ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ცვლილებები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების გარკვეული წრეებისთვის ქილიკის საგანი. არსებობს თუ არა კრიტიკის საფუძველი ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდში და რამდენად ეფექტურად ართმევს თავს განათლების სამინისტრო მასზე დაკისრებულ მოვალეობას, – ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე.
_ როგორ შეაფასებდით განათლების სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეულ მუშაობას, რა ძირითადი მიღწევები და ჩავარდნები გქონდათ?
_ 2014 წელი მინდა შევაფასო პოზიტიურად, იქიდან გამომდინარე, რომ დაიწყო და დაინერგა ბევრი ახალი პროექტი, რომელიც იყო საზოგადოების დაკვეთა, აუცილებლად უნდა გამოვყო სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მხრიდან. უკვე მეორე წელია საქართველოში, როცა 560 ათასი მოსწავლე იღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს აბსოლუტურად უფასოდ, რომლის სრული ღირებულებაც, ერთი სრული კომპლექსის, დაახლოებით 200 ლარია.
აუცილებლად უნდა გამოვყო ასევე, მთავრობის მხრიდან სრულად დაფინანსებული ფაკულტეტები, რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი. ამაზე იმუშავა ძალიან დიდმა ექსპერტულმა ჯგუფმა და საბოლოოდ გამოიყო ის მიმართულებები, რომლებსაც ჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა. სწორედ ამ 21 ფაკულტეტზე პირდაპირი წესით ჩამბარებლებისთვის სწავლა არის აბსოლუტურად უფასო.
ასევე, გამოვყოფდი საკმაოდ რევოლუციურ პროექტს, რომელიც მთელს საქართველოში ხორციელდება, ეს გახლავთ პროფესიული განათლება, რომელიც მთელს საქართველოში არის უფასო. მოხდა პროფესიული კოლეჯების გადახალისება და მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა, სადაც სტანდარტული გამოცდის გავლის შემთხვევაში, სწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლეება. ასევე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში აშენდა 9 ახალი სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1058 სკოლას და დაიგეგმა 8 ახალი სკოლის აშენება.
აქვე მინდა აღვნიშნო სკოლებში ექიმის კაბინეტის დაბრუნება. ამით შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. ასევე, ამ მიმართულებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ არ ირბინონ კლინიკებში.
პოზიტიური იყო ისიც, რომ ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში მოხდა მასწავლებლების ხელფასების ზრდა. მოგეხსენებათ, 2013 წელს ყველა მასწავლებლისთვის მოხდა ხელფასების 50 ლარით ზრდა, 2015 წელს დაგეგმილია, რომ კვლავ გაეზარდოს ხელფასი მასწავლებლებს 50 ლარით. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენს წინაშეა უამრავი გამოწვევაა. იგეგმება 4 სტანდარტის დანერგვა, რაც გულისხმობს მასწავლებლების ხელფასის ეტაპობრივ ზრდას.
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც ასევე აღვნიშნავდი, არის ის, რომ საქართველოში პირველად დაფინანსდა დოქტურანტურა. ანუ დოქტორანტს, რომელიც შეიტანს რუსთაველის ფონდში საგრანტო განაცხადს, მას შეუძლია არა მარტო სწავლის საფასური, არამედ 30 ათასი ლარის ოდენობით გრანტი მიიღოს, რომელსაც გამოიყენებს უცხოეთში პუბლიკაციებისთვის, ტრენინგებისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი გასაგებია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩადებული ინვესტიციაა, მაგრამ ამას სჭირდება ხარისხი, რაც არის სამინისტროს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევა მომავალი წლისთვის.
_ რას იტყვით ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე, რომელიც ფონდ "ქართუს” თაოსნობით აშენდება. მრავალი კითხვა არსებობს ამ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, იქნებ განგვიმარტოთ, რეალურად რაშია საქმე?
_ ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი და ნებისმიერ მხარეს ამ საკითხის შეფასებისას მოვუწოდებ სიფრთხილისაკენ. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, როდესაც ბათუმში დაანონსდა ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. არასოდეს საქართვეელოს განათლების სისტემის ბალანსზე არ არსებობდა ტექნოლოგიური უნივეერსიტეტი, ან მისი მშენებლობა.
ეს შენობა 2011 წელს რომ გაიხსნა, პირადად სააკაშვილმა გახსნა, როგორც ბიზნესცენტრი, შემდეგ რატომღაც მან გადაწყვიტა, რომ ეს უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტი, რომელიც მოდიოდა აბსოლუტურ შეუსაბამობაში საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურასთან და საბოლოოდ შედეგი მიიღო ის, რომ ათასაწლეულის გამოწვევის ფონდმა `მილენიუმმა~ მას ოფიციალური წერილით უთხრა უარი ამ პროექტის თანადაფინანსებაზე. `მილენიუმის~ გრანტი, 140 მილიონი აშშ დოლარი, საქართველომ არა 2011 წელს, არამედ 2013 წელს მიიღო, ეს არის დოკუმენტალურად დადასტურებული ოფიციალური მონაცემი, ხოლო ის აღვირახსნილი პოპულიზმი, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდებოდა, არის ტყუილი.
საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება 2015 წლიდან, ეს არის ერთობლივი პროექტი, ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების და საქართველოში არსებული საინვესტიციო ჯგუფის. ასე რომ, 2011 წლიდან ამ შენობას დღემდე სტატუსი არ შეცვლია. ის ჯერ ბათუმის მერიის, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. მეტიც, განაცხადიც კი არ შეუტანიათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს აკრედიტაციის შესახებ.
ოფიციალურად ეს შენობა არის ბიზნესცენტრი და ელოდება ინვესტორს, რომ გასხვისდეს, როგორც ბიზნესცენტრი, რის გამოც აშენდა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თანადაფინანსებით მილენიუმის ფონდიდან, რომელშიც ჩართულია ასევე სანდიეგოს უნივრსიტეტი, დღეს უკვე ილიაუნს, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და უკვე ჩამოწერილია კრიტერიუმები, თუ რა პრინციპით მოხდება იქ სტუდენტების ჩარიცხვა. დაგზავნილიც აქვთ, რომ უკვე ამა წლიდან მოყოლებული, ოთხწლედის დასრულების შემდეგ აიღებენ საქართველოში სანდიეგოს უნივერსიტეტის იფიციალურ დიპლომს. აი, ეს არის სიმართლე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.
_ ბიუჯეტის რამდენი პროცენტი არის გამოყოფილი განათლებისთვის?
_ ჩემი სუბიქტური აზრია, რომ განათლებისთვის არასოდეს არის თანხა საკმარისი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბიუჯეტის ფორმირება მოხდა ძალიან სოციალურად, დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა განათლების სამინისტროს დაფინანსება და დღეს ის შეადგენს 853 მილიონ ლარს. ამ თანხის ზრდა მეტწილად გამოიწვია იმან, რომ ჩვენ სისტემაში გვყავს დაახლოებით 70 ათასი პედაგოგი, რომელთა ხელფასების ზრდაც დაგეგმილია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების სამინისტროს დაახლოებით 10%–მდე ერგება.
_ რა მდგომარეობაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების კუთხით, გაიზარდა თუ შემცირდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა და რა ნაბიჯები გადადგა განათლების სამინისტრომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
_ მოდით, ამაზე მოკლედ და ძალიან კონკრეტულად გიპასუხებთ. დღეს საქართველოში, ბოლო მონაცემებით, სტატუსი შეჩერებული აქვს, ყველა მიზეზის გათვალისწინებით, 3329 სტუდენტს, აქედან ფინანსური მოტივით შეჩერებული აქვს 1524 სტუდენტს, იმის გამო, რომ ეს საკითხი ნამდვილად გახადეს პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, სწორედ ამიტომ მივიღეთ შესაბამისი ზომები და ამ ზომებმა 2013 წლიდან გვაჩვენა რა, რომ 2013 წელს საქართველოში ამ 21 უფასო ფაკულტეტის მეშვეობით, საქართველოში სტუდენტის სტატუსი აღიდგინა 10624 სტუდენტმა, 2014 წელს სტუდენტის სტატუსი აღიდგინა 9740–მა სტუდენტმა, 2012 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, სტატუსი აღიდგინა 2324–მა სტუდენტმა. ასე რომ, შედეგი რეალურად სახეზე გვაქვს აღდგენების მხრივ.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება, სამინისტროს გუნდმა, სხვადასხვა უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად ვიმსჯელეთ და შემდეგ ფორმულირებაზე ჩამოვყალიბდით, ფინანსური დავალიანეების გამო, სტუდენტს სტატუსს არ შეუჩერებენ, ყოველგვარი საბანკო პროცენტების გარეშე თვითონ უნივერსიტეტი უკეთებს მას მასზე მორგებულ გრაფიკს.
მე მინდა მოვუწოდო სტუდენტებს, ვინც ეს არ იცის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის გააკეთებს თქვენზე მორგებულ გრაფიკს. ეს არის ერთობლივი შეთანხმება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ყველაზე ობიექტური გამოსავალი.
_ განათლების სისტემაზე საუბრისას, საკმაოდ დიდ მოწონებას იწვევს ფინეთის მოდელი, რომელმაც განათლების რეფორმა 1970-იანი წლებიდან დაიწყო, აქ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ასევე ფინელები ყველაზე დიდ თანხას მასწავლებლების შერჩევასა და გადამზადბაში დებენ. ბუნებრივია, ამ რეფორმის ზუსტი კოპირება ვერ მოხდება, თუმცა როგორ ფიქრობთ, ფინეთის მოდელიდან რა დადებითი ფაქტორების გათვალისწინება იქნებოდა ჩვენი განათლების სისტემისთვის ამ ეტაპზე მისაღები?
_ მე დასაწყისში ვახსენე ხარისხი, რომელიც არის ნიმუში იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულების მერე ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ განათლების ხარისხის ექვივალენტი მივუახლოვოთ მათსას, რომ შესაძლებელი იყოს დავუშვათ პირდაპირი მობილობის მოხდენა, მაგალითად თსუ–დან ჰამბურგის უნივერსიტეტში. ჩვენ ვმუშაობთ მასწავლებელთა ერთობლივი გადამზადების პროგრამაზე, პრობლემა კი იმაშია, რომ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ, ჩვენ კი ამას ახლა ვიწყებთ, როცა მრავალი წლის წინ უნდა დაწყებულიყო. ჩვენ რომ ვიყოთ ამ სტადიის დაახლოებით მეორე ან მესამე ეტაპზე, ახლა ბევრად უფრო გაგვიმარტივდებოდა საუბარი. რადგან ახლა ვიწყებთ, ამ ეტაპზე რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა, რამდენიმე თვეში ვისაუბროთ, როცა უკვე შედეგები გამოიკვეთება.
_ არსებობს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა, ან მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე მუშაობა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი პედაგოგების აღზრდის პოლიტიკა?
_ მოგეხსენებათ, რომ ფუნქციონირებს მასწავლებლის სახლი, რომელიც შეუქცევად რეჟიმში, მუდმივი ციკლის სახით ემსახურება აბსოლუტურად უფასოდ სკოლებს და მასწავლებლებს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სწორედ ამ კვალიფიციური სისტემიდან გამომდინარე მოხდება 4 ეტაპად დაყოფა და შემდეგ შესაბამისი ხელფასების ზრდა, მე მინდა გითხრათ ექსკლუზიურად, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი იქნება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალი.