფუძველზე აწარმოებს. თუმცა, საეჭვოა აღნიშნული მიდგომის ეფექტურობა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეს ნებისმიერი მედიკამენტის რეცეპტის მიღება გაცილებით იაფად და მარტივად შეუძლია, ვიდრე ექიმთან კონსულტაციის გზით.
მარინა დარახველიძის თქმით, რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის ერთ-ერთი მოტივი არაადექვატური მკურნალობისა თუ თვითმკურნალობის თავიდან აცილება იყო, ისევე როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის კონტროლიც.
თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ფსიქოტროპული მედიკამენტის, 25მგ-ანი ბაკლოფენის 180 აბის რეცეპტი 50 თეთრად ვიყიდეთ.
რუსთავში აღნიშნული ობიექტის არსებობის შესახებ თითქმის ყველამ იცის. თუმცა, როგორც ჩანს, სამართალდამცავმა ორგანოებმა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა _ არა, რადგან ექიმ ე.მ.-თვის საქმიანობაში ამ დრომდე ხელი არ შეუშლიათ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაიცემა, ხოლო მესამე ჯგუფის მედიკამენტების შეძენა მომხმარებლებს ურეცეპტოდ შეუძლიათ.